საქმე # 010100117002061748
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№49აპ-18 ქ. თბილისი
ს-ე მ. 49აპ-18 27 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორ პაატა ცეცხლაძეს, ბრალდებულ მ. ს-ესა და ადვოკატ გ. თ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, მ. ს-ე, – დაბადებული 1----–, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი იყო პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით.
4. მ. ს-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 10 ივლისიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. საჩივარში პროკურორი აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით მ. ს-ეს ძირითად სასჯელთან ერთად დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით, რაც 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით მსჯავრდებულს არ ჰქონდა შესრულებული. 2017 წლის 15 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის ა/რ-ის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 3 ივლისის წარდგინების საფუძველზე, მ. ს-ისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით, შეცვალა 1000–ლარიანი ჯარიმით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ. ს-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენის (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) გამოტანის დროისათვის ეს ფაქტი არ იყო ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენების გაუქმებას და მ. ს-ის სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენების გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ განაჩენის გამოტანის დროისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი, რომ მსჯავრდებულ მ. ს-ეს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჯარიმით შეეცვალა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიმართოს საჩივრით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა.
10. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულ მ. ს-ეს არ დაურღვევია საპროცესო შეთანმების პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ს-ისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ჯარიმით შეცვლა არ არის ის გარემოება, რომელიც გახდებოდა მსჯავრდებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი