Facebook Twitter

¹ა-1744-ა-48-07 3 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ვ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ქ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა და ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. ქ-ს მიმართ და მოითხოვა ბაბუის _ ვ. ქ-ს მიერ 1967 წლის 26 აგვისტოს მ. ლ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების, ქ. ქუთაისში, ... ქუჩა ¹102-ში მდებარე სახლის შვილიშვილისათვის ჩუქების ხელშეკრულების ანდერძთან გათანაბრება, ბაბუის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მისაღებად გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1966 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ქ-ს სარჩელი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისისა და 26 ივლისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინებით ვ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაზეც ვ. ქ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ვ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ვ. ქ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია საკასაციო სასამართლოს მითითება, რომ ვ.ქ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ვინაიდან განცხადებაზე თანდართული საფოსტო ქვითრით დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო საჩივარი კასატორმა ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 12 ივლისს, თუმცა დასახელებული გზავნილი შეცდომით გადაეცა საკასაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ვ. ქ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს ვ.ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ქ-ს საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 9 ივლისს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფოსტის ¹... ქვითრით კი ირკვევა, რომ კასატორმა ხარვეზის გამოსასწორებლად გზავნილი ფოსტას 2007 წლის 12 ივლისს ჩააბარა.

ვლ.ქ-ს მიერ გამოგზავნილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლომ მიიღო 2007 წლის 9 აგვისტოს, თუმცა იგი შეცდომით გადაეცა სხვა მოსამართლეს და მოცემული საქმის განმხილველ შემადგენლობასთან არ მოხვედრილა. კასატორს ხარვეზის შევსება შეეძლო 5 დღის განმავლობაში _ ამავე წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სწორად ჩათვალა, რომ საკასაციო პალატა მის საკასაციო საჩივარს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზით, განუხილველად არ დატოვებდა, თუ მას დროულად გადაეცემოდა ვ.ქ-ს მიერ 2007 წლის 12 ივლისს შეტანილი საკასაციო საჩივარი.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ქ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.