საქმე # 010100218700052018
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№44აპ-18 ქ. თბილისი
ბ-ა ლ 44აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ბ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ლ. ბ-ა, – დაბადებული ----–, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-ამ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ. ბ-ა მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით B---- და მოძრაობდა თ-ი, ს-ს ქუჩაზე, მეტროს სადგურ „ს-ს“ მხრიდან გ-ს დასახლების მიმართულებით. ს-ს ქუჩაზე № ელექტროგანათების ბოძის მიმდებარედ გადაადგილებისას მძღოლმა ლ. ბ-ამ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეით კ. ყ-ს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ბ-ამ და მისმა ადვოკატმა ლ. მ--ა. მათ ითხოვეს განაჩენის გაუქმება და ლ. ბ-ას გამართლება იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონოა და დაუსაბუთებელი, რადგან ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, კერძოდ – ვიდეოჩანაწერს (რომელიც წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია) და დაზარალებულის ჩვენებას, ასევე – მათზე დაყრდნობით გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას.
5. თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატამ საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ასათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ კ. ყ-ის ჩვენებით, თავად ლ. ბ-ას ჩვენებით, რომელსაც შეჯახების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 5 მაისის №9------ დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 30 ივნისის №0----- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 11 მაისის №6---- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი. ს-მ დაადასტურა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ლ. ბ-ას მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ საექსპერტო კვლევა ჩაატარა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც ერთობლივად, ვიდეოჩანაწერის გარეშეც, იძლეოდა მოცემული დასკვნის გაცემის საფუძველს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ბ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი