Facebook Twitter

#393აპ.-17 ქ. თბილისი

ჯ-ე რ. 393ap.-17 3 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ დავით სიმონიას

მსჯავრდებულების _ რ. ჯ-ის, ლ. ა-ის, დ. ა-ის, ბ. ა-ის, გ. გ-სა და ა. გ-ის

ადვოკატების - ა. ა-ის, ს. ბ-ის, მ. რ-სა და ო. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების - ბ. ა-ის, გ. გ-სა და ლ. ა-ის; მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატების - ა. ა-სა და ს. ბ-ის; მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ადვოკატის - ს. ბ-ის; მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატების - ო. გ-ისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების არსი:

1.1.კ. ფ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი

რ. ჯ-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” , ,,გ” ქვეპუნქტებით.

ლ. ა-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით.

რ. ჯ-ისა და ლ. ა-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.ქ-ში, შ-ოს ქუჩის №20-ში არსებულ გაზგასამართ სადგურ შპს „-ას“ ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღების მსგავსი საგნებითა და დანით შეიარაღებული, ქურდობისათვის ნასამართლევი რ. ჯ-ე, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ძარცვისათვის ნასამართლევი ლ. ა-ე და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი თავს დაესხნენ გაზგასამართი სადგურის მფლობელს, კ. ფ-ეს. თავდამსხმელებმა დაზარალებულს სცემეს ხელებითა და ფეხებით, თავში ჩაარტყეს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის კონდახი, რითაც მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მისგან გაიტაცეს 1175 ლარი, 6300 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი, 1100 ლარად ღირებული ოქროს ჯვარი, "სეიკოს" ფირმის 1000 ლარად ღირებული საათი, "რეიბანის" ფირმის 10 ლარად ღირებული სათვალე, "ნიკეს" ფირმის 100 ლარად ღირებული ფოტოაპარატი მეხსიერების ბარათთან ერთად, "სამსუნგის" ფირმის 480 ლარად ღირებული ტელეფონი სიმბარათებთან ერთად, მობილური ტელეფონის 70 ლარად ღირებული დამტენი და 25 ლარად ღირებული ყურსასმენი, "ორიენტის" ფირმის 100 ლარად ღირებული საათი, "ბილაინის" 35 ლარად ღირებული მოდემი, ავტომობილის 100 ლარად ღირებული გასაღები, 60 ლარად ღირებული ტყავის საფულე, სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები და პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი, სულ - 10640 ლარზე მეტად ღირებული ქონება, რითაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

1.2. რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი

რ. ჯ-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით.

ა. გ-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით.

ლ. ა-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით.

დ. ა-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით.

გ. გ-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ”გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით.

ბ. ა-ეს ბრალი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისათვის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ”, ”გ” ქვეპუნქტებით.

რ. ჯ-ის, ა. გ-ის, ლ. ა-ის, დ. ა-ის, გ. გ-ისა და ბ. ა-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის აგვისტოში დ. ა-ე, გ. გ-ე, ბ. ა-ე, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ძარცვისათვის ნასამართლევი ლ. ა-ე, ქურდობისათვის ნასამართლევები _ რ. ჯ-ე და ა. გ-ე დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მოილაპარაკეს, რომ დიდი ოდენობით ქონების (ფულის, ძვირფასეულობის, ავტომანქანის) მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად დასხმოდნენ თავს -ის რაიონის სოფელ მ-ში მცხოვრებ რ. ხ-ას ოჯახს. შეუთანხმდნენ ერთმანეთს ყაჩაღობის ჩადენის დეტალებზე და 2015 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 24:00 საათზე, რ. ჯ-ე და მისი თანამზრახველები, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, უცხოური წარმოების დაუდგენელი ავტომანქანით ჩავიდნენ -ის რაიონის სოფელ მ-ში, რის შემდეგ ფეხით მივიდნენ რ. ხ-ას საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ტერიტორიაზე და დაელოდნენ ხელსაყრელ მომენტს დანაშაულის ჩასადენად. 2 სექტემბრის დაახლოებით 4 საათზე, მას შემდეგ, რაც ოჯახის ხანდაზმული წევრები _ რ. ხ-ას მშობლები სახლიდან გავიდნენ საოჯახო საქმეების გამო, თავზე ნიღაბჩამოცმული და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რ. ჯ-ე სახლის წინა მხარეს არსებული ღია ფანჯრიდან შევიდა სახლში, შიგნიდან გაუღო სახლის შესასვლელი კარი სხვა თანამზრახველებს, რის შემდეგაც მათ შეაღწიეს რ. ხ-ასა და მისი მეუღლის _ ნ. ბ-ას საძინებელ ოთახში და მოკვლის მუქარით თავს დაესხნენ მათ, ამასთან, მოსთხოვეს ფულისა და ძვირფასი ნივთების გადაცემა. იმის გამო, რომ რ. ხ-ა შეეცადა თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, რ. ჯ-ემ და მისმა თანამზრახველებმა სცემეს მას, ხოლო შემდეგ თოკით შეუკრეს პირი და გაუკრეს ხელ-ფეხიც. ვინაიდან რ. ხ-ა და ნ. ბ-ა მოექცნენ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხის ქვეშ, იძულებული გახდნენ, თავდამსხმელებისათვის გადაეცათ ოჯახის კუთვნილი ნივთები _ სხვადასხვა დასახელების ოქროს ძვირფასთვლიანი და ვერცხლის სამკაულები, „აიფონის“ მოდელის ორი მობილური ტელეფონი, სულ ღირებული - 23 640 ლარად, ასევე საცხოვრებელი სახლის ეზოდან თავდამსხმელებმა გაიტაცეს 11000 აშშ დოლარად, ანუ 25900 ლარად ღირებული „VOLKSWAGEN PASSAT CC” მოდელის, -- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა. დიდი ოდენობით ქონების დაუფლების შემდეგ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ყაჩაღობის პროცესში განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად რ. ხ-ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

1.3 ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ეპიზოდი

რ. ჯ-ეს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

ა. გ-ეს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

რ. ჯ-ისა და ა. გ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რ. ჯ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ კალიბრიანი ”SIG SAUER P239” მოდელის №-- მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი), რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.ქ-ში, … გამზირის №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში.

