საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-1220-ა-50-0 19 მარტი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – შ.პ.ს. ,,უ-ის” დირექტორი ი. გ-ჩია
გასაჩივრებული განჩინება –საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 30 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,უ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს.ს. ,,ს-ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის 20 299 ლარის დაკისრება.
ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,უ-ის” დირექტორის ი. გ-ჩიას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. ,,უ-მის” დირექტორმა ი. გ-ჩიამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით ი. გ-ჩიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. ,,უ-ის” დირექტორმა ი. გ-ჩიამ. მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება, ასევე ს.ს ,,ს-სთვის” 17000 ლარის და 30000 ბოთლი ს-ს მინერალური წყლის, თავისი ტარა-მასალით 1500 პლასტმასის ყუთით დაბრუნება.
საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზის შევსების ვადა.
2007 წლის 10 ივლისს შ.პ.ს. ,,უ-ის” დირექტორმა ი. გ-ჩიამ, განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ბაჟის შემცირება და მისი ნაწილ-ნაწილ გადახდის უფლების მიცემა.
საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით ი. გ-ჩიას გაუგრძელდა ხარვეზის ვადა და დაევალა განჩინებაში მითითებულ ვადაში სასამართლოსთვის ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება ჩაბარდა კასატორის შვილს მისთვის გადასაცემად 2007 წლის 24 ივლისს.(ს.ფ.378)
მხარეს განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადის უშედეგოდ გასვლის გამო საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ჩიას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს უზენაესს სასამართლოს საჩივრით მომართა შ.პ.ს. ,,უ-ის” დირექტორმა ი. გ-ჩიამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ამასთან საჩივარს თან დაურთო ბაჟის გადახდის დაადასტურებელი ქვითრის ასლი და მიუთითა, რომ ხარვეზი მის მიერ დროულად იქნა შევსებული.
საჩივრის პასუხად მხარეს განემარტა, რომ კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე მას შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ახლადDაღმოჩენილ გარემოებათა ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო.
2007 წლის 2 დეკემბერს ი. გ-ჩიამ საქართველოს უზენაესს სასამართლოს მომართა განცხადებით ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მტკიცებულებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით მხარეს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოსადგენად. მხარეს დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ბაჟის გადახდის ქვითარი, საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რის გამოც 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ჩიას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თუ რა შეიძლება გახდეს დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
აღნიშნული კოდექსის 421-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სასამართლოს მომართა 423-ე მუხლის ,,ვ”ქვეპუნქტის საფუძველზე ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე მითითებით.
423-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განცხადების ავტორი განმარტავს და შესაბამისად 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მან ხარვეზი შეავსო დადგენილი ვადის ფარგლებში, შესაბამის საბანკო ანგარიშზე გადაიხადა განსაზღვრული ბაჟის ოდენობა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტით გამოუგზავნა სასამართლოს. მტკიცებულების სახით კი სასამართლოს წარმოუდგინა ბაჟის გადახდის ქვითრის ასლი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოტივაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები რომელიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი ბაჟის გადახდის ქვითარი ვერ ადასტურებს მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მან ეს ქვითარი ჩააბარა საფოსტო განყოფილებას სასამართლოში გასაგზავნად. პალატა ვერ დაეყრდნობა მხარის მხოლოდ ზეპისიტყვიერ განმარტებას იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ქვითარი დაიკარგა გზაში და მისი ბრალის გარეშე ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე, რადგან რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ი. გ-ჩიას მიერ ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოსთვის გამოგზავნის ფაქტს მას საკასაციო პალატისთვის არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის მის დაკმაყოფილებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალტა თვლის რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ.პ.ს. ,,უ-ის” დირექტორის ი. გ-ჩიას განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.