¹ა-1919-ა-49-07 12 დეკემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი – ი., ლ., ნ. და ჰ. მ-ები
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ე
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იპოთეკის უზრუნველყოფილ გ. დ-ის ვალდებულების 14 000 აშშ დოლარის დასაფარად გადაწყდა აწ გარდაცვლილი გ. მ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის (87,12 კვ.მ), რეალიზაცია აუქციონის გზით. სააღსრულებო ბიუროს კანონით დაევალა დადგენილი წესით უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე. გ. მ-ის უფლებამონაცვლეებს: ჰ., ნ., ლ. და ი. მ-ებს უარი ეთქვათ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
მ-ების საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი გ. დ-ის სესხის _ 14000 აშშ დოლარის გადახდის მიზნით აუქციონზე რეალიზებულ იქნა თბილისში, ... დასახლება 7 ქ. ¹21-ში მდებარე სახლთმფლობელობის ½1/2 ნაწილი, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი გ. მ-ის სახელზე.
2007 წლის პირველ ნოემბერს ი., ლ., ნ. და ჰ. მ-ებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვეს ახლად აღმოჩEნილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებზე, რომლითაც დადგენილია, რომ ლ. ჟ-მა 2000 წლის 27 სექტემბერს მოტყუებით გააფორმებინა აწ გარდაცვლილ გ. მ-ს ფულის გამსესხებელ გ. დ-სთან იპოთეკის ხელშეკრულება 15200 აშშ დოლარი სესხის უზრუნვესაყოფად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 424-ე მუხლების თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, სისხლის სამართლის საქმეზე თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
ამ მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობით დასაშვებია იმ ზოგიერთ გარემოებათა დამტკიცება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას. კერძოდ ასეთი მტკიცებულებებია: კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, აგრეთვე მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. მხედველობაშია მისაღები მხარეთა და მოსამართლის ისეთი კანონსაწინააღმდეგო და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, რომლის ზეგავლენითაც მოხდა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი., ლ., ნ. და ჰ. მ-ების მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციისა და საოლქო სასამართლოს განაჩენები ლ. ჟ-ის მიმართ ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვაინაიდან მითითებული ნორმის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ჩაითვლება ისეთი განაჩენი, რომლითაც დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნული განაჩენით დადგენილია ლ. ჟ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მითითებულ საქმეში არც მხარედ და არც წარმომადგენლად არ მონაწილეობდა, ხოლო მოწნააღმდეგე მხარის _ გ. დ-ის დანაშაულებრივი ქმედება ამ განაჩენით არ მტკიცდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი., ლ., ნ. და ჰ. მ-ების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.