რ. ჯ-ე ქ. ქ-სა და საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ 9 მმ კალიბრიან ”SIG SAUER P239” მოდელის №- მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღს, რაშიც პოლიციის მუშაკებმა ამხილეს 2015 წლის 5 სექტემბერს, ქ.ქ-ში, -ის ქ. მე- შესახვევის №-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის სათავეში აღმოაჩნდა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი.

ა. გ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 7,62 მმ კალიბრიანი ”ნაგანის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი (რევოლვერი) სამი საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

ა. გ-ე ქ.ქ-სა და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ 7,62 მმ კალიბრიან ”ნაგანის” მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს სამი საბრძოლო ვაზნით, რაშიც პოლიციის მუშაკებმა ამხილეს 2015 წლის 5 სექტემბერს, ქ.ქ-ში, ბ-ის ქ.მე- შესახვევის №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის სათავეში აღმოაჩნდა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი.

1.4. სხვისი ნივთის განადგურების ეპიზოდი

რ. ჯ-ეს ბრალი დაედო სხვისი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რ. ჯ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 2 სექტემბერს, რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის პროცესში, რ. ჯ-ემ ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გატეხა (დააზიანა) რ. ხ-ას კუთვნილი ”ASUS”-ის ფირმის ”X53U-SX197D” მოდელის პორტატული კომპიუტერი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 270 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.5 სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ეპიზოდი

რ. ჯ-ეს ბრალი დაედო სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რ. ჯ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 2 სექტემბერს, რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, როდესაც რ. ჯ-ე თანამზრახველებთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. ხ-ას კუთვნილ 11000 აშშ დოლარად, ანუ 25900 ლარად ღირებულ „VOLKSWAGEN PASSAT CC” მოდელის, …. სახელმწიფო ნომრის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, -ოს რაიონის სოფელ მ-ის ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული ავტომანქანით მოძრაობისას ვერ შეძლო საჭის დამორჩილება, შეეჯახა საავტომობილო გზის გვერდულზე არსებულ ბეტონის მასას და გაუფრთხილებლობით დააზიანა რ. ხ-ას ოჯახიდან გატაცებული ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 450 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.6. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ეპიზოდი

ლ. ა-ეს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ლ. ა-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ლ. ა-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,0997 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2015 წლის 5 სექტემბერს, ქ.-ში, კ-ას ქ. №-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ლ. ა-ეს შარვლის წინა, მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განაჩენით:

რ. ჯ-ე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

რ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და რ. ჯ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ. ჯ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. ასევე დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარი.

მსჯავრდებულ რ. ჯ-ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2015 წლის 5 სექტემბრიდან.

ა. გ-ე, - ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ა. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

მსჯავრდბულ ა. გ-ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2015 წლის 5 სექტემბრიდან.

გ. გ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

მსჯავრდებულ გ. გ-ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2015 წლის 9 სექტემბრიდან.

ბ. ა-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

მსჯავრდებულ ბ. ა-ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2016 წლის 25 თებერვლიდან.

დ. ა-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

მსჯავრდებულ დ. ა-ეს 2015 წლის 5 სექტემბრიდან 2015 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2016 წლის 19 აპრილიდან.

ლ. ა-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. ა-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

მსჯავრდებულ ლ. ა-ეს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2015 წლის 5 სექტემბრიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება მხოლოდ ლ. ა-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, კერძოდ, ლ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ლ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ლ. ა-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ. ა-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ლ. ა-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ ლ. ა-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

მსჯავრდებულ ლ. ა-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2015 წლის 5 სექტემბრიდან.

4.საკასაციო საჩივრების არსი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ბ. ა-ემ, გ. გ-ემ და ლ. ა-ემ; მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატებმა - ა. ა-მა და ს. ბ-მა; მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ადვოკატმა - ს. ბ-მა; მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატებმა - ო. გ-ემ და მ. რ-ემ.

4.1. მსჯავრდებულმა გ. გ-ემ ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა ერთადერთი მტკიცებულება _ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გ. გ-ის დედის, ქ. ვ-ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში და 2015 წლის 5 სექტემბერს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „ბენდენაზე“ არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ქ. ვ-ის, ანუ გ. გ-ის გენეტიკური პროფილისა. გ. გ-ე კატეგორიულად უარყოფს შემთხვევის დღეს რ. ხ-ას ოჯახში ყოფნისა და ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტს.

4.2. მსჯავრდებულმა ბ. ა-ემ ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შინაარსიდან იკვეთება, რომ ბ. ა-ის დედის, ი. გ-ისაგან აღებული ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტზე არსებული სისხლის ლაქების გენეტიკური პროფილი იდენტურია ი. გ-ის შვილის, ანუ ბ. ა-ის გენეტიკური პროფილისა. სწორედ ეს ერთადერთი მტკიცებულება დაუდო საფუძვლად გამოძიებამ ბ. ა-ის მიმართ უსაფუძვლო ბრალის წარდგენას, რაც შემდგომში გახდა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის დადგენის წინაპირობა. ბ. ა-ე კატეგორიულად უარყოფს შემთხვევის დღეს რ. ხ-ას ოჯახში ყოფნისა და ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტს.

