საქმე # 080100116002300088
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№79აპ-18 ქ. თბილისი
მ-ი მ. 79აპ-18 5 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – მ. მ-ისა და ნ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მ. მ-ი, – დაბადებული 1----–-, ნასამართლობის არმქონე, და ნ. მ-ი, – დაბადებული 1----–-, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრათ: მ. მ-ს – ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო ნ. მ-ს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით. გაუქმდა მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მა და ნ. მ-მა ჩაიდინეს ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ. მ-მა ქ-ი, ბ-ს ქ. №..--ში მდებარე მის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ჯ-ს, ლ. ხ-ა და ო. ჯ-ს, კერძოდ: ნ. ჯ-ს მუშტი დაარტყა სახეში, რითაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ. მ-მა ნ. მ-თან ერთად სცემა დაზარალებულებს – ლ. ხ-ა და ო. ჯ-ს. მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ. ხ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ო. ჯ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2016 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნ. მ–მა ქ-ი, ბ-ს ქ. №..--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ აივანზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ო. ჯ-ს, ლ. ხ-ა და ლ. ჯ-ს, კერძოდ: ო. ჯ-ს მუშტი დაარტყა შუბლის არეში და მ. მ-თან ერთად სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის გამოც ო. ჯ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ნ. მ-მა მ. მ-თან ერთად სცემა ლ. ხ. სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო ლ. ჯ-ს ნ. მ-მა ფეხი ჩაარტყა ზურგში, რის გამოც ლ. ხ.მ და ლ. ჯ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი,
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ--ა. მან ითხოვა მ. და ნ. მ-ების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდა მითითებული, კერძოდ: სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო დასაკითხ პირთა სიიდან – ექსპერტი მ. ნ-ე; ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ. და ნ. მ-ებისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, პირიქით, სწორედ ისინი არიან დაზარალებულები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვისათვის საჭირო არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. დაზარალებულების – ლ. ხ. ლ. ჯ-ს, ნ. ჯ-სა და ო. ჯ-ს, მოწმეების – თ. ჯ-ს, ნ. კ-ს, მ. გ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 27 ოქტომბრის №0---, №----, №--- და №---- დასკვნებით, რომელთა სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ. გ-მ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული მ. მ-ისა და ნ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას არ დარღვეულა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული, თავის ნუსხაში შეეტანა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, რომლებსაც გამოიკვლევდნენ სასამართლო სხდომაზე, ხოლო დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანა ექსპერტი მ. ნ-ე, რომელიც ასევე დაიკითხებოდა მხარეთა მონაწილეობით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების – მ. მ-ისა და ნ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი