Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ა-2287-ა-51-07 19 მარტი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელი მ. გ-ლაძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. კ-ისა და სხვათა ქონების უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად ცნობა, ამ ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.

გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით თამაზ ბალაშვილის, მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელ მ. გ-ლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელმა მ. გ-ლაძემ, მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და ჩათვალა, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა (სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, კერძოდ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დადგენილად ცნო, რომ მ. ა-ნს, ე. ჩ-ან-ა-ნს, ს. კ-ანს, ი. ა-ნს, ნ. კ-ნს, მ. დ-აძესა და მათ წარმომადგენელ მ. გ-ლაძეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (ს.ფ. ს.ფ.125, 126, 127,128,130,131), კერძოდ, მ. ა-ნს, ე. ჩ-ან-ა-ნს, ს. კ-ანს, ი. ა-ნსა და ნ. კ-ნს განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2007 წლის 5 ივლისს (ს.ფ.127,128,130,131), მ. დ-აძეს _ 2007 წლის 6 ივლისს (ს.ფ.126), მათ წარმომადგენელ მ. გ-ლაძეს კი 2007 წლის 9 ივლისს (ს.ფ.125). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან 2007 წლის 5-6 ივლისიდან.

ხოლო მ. გ-ლაძემ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა 2007 წლის 7 აგვისტოს (იხილეთ კონვერტი _ ს.ფ. 162), ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, იყო 2007 წლის 6 აგვისტო.

2007 წლის 19 ოქტომბერს მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელმა მ. გ-ლაძემ განცხადებით მომართა უაზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან აღნიშნული საჩივარი მან არა 2007 წლის 7 აგვისტოს, არამედ 2007 წლის 6 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შპს “ .. ..-ის” ქვითარი. შესაბამისად, მ. გ-ლაძემ აღნიშნული განცხადებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა შემოწმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელ მ. გ-ლაძის განცხადება დარჩა განუხილველი.

2007 წლის 28 დეკემბერს მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელმა _ მ. გ-ლაძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მას საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან აღნიშნული საჩივარი მან არა 2007 წლის 7 აგვისტოს, არამედ 2007 წლის 6 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შპს “ .. ..-ის” მიერ 19 დეკემბერს გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ მათ მიერ საკასაციო საჩივარი გაგზავნილ იქნა 2007 წლის 6 აგვისტოს, ხოლო კონვერტზე დასმული კალენდარული დამღა _ 7.08.07 რიცხვით არის ოპერატორის მექანიკური შეცდომა.

აღნიშნულის გამო მ. გ-ლაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელ მ. გ-ლაძის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს. მან უნდა წარუდგინოს განცხადების განმხილველ სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში.

განმცხადებელ მ. გ-ლაძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან აღნიშნული საჩივარი არა 2007 წლის 7 აგვისტოს, არამედ 2007 წლის 6 აგვისტოს გააგზავნა ფოსტის მეშვეობით, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შპს “ .. ..-ის” მიერ 19 დეკემბერს გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ მის მიერ საკსაციო საჩივარი გაგზავნილი იქნა 2007 წლის 6 აგვისტოს, ხოლო კონვერტზე დასმული კალენდარული დამღა _ 7.08.07 რიცხვით არის ოპერატორის მექანიკური შეცდომა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილი შპს “ .. ..-ის” ოპერატორის მიერ 2007 წლის 19 დეკემბერს გაცემული ცნობა არ აბათილებს კონვერტზე დასმულ კალენდარულ დამღას (ს.ფ.162) იმის თაობაზე, რომ მ. გ-ლაძემ საკასაციო საჩივარი არა 2007 წლის 7 აგვისტოს, არამედ 2007 წლის 6 აგვისტოს ჩააბარა. თუ კასატორი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნულ საფოსტო დამღას (ს.ფ. 162), ამის თაობაზე შეუძლია მიმართოს კანონით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებს, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელმა _ მ. გ-ლაძემ ვერ დაადასტურა, რომ მან საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შეიტანა, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-ნის, ე. ჩ-ან-ა-ნის, ს. კ-ანის, ი. ა-ნის, ნ. კ-ნისა და მ. დ-აძის წარმომადგენელმა _ მ. გ-ლაძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.