4.3. მსჯავრდებულმა რ. ჯ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ბ-მა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვეს რ. ჯ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ქ.ქ-ში, -ოს ქუჩაზე არსებული გაზგასამართი სადგომის, შპს „-ას“ ეზოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სასამართლომ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნები, რადგან სხვა მტკიცებულებები საქმეში არ ყოფილა და მხოლოდ ეს გახდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებები, რომ დაზარალებულ კ. ფ-ის განმარტებით, ნიღბები, რომლებიც თავდამსხმელებს ეკეთათ, იყო თხელი ქსოვილის და არა ნაქსოვი ქუდები, რომლებიც გაგზავნილი იყო საექსპერტო კვლევისათვის. კ. ფ-ის ტანსაცმელი და ხამუტი, რომლებზეც აღმოჩნდა ბრალდებულების დნმ-ები, ექსპერტის დასკვნის თანახმად, არ იყო კანონის შესაბამისად დალუქული და მოთავსებული იყო ჩვეულებრივი ფაილის ცელოფანში, რის გამოც ლ. ა-ისა და რ. ჯ-ისაგან აღებულ 10 მლ სისხლს აკლდა 2 მლ სისხლი, რომელიც გაიხარჯა კ. ფ-ის მაისურის და ხამუტის დასასვრელად. რაც შეეხება სიგარეტის ნამწვავებზე აღმოჩენილ დნმ-ს, მისი გაზიარება არ შეიძლება, რადგან არ არის სარწმუნო, რომ ყაჩაღები თან სიგარეტს ეწეოდნენ, თან კ. ფ-ეს სცემდნენ და თან ნივთებს აწყობდნენ. რ. ჯ-ე აწამეს პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც მოაწერინეს ხელი აღიარებით ჩვენებაზე და წაიყვანეს ხონში საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის. სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულ რ. ხ-ას ჩვენება ბრალდებულების ამოცნობასთან დაკავშირებით, რისი გაზიარებაც არ შეიძლებოდა, ვინაიდან, მოწმე ნ. ბ-ის ჩვენების თანახმად, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა მას და მის შვილს _ რ. ხ-ას დაკავებულების ფოტოები აჩვენეს, მათ ვერცერთი ვერ ამოიცნეს. სასამართლომ ასევე გაიზიარა სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერების შესახებ ინფორმაცია, საიდანაც ვერ დგინდება, თუ ვინ ფლობდა კონკრეტულად იმ დღეს აღნიშნულ სატელეფონო ნომრებს ან რის თაობაზე მიმდინარეობდა საუბარი.

4.4. მსჯავრდებულმა დ. ა-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. ა-მა და ს. ბ-მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს დ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

პირველი ინსტანციის სასამართლო დ. ა-ის მსჯავრდების ნაწილში დაეყრდნო მხოლოდ ორ მტკიცებულებას, რომელთაგან ერთი – სატელეფონო საუბრები ირიბი მტკიცებულებაა, რომლითაც დგინდება, რომ დ. ა-ე იცნობდა ლ. ა-ესა და გ. გ-ეს. მეორე მტკიცებულება არის რ. ხ-ას ეზოში 2015 წლის 24 ოქტომბერს აღმოჩენილი პოლიეთილენის პარკში ჩაწყობილი სამოსი: შარვალი, მაისური, ქამარი, კედები, წინდები და ლურსმნები, რომელთაგან მხოლოდ შარვალსა და მაისურზე აღმოჩენილი დნმ დაემთხვა დ. ა-ის დნმ-ს. კედებსა და წინდებზე აღმოჩენილი დნმ კი არცერთი ბრალდებულის დნმ-ს არ დამთხვევია. აღნიშნული მტკიცებულების სასამართლოში გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ პარკები იყო ტალახიანი და ძალიან დასვრილი. ამასთან, პარკი იყო გახეული და დაზიანებული, მაგრამ მასში მოთავსებული მაისური იყო აბსოლუტურად სუფთა, ლაქების გარეშე, უფრო მეტიც, ახალი და ჩაუცმელი. ამასთან, პარკში მოთავსებული შარვალი და ქამარი არ იყო დ. ა-ის ზომისა, შესაბამისად, ვერ იქნებოდა მისი საკუთრება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა დ. ა-ის დნმ შარვალსა და მაისურზე, ეს აიხსნება იმით, რომ სანამ მასთან ექსპერტები მივიდოდნენ საკვლევი ნიმუშების ასაღებად, მანამდე პოლიციელები ცემისაგან ღონემიხდილს პირში სტენიდნენ დოლბანდებს. ზემოაღნიშნული ცელოფანიც სწორედ მაშინ აღმოაჩინა ნ. ბ-ემ ეზოში, როდესაც ის პოლიციელებმა ჩააგდეს იქ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 55 დღის განმავლობაში მას აუცილებლად შეამჩნევდა ვინმე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პერიოდის მანძილზე შემთხვევის ადგილი ორჯერ დათვალიერდა, მათ შორის ერთხელ საპოლიციო ძაღლის მეშვეობით.

4.5. მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატებმა - ო. გ-ემ და მ. რ-ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ა. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სასამართლომ ცალმხრივად გააანალიზა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, განზრახ აარიდა თავი დაცვის მხარის სასარგებლო მტკიცებულებათა ანალიზს და დამაჯერებლად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მხოლოდ ვარაუდზეა აგებული. სიმართლეს არ შეესაბამება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლის _ გ. ფ-ის ჩვენება იმის შესახებ, რომ თითქოს, ა. გ-ე შეეცადა გაქცევას და ამიტომ დააგდეს ასფალტზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. სინამდვილეში იარაღმომარჯვებულმა პოლიციელებმა მანქანის გაჩერებისთანავე თვითონვე გააღეს მანქანის კარი, გადმოათრიეს მანქანიდან და დააგდეს ასფალტზე სახით ძირს, რის შემდეგაც რაღაც ნივთები ჩაუდეს ჯიბეებში. ბრალდების მხარის მტკიცებით, მისგან ამოიღეს მოვერცხლისფრო ყელსაბამი, რევოლვერი და 3 ცალი ვაზნა, რაც არასწორია, ვინაიდან აღნიშნული ნივთები მას არ ჰქონია და ისინი პოლიციის მუშაკებმა ჩაუდეს. საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ცეცხლსასროლ იარაღებსა და ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, ა. გ-ისგან ამოღებული ძეწკვიც გახსნილი და დაულუქავია. მას არც ყაჩაღობაში მიუღია მონაწილეობა და არც ყელსაბამი გაუტაცებია. 2015 წლის 3 სექტემბერს მიცემულ ჩვენებაში ნ. ბ-ას საერთოდ არ უხსენებია, რომ მისი სახლიდან გატაცებული იყო მოვერცხლისფრო ყელსაბამი თვლებით, რაც იმას ადასტურებს, რომ აღნიშნული ყელსაბამი გატაცებული არ ყოფილა და იგი გამოძიებამ გამოიყენა იმისათვის, რომ შემდგომში მისთვის დაემტკიცებინათ დანაშაულში თანამონაწილეობა. რაც შეეხება მის მიერ ოქრომჭედელ ე. კ-ისთვის მიტანილ ოქროს ნივთებს, ისინი გადასცა რ. ჯ-ემ, რომელმაც უთხრა, რომ ეს ნივთები იყო მისი ოჯახის საკუთრება და სურდა მათი გაყიდვა, რაშიც დახმარება სთხოვა მას. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს და მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვნილ ინფორმაციას, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბერს ის სტუმრად იმყოფებოდა რ. ჯ-ესთან და მობილური ტელეფონი მასთან დარჩა.

