საქმე # 010100218700053283
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№65აპ-18 ქ. თბილისი
გ--ი რ, 65აპ-18 4 ივლისი 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით რ. გ-ი დაბადებული 1-----, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 14 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და რ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა 13 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· რ. გ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა – ვაზნები, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2017 წლის 15 იანვარს. ამავე დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, გ-ი, ა. წ-ს ქ. №---ში მდებარე ოფისში, რ. გ-მა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რამოდენიმეჯერ გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდსა და თავში სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა გ. გ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარეებმა. პროკურორი ზურაბ წერეთელი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ რ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ასევე – დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომის შეფარდებას სასჯელთა შეკრების ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
7. ადვოკატი კ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელებიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – მოწმეების ჩვენებებით, ბრალდებულის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, უტყუარად დასტურდება, რომ რ. გ-მა ნამდვილად ჩაიდინა გ. გ-ს განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
11. მოცემულ შემთხვევაში მხარეები ასაჩივრებენ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის პროპორციულობის, ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ რ. გ--ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების ან შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – ზურაბ წერეთლისა და მსჯავრდებულ რ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი