Facebook Twitter

ა-1771-ა-45-07 29 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: როზა ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განცხადების ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა იმ გარემოებებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ასევე რომელი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას ითხოვს განმცხადებელი.

2007 წლის 12 ნოემბერს კ. კ-მ წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა და მოითხოვა მისი განცხადების წარმოებაში მიღება, მაგრამ არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, იმ გარემოებებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.

საკასაციო პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კ. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და მიეცა 3-დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოსადგენად, იმ გარემოებებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითებით, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა.

2007 წლის 26 ნოემბერს კ. კ-მ განცხდებით მიმართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ განცხადების შეტანის ვადა მას არ დაურღვევია, რადგან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა მას ჩაბარდა 2007 წლის 15 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათაAგამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათაAგამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათაAგამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემობების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში კონსატანტინე კ-ს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა ჩაბარდა 2007 წლის 15 ივნისს, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანა 2007 წლის 16 ოქტომბერს, ე.ი. განცხადების შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. ამასთან, კ.კ-ე არ უთითებს თუ რომელი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას ითხოვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. კ-ის განცხადება განუხილველად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.