4.6 მსჯავრდებულმა ლ. ა-ემ წარმოდგენილი საჩივრით ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

კ. ფ-ზე ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმაში მას მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება კ. ფ-ის მაისურზე არსებულ სისხლის კვალს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ლ. ა-ის გენეტიკური პროფილისა, იგი მისი დაკავების შემდგომ ექსპერტთან მიტანამდე არის დატანილი მაისურზე, რაც იმით დასტურდება, რომ ნიმუშისთვის სპეციალისტებმა მას აუღეს 10 მგ სისხლი, ხოლო ექსპერტიზაზე წარადგინეს 8 მგ.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ, თითქოსდა, მისი (ლ. ა-ის) საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა ” NOKIA-ს” ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, რომელზე არსებული იმეიკოდი იდენტური აღმოჩნდა დაზარალებულ ნ. ბ-ას მიერ თავისი დისთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონის იმეიკოდისა. საყურადღებოა, რომ ნ. ბ-ას განმარტებით, ტელეფონის ცარიელი ყუთის გატაცების შესახებ გაახსენდა მხოლოდ 5 სექტემბერს, ე.ი. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებისა და მისი დაკავების დღეს, ხოლო 2015 წლის 3 სექტემბერს დაკითხვისას მას გატაცებულ ნივთებს შორის ტელეფონის ყუთი არ დაუსახელებია, რაც იმას ადასტურებს, რომ ის არც ყოფილა გატაცებული და გამოძიებამ გამოიყენა მხოლოდ იმისათვის, რომ შემდგომ მისთვის დაემტკიცებინა დანაშაულში თანამონაწილეობა.

5. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ბ. ა-ისა და გ. გ-ის, მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ადვოკატის - ს. ბ-ის, მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატების - ო. გ-ისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატების - ა. ა-სა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება ლ. ა-ისა და დ. ა-ის მსჯავრდების ნაწილში.

1. კ. ფ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი

1.1 საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას კ. ფ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში რ. ჯ-ისა და ლ. ა-ის ბრალეულობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

1.2. დაზარალებულ კ. ფ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ.ქ-ში, -ოს ქ.№-ში მდებარე შპს ”-ს” გაზგასამართ სადგურში. 2015 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში. როდესაც სახლში წასვლას აპირებდა, ამ დროს კლიენტმა დაურეკა და გადაწყვიტა მას დალოდებოდა, რის გამოც წამოწვა იქვე ხის ძირში მდგარ რკინის საწოლზე და ჩაეძინა. უცებ ცემამ გააღვიძა და დაინახა, რომ მისკენ პისტოლეტმომარჯვებული კაცი მირბოდა. ჩათვალა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგან უკვე უყურებდა ნიღბიან ხალხს, რომლებიც მას ურტყამდნენ. მისი ვარაუდით, თავდამსხმელები იყვნენ ხუთნი, რომელთაგან თვითონ სამს ხედავდა. აქედან 2 იყო დაბალი აღნაგობის, ხოლო ერთი კი - დანარჩენებზე მაღალი. ისინი ეუბნებოდნენ, რომ უკან არ მიეხედა, თორემ ცოცხალს არ დატოვებდნენ. ყველას ნიღბები და ხელთათმანები ეკეთა. მათ იგი მიწაზე დააწვინეს გულდაღმა, თავთან პისტოლეტი დაუგდეს დაშინების მიზნით და გულის წასვლამდე სცემეს, შემდეგ წყალი დაასხეს და წავიდნენ. თავდამსხმელებმა მისგან გაიტაცეს ფულადი თანხა, ოქროს ძეწკვი თავისი ჯვრით, შვეიცარიული წარმოების მექანიკური საათი, ,,SAMSUNG”-ის ფირმის მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები, რითაც სულ 10 800 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს. როდესაც აზრზე მოვიდა, ხელები პლასტმასის ხამუტებით ჰქონდა გაკოჭილი, ხოლო პირი კი - ”სკოჩით” აკრული. ხელი რომ აიშვა, ამ დროს ორი ნიღბიანი დაბრუნდა. ისინი დიდი ზომის შავტარიან დანას ეძებდნენ, რომელიც შემთხვევის ადგილზე დარჩათ, მაგრამ რომ შეხედეს, მას ხელი ჰქონდა გათავისუფლებული და ფეხზე იყო წამომდგარი, უკან გაბრუნდნენ, რის შემდეგაც თვითონ აიღო ეს დანა და ვინაიდან მანქანის გასაღები ვერ იპოვა, ფეხით გაემართა ა-ის დასახლების კორპუსებისკენ დახმარების სათხოვნელად. იგი მალე შეამჩნიეს და მის ირგვლივ ხალხი შეგროვდა, რომლებიც ცდილობდნენ მის დახმარებას. ამ დროს ერთი ცალი ხამუტი ისევ ხელზე ეკეთა, ხოლო კისერზე ”სკოჩი” ჰქონდა შემოვლებული. მალე სასწრაფო დახმარებაც მივიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1.3. მოწმე მ. გ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს ძმასთან ერთად იმყოფებოდა ქ.ქ-ში, ა-ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თხების გადმოსარეკად. როცა უკან ბრუნდებოდნენ, შენიშნა, რომ გაზგასამართი სადგურის შესასვლელი ჭიშკრის წინ იდგა 4 მამაკაცი, რომლებსაც მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვათ და სახე დაფარული ჰქონდათ. ისინი სიგარეტს ეწეოდნენ და მზერა სადგურის შიდა ტერიტორიისაკენ ჰქონდათ მიპყრობილი. იგი დაინტერესდა, ვინ იყვნენ ისინი და მათი მიმართულებით წავიდა. აღნიშნულმა პირებმა დაინახეს თუ არა, დაუწყეს გინება და უბრძანეს გასცლოდა იქაურობას. ამის გამო უკან გამობრუნდა, იქვე არსებულ ბეტონის ფილას ამოეფარა და იქიდან აკვირდებოდა მათ. ერთ-ერთი მათგანი დანარჩენებზე მაღალი და სუსტი იყო, მას სახე არ უჩანდა და ხელში არაფერი ეჭირა, მუხლთან კი მიმაგრებული ჰქონდა შავ ბუდეში ჩადებული დანა. ერთი იყო მასზე დაბალი და სუსტი, დანარჩენი ორი კი - ასევე დაბლები და შედარებით მსუქნები. მამაკაცები ჭიშკრიდან ეზოში შევიდნენ, საიდანაც 10 წუთში უკან გამობრუნდნენ, გადაიარეს არხი და საით წავიდნენ, აღარ დაუნახავს.

