Facebook Twitter

ა-341-ა-6-08 14 მაისი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ც.გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ-შვილი

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.მ-შვილის სარჩელი ც. და ნ. გ-ძეების მიმართ ხაშურში, თავდადებულის ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ივლისის განჩინებით ც. და ნ. გ-ძეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ც. გ-ძემ, რაც იმავე სასამართლოს 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და განსახილვლად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. .. იანვრის განჩინებით ც. გ-ძის კერძო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისა საქმეთა სააპელაციო პალატის 20.. წ. .. ივლისის განჩინებაზე გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველად.

20.. წ. .. თებერვალს ც.გ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. 20 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ხაშურის რაიონული პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ პასუხისგებაში მისაცემი პირის – ნ.ყ-იანს გარდაცვალების გამო. აღნიშნული დადგენილებით დადგინდა, რომ ნ.ყ-იან მოტყუებით დაეუფლა ც.გ-ძის ფულს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.. წ. .. იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მოცემულ შემთხვევაში ც. გ-ძემ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებას, რომლითაც განუხილევლად დარჩა ც.გ-ძის კერძო საჩივარი, საფუძვლად უდევს არა განმცხადებლის მიერ მითითებული პროკურატურის დადგენილება, არამედ ხარვეზის შეუვსებლობა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, აღნიშნული დადგენილება ვერ გახდება განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც.გ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.