1.4. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ. გ-ამ მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატრებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც.

1.5. მოწმე ჯ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს ქ.ქ-ში, -ის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულზე, საიდანაც კარგად ჩანს მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, შ-ოს ქუჩის ნაწილი. 2015 წლის 25 აგვისტოს თავისი საცხოვრებელი ბინის აივნიდან დაინახა ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც შ-ოს ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის მხრიდან მორბოდნენ და შენობებს მიეფარნენ. მალევე დაინახა მათი ბინის მიმართულებით მომავალი კ. ფ-ე, რომელიც ითხოვდა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახებას. ეზოში ჩასულმა ნახა, რომ იგი დასისხლიანებული იყო, კისერზე წებოვანი ლენტი ჰქონდა შემოხვეული, ხელზე პლასტმასის შესაკრავი ეკეთა და ჰყვებოდა, რომ მას თავს დაესხნენ ყაჩაღები. ამ დროს კ. ფ-ეს ხელში ეჭირა დანა, რომელიც თავდამსხმელებს დარჩათ შემთხვევის ადგილზე.

1.6. მოწმე ლ. შ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2015 წლის 25 აგვისტოს მისი საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა დაშავებული კ. ფ-ე, რომელსაც იცნობდა გაზგასამართი სადგურიდან. მას ხელში ეჭირა დიდი ზომის დანა და ამბობდა, რომ ეს დანა თავდამსხმელებს დარჩათ, რომლებიც მას დაესხნენ ყაჩაღურად თავს და ფული და ძვირფასეულობა გასტაცეს. იგი ასევე ჰყვებოდა, რომ თავდასხმისას ძლიერად სცემეს და თავში ჩაარტყეს პისტოლეტი. მალე სასწრაფო დახმარება და პოლიციაც მივიდა, რის შემდეგაც კ. ფ-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1.7. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ. შალამბერიძის მიერ 2015 წლის 25 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ.ქ-ში, შ-ს ქუჩა №-ში, შპს „-ას“ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენდა თხევადი გაზის გასამართ სადგურს, საიდანაც დათვალიერებისას ამოიღეს: სისხლისმაგვარი ლაქები, ხამუტები და სანთებელა, ერთი ხამუტი მოწითალო ლაქებით, სისხლისმაგვარი მოწითალო ლაქები, გასაღებების ასხმა, ექვსი ღერი სიგარეტის ნამწვი, წებოვანი ლენტის რგოლი, ხელის ერთი კვალი, ცელოიდის ბოთლი, პატარა ზომის ბალიში, 2 შავი ქუდი, ხელთათმანები და სუნის კვალი, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და მოხდა ფოტოგადაღება. ლ. შ-ემ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

1.8. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ პ. ხ-ას მიერ 2015 წლის 25 აგვისტოს შედგენილი დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ კ. ფ-ემ წარმოადგინა დიდი ზომის შავტარიანი დანა, რომლის ტარსაც შემოკრული ჰქონდა წებოვანი, გამჭვირვალე ლენტი, თავისი შავი ქარქაშით. კ. ფ-ის განმარტებით, ეს იყო დანა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დარჩათ თავდამსხმელებს. მანვე წარმოადგინა მოყავისფრო წებოვანი ლენტი და თეთრი ცელოიდის დამჭერი, ე.წ. „ხამუტი“, ასევე ტანსაცმელი, რომელიც ეცვა თავდასხმის დროს _ მოლურჯო ჯინსის შარვალი, რომელზეც აღინიშნებოდა მიწისა და ბალახის ფრაგმენტი; მოლურჯო მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნებოდა მიწის ფრაგმენტები. პ. ხ-ამ დაადასტურა მის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის სისწორე.

1.9. სამედიცინო ექსპეტიზის №- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ. გ-ემ, დადგენილია, რომ კ. ფ-ეს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

1.10. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №- დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ქ. ქ-მა, დადგენილია შემდეგი:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ე.წ. „ხამუტზე“ არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია და ეკუთვნის ორ პირს, კერძოდ, მაჟორული წილი იდენტურია რ. ჯ-ის სისხლის ნიმუშის გენეტიკური პროფილის, ხოლო მინორული წილი იდენტურია კ. ფ-ის გენეტიკური პროფილის.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ერთ-ერთ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია რ. ჯ-ის გენეტიკური პროფილის, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ლ. ა-ის გენეტიკური პროფილის.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ერთ-ერთ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი იდენტურია რ. ჯ-ის გენეტიკური პროფილის.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ერთ-ერთ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ლ. ა-ის გენეტიკური პროფილის.

კ. ფ-ის მიერ წარმოდგენილ ე.წ. ,,წებოვან ლენტზე“ მიკრული თმის გენეტიკური პროფილი იდენტურია რ. ჯ-ის გენეტიკური პროფილის.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ შავი ფერის ნაქსოვ ქუდზე, ორი ნახვრეტით, არსებული თმის გენეტიკური პროფილი იდენტურია რ. ჯ-ის გენეტიკური პროფილის.

კ. ფ-ის მიერ წარმოდგენილ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ლ. ა-ის გენეტიკური პროფილის.

1.11. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდებულების კუთვნილ სააბონენტო ნომრებზე 2015 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და დამაკავშირებელი მომსახურე ანძების შესახებ დეტალური ინფორმაციითა და მისი დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს, კ. ფ-ეზე ყაჩაღური თავდასხმის პერიოდში, რ. ჯ-ის და ლ. ა-ის მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრები 5---- და 5---- დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის მომსახურე ანძების დაფარვის ზონაში.

1.12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდში რ. ჯ-ისა და ლ. ა-ის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ე.წ. „ხამუტზე“ აღმოჩნდა რ. ჯ-ისა და კ. ფ-ის სისხლი, სიგარეტის ნამწვებზე _ რ. ჯ-ისა და ლ. ა-ის ბიოლოგიური მასალები, ნაქსოვ ქუდზე ორი ნახვრეტით _ რ. ჯ-ის თმა, დაზარალებულ კ. ფ-ის მიერ წარმოდგენილ წებოვან ლენტზე აღმოჩნდა როგორც კ. ფ-ის სისხლი, ასევე რ. ჯ-ის თმა, ხოლო მის მიერვე წარმოდგენილ მაისურზე, რომელიც მას ეცვა მასზე ყაჩაღური თავდასხმის დროს, აღმოჩნდა ლ. ა-ის სისხლი), მოწმე მათე განუგრავას ჩვენება (რომელმაც დაადასტურა, რომ თავდამსხმელები ეწეოდნენ სიგარეტს) და სატელეფონო ზარებისა და მომსახურე ანძების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საიდანაც ირკვევა, რომ კ. ფ-ზე ყაჩაღური თავდასხმის პერიოდში რ. ჯ-სა და ლ. ა-ის სააბონენტო ნომრები დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის მომსახურე ანძების დაფარვის ზონაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროისათვის ისინი სწორედ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ) ზემომითითებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. ჯ-სა და ლ. ა-ის დამნაშავედ ცნობისათვის.

1.13. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ადვოკატის - ს. ბ-სა და მსჯავრდებულ ლ. ა-ის პოზიციას იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ისარგებლეს ბრალდებულების მიერ პოლიციის განყოფილებაში მოწეული სიგარეტის ნამწვებით, რომლებითაც შეცვალეს ნივთიერი მტკიცებულება და რომ კ. ფ-გან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე მათი სისხლი დატანილ იქნა მათთვის აღებული ნიმუშებიდან; ასევე, რ. ჯ-ის თმაც ხელოვნურად მოახვედრეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიღაბზე, ვინაიდან ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც აღმოჩნდა რ. ჯ-ის თმა, მისი და ლ. ა-ის სისხლი და ბიოლოგიური მასალა, მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთმტკიცებები ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით. კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა აღებული ბრალდებულებისგან სისხლის ნიმუშები, რომლებიც ადგილზევე დაილუქა მათი თანდასწრებით. აღნიშნული ნივთმტკიცებები და ნიმუშები ასეთივე დალუქული სახით გაიგზავნა საექსპერტო კვლევისათვის და როგორც ექსპერტიზის დასკვნებიდან ირკვევა, ექსპერტიზაზე წარდგენისას ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს ეჭვს მათით ბოროტად სარგებლობის, მათი შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ.

1.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განაჩენი კ. ფ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში რ. ჯ-ისა და ლ. ა-ის მსჯავრდების ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

2. რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი

2.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში რ. ჯ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ისა და ბ. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარადაა დადასტურებული გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა მათი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უსაფუძვლოა, ხოლო ლ. ა-ისა და დ. ა-ის მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მათი ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ:

2.2. დაზარალებულმა რ. ხ-ამ აჩვენა, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ.ქ-ში, საიდანაც საღამოს საათებში დაბრუნდნენ სახლში, -ის რაიონის სოფელ მ-ში. იგი გვიან ღამით დაწვა დასაძინებლად. გამთენიისას მისი მშობლები საკუთარი ავტომანქანით წავიდნენ -ის ბაზრობაზე, ხოლო მას, მის მეუღლეს _ ნ. ბ-ას და მცირეწლოვან შვილს _ ა-ს საძინებელ ოთახში ეძინათ. მას არ გაუგია, როგორ შევიდნენ სახლში თავდამსხმელები. დაახლოებით 04:30 საათი იქნებოდა, როდესაც რაღაც სიმძიმე იგრძნო და როგორც კი თვალები გაახილა, მიხვდა, რომ ყაჩაღები დაესხნენ თავს. ამის გამო დაიწყო ყვირილი, რა დროსაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პირზე დააფარა ხელი და დაარტყა. შემდეგ გადმოათრიეს საწოლიდან და გამეტებით დაუწყეს ცემა. ისინი ცდილობდნენ გაეთოკათ იგი, რა დროსაც უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ასწია ზემოთ და ისე არტყმევინა კედელზე თავი, რომ კედელი მთლიანად სისხლით იყო დასვრილი. საბოლოოდ ერთიანად შებორკეს. დარტყმების შედეგად პერიოდულად გონებას კარგავდა, ხოლო აზრზე რომ მოდიოდა, ისევ ურტყამდნენ და ითიშებოდა. ისინი ითხოვდნენ ფულს და ოქროს. მისმა მეუღლემ თავად გადასცა თავდამსხმელებს ძვირფასეულობა. წასვლისას მათ მანქანის გასაღებიც მოითხოვეს. ნ. ბ-ამ უთხრა, რომ ქვემოთ იდო ჩანთაში, რის შემდეგაც ერთ-ერთი თავდამსხმელი ჩავიდა და ამოიტანა ჩანთა, რომელშიც მისი კუთვნილი ნოუთბუქი იყო მოთავსებული, რომელიც იქვე გადატეხა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა. მათ ჩანთიდან ამოიღეს ავტომანქანის გასაღები და მისივე ავტომანქანით წავიდნენ. დაახლოებით 2-3 წუთში მისმა მეუღლემ შეძლო ფანჯარასთან მისვლა და მეზობლებს დაუძახა საშველად, რომლებმაც გაჭრეს თოკი და გაათავისუფლეს. მან მეზობლის ტელეფონით 112-ში დარეკა და განაცხადა მომხდარის შესახებ. მალე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მივიდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია. დაზარალებულმა განმარტა, რომ თავდამსხმელები დაახლოებით 5-6-ნი იყვნენ, ეკეთათ ნიღბები და მათი სახეები არ დაუნახავს. მათ გაიტაცეს ოქროულობა, მისი და მისი მეუღლის ”IPhone”-ს ფირმის მობილური ტელეფონები და მისი კუთვნილი, დაახლოებით 11 000 აშშ დოლარად ღირებული ,,VOLKSWAGEN PASSAT”-ის მარკის ავტომანქანა.

2.3. დაზარალებულ ნ. ბ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს თავისი მცირეწლოვანი შვილი, ა-ა დაახლოებით 22 საათზე წაიყვანა დასაძინებლად და ბავშვთან ერთად მასაც ჩაეძინა. სიბნელე იყო, როდესაც იგრძნო, რომ საწოლზე რაღაც მძიმე დაეცა და დაინახა 5 ან 6 ადამიანის სილუეტი, რომლებიც მის ოთახში მიდი-მოდიოდნენ. მათ გააფრთხილეს, რომ ხმა არ ამოეღოთ და ფული და ოქრო მოითხოვეს. ამ დროს რ-ს გადაუჩურჩულა, რომ აყაჩაღებდნენ და არ ეყვირა, რაც მან, სავარაუდოდ, ვერ გაიგო. ისინი ცდილობდნენ რ-ის წამოყენებას, რომელიც უცებ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. შემდეგ აანთეს შუქი. იქვე, მის მხარეს, საწოლზე მიდგმულ ბავშვის საწოლში, იწვა მათი შვილი, რომელიც ამოიყვანეს საწოლიდან და გვერდით ოთახში გაიყვანეს. პარალელურად მიმდინარეობდა რ-ის გაკოჭვის პროცესი. თავდამსხმელები ცდილობდნენ ხელ-ფეხი შეეკრათ მისთვის, რადგან ვერ იმორჩილებდნენ. მათ გააფრთხილეს, რომ თუ იყვირებდა ან საშველად დაუძახებდა ვინმეს, მათთვისვე იქნებოდა ცუდი, ბავშვსაც ესროდნენ და რ-საც. ისინი მისგან მოითხოვდნენ ფულის და ოქროს ადგილსამყოფლის დასახელებას, რაზედაც ეუბნებოდა, რომ ეტყოდათ, ოღონდ არ მოეკლათ რ-ი, რომელსაც ძირითადად სახის მიდამოში ურტყამდნენ. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მაღალი აღნაგობის პირი, რომელიც გამეტებით სცემდა მის მეუღლეს. მან თავად აჩვენა თავდამსხმელებს ოქროს სამალავი და გადასცა კარადაში მოთავსებული ზარდახშა, რომელშიც ოქროს ნივთები ინახებოდა. გარდა ამისა, მას და მის მეუღლეს შეხსნეს სამკაულები, რომლებიც მათ ეკეთათ. იმ პერიოდში, როდესაც გვერდით ოთახში იყვნენ გასული, ესმოდა მისი მეუღლის მისამართით ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამ დროს რ-ი უკვე გაკოჭილი იყო და ძირს იწვა ძალიან ნაცემი. შემდეგ მასაც შეუკრეს ხელ-ფეხი, პირზე წებოვანი ლენტი გადააკრეს, საწოლზე დასვეს და ბავშვიც გვერდით მიუსვეს. ბოლოს თავდამსხმელებმა უთხრეს, რომ მანქანა სჭირდებოდათ, რაზედაც უპასუხა, რომ მანქანის გასაღები ქვემოთ ინახებოდა მისი მეუღლის ჩანთის წინა ჯიბეში. ერთ-ერთი თავდამსხმელი თვითონ ჩავიდა და ამოიტანა ჩანთა, საიდანაც ამოიღო მანქანის გასაღები. იმავე ჩანთაში იდო რ-ის ნოუთბუქი, რომელსაც ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი დაადგა და დაამტვრია. თავდამსხმელებმა გაიტაცეს ოქროულობა, მისი და რ-ის კუთვნილი ,,iPhone”-ს ფირმის მობილური ტელეფონები, რის შემდეგაც ჩასხდნენ მისი მეუღლის კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდნენ. სახლიდან გასვლისას დაიბარეს, რომ რამდენიმე ხანი არ ეყვირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის მოკვლით დაემუქრნენ. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ მან მოახერხა ფანჯრის გაღება და საშველად მეზობლებს უხმო. მისი ყვირილი გვერდით მცხოვრებმა მეზობლებმა გაიგონეს, რომლებმაც დახმარება აღმოუჩინეს. რ-მა, რომელიც დროდადრო გონებას კარგავდა, მეზობელს მოატანინა ტელეფონი და თვითონ გამოიძახა როგორც პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარება. შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. დაზარალებულ ნ. ბ-ას განმარტებით, შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააფიქსირა, რომ ტანსაცმლის კარადიდან წაღებული იყო ”NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც მან თავის დას აჩუქა, ხოლო ყუთი დარჩა სახლში, რის შესახებაც გამომძიებელს აცნობეს. ასევე სახლში ვერ იპოვა ვერცხლისფერი ყელსაბამი, რომელსაც ყურძნის ფორმა და თეთრი თვლები ჰქონდა. გარდა ამისა, ნ. ბ-ამ აჩვენა, რომ თავდასხმიდან მალევე შენიშნეს შესასვლელ ოთახში წაქცეულ სკამთან ძირს დაგდებული ლურჯი თეთრ ორნამენტებიანი ,,ბენდენა”, მაგრამ თავიდან ყურადღება არ მიუქცევიათ. შემდგომ კი, ვინაიდან მათი არ იყო, გამომძიებელს გადასცეს. მისივე განმარტებით, თავდამსხმელებმა დაახლოებით 23 000 ლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და მისი მეუღლის კუთვნილი, 11 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა გაიტაცეს.

2.4. დაზარალებულებმა თავიანთ ჩვენებებში დეტალურად აღწერეს ყაჩაღობის შედეგად გატაცებული სამკაულების გარეგნული ნიშნები და მიუთითეს მათი ღირებულება, რომელთა ნაწილის საილუსტრაციოდ რ. ხ-ამ გამოძიებას საოჯახო ფოტოსურათებიც წარუდგინა, რომლებიც სასამართლოში გამოიკვლიეს.

2.5. მოწმე ნ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 სექტემბერს, დილის 04 საათზე, ის და მისი მეუღლე ო. ხ. საკუთარი ,,ოპელის“ მარკის ავტომობილით წავიდნენ -ის ბაზრობაზე, სადაც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. როცა ბაზარში სავაჭრო დახლს შლიდნენ, ამ დროს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მომხდარა. სახლში მისულს თავისი შვილი, რ. ხ-ა ისეთი ნაცემი დახვდა, რომ აუცილებელი გახდა მისთვის ოპერაციის გაკეთება. მისივე განმარტებით, მომხდარი ყაჩაღობის შემდეგ საავადმყოფოში უვლიდა შვილს და ემოციური მდგომარეობის გამო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკარმიდამო ნაკვეთი არ დაულაგებია. როცა რ-ი შედარებით უკეთ გახდა, ძალები მოიკრიბა და ეზოს დალაგება გადაწყვიტა, სწორედ მაშინ იპოვა ეზოში პოლიეთილენის პარკში მოთავსებული უცხო ტანსაცმელი, რომელიც მისი ოჯახის წევრებს არ ეკუთვნოდა. ამის თაობაზე შეატყობინა თავის შვილს _ რ. ხ-ას, რომელმაც, თავის მხრივ, პოლიციას აცნობა და აღნიშნული ტანსაცმელი იმავე დღეს ამოიღო გამომძიებელმა.

2.6. მოწმე ო. ხ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 სექტემბერს, გამთენიისას, მეუღლესთან ერთად წავიდა -ის ბაზრობაზე. სახლში დარჩნენ მისი შვილი - რ. ხ-ა, რძალი - ნ. ბ-ა და შვილიშვილი. მალევე დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მომხდარა. სახლში მისულმა ნახა, რომ მისი შვილი იყო სასტიკად ნაცემი, ხოლო რძალი და შვილიშვილი _ ძლიერ შეშინებულები. მიღებული დაზიანებების გამო რ-ს ჩაუტარდა ოპერაცია და მასთან ერთად საავადმყოფოში დედამისი იმყოფებოდა. სახლს პოლიციელები ათვალიერებდნენ, გამომძიებელი ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს და ექსპერტები იღებდნენ ფოტოებს. მოწმე ო. ხ-ამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნახეს, რომ იქვე, კორიდორში წაქცეულ სკამზე, ეგდო ე.წ. “ბენდენა“, რომელიც მაშინ გამომძიებელმა არ ამოიღო, რადგან გასარკვევი იყო, აღნიშნული ,,ბენდენა“ ხომ არ ეკუთვნოდა მისი ოჯახის რომელიმე წევრს. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი არ იყო ოჯახის არცერთი წევრის კუთვნილება, რის გამოც გამომძიებელმა ამოიღო. მისივე განმარტებით, თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მათთან სახლში მიიყვანეს ერთ-ერთი დაკავებული _ რ. ჯ-ე, რომლისგანაც შეიტყო, საიდან შევიდნენ თავდამსხმელები და რომ სახლში ფანჯრიდან თავად რ. ჯ-ემ შეაღწია.

2.7. მოწმე ზ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის რ. ხ-ას მეზობელია. 2015 წლის 2 სექტემბერს, გამთენიისას, გააღვიძა ნ-ის კივილმა, რომელიც შველას ითხოვდა. მაშინვე გააღვიძა თავისი მეუღლე დ. ბ-ე და ორივენი სასწრაფოდ წავიდნენ მისაშველებლად. ხ-ის სახლში, იმ საძინებელ ოთახში შესვლისას, საიდანაც ხმა გამოდიოდა, დაინახა ფანჯარასთან მდგომი ნ. ბ-ა, რომელიც იყო ხელ-ფეხშეკრული, იქვე, საწოლზე, იჯდა მისი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო გასასვლელ კართან, იატაკზე, იწვა წელს ზემოთ შიშველი, ბაწრით ხელ-ფეხშეკრული რ. ხ-ა. მას სახეზე და პირზე გადახვეული ჰქონდა ე.წ. „სკოჩი“ და სისხლით იყო მოსვრილი. რ–ის მეუღლე ყვიროდა, რომ ისინი დააყაჩაღეს, გაიტაცეს ოქროს ნივთები და ავტომანქანა. მისმა მეუღლემ სამზარეულოდან მოიტანა დანა, რომლითაც გადაჭრეს თოკები. მან დაზარალებულებისგან გადმოცემით იცის, რომ თავდამსხმელები იყვნენ 5 თუ 6 ნიღბიანი შეიარაღებული პირი.

2.8. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში მოწმე დ. ბ-ემ.

2.9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულ რ. ხ-ას მიყენებული ჰქონდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა და მარცხენა ყვრიმალის ძვლების კომპლექსის მოტეხილობა შეცილებით; ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მოტეხილობა მარჯვნივ შეცილებით; ცხვირის ძვლების მოტეხილობა შეცილებით; ჰემატომები სახის რბილ ქსოვილებში და თვალბუდის მიდამოებში; სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის მიდამოებში. იმავე დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები, ჰემატომებისა და სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევების სახით, იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები, იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

2.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რ. ხ-ას საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს: ხელის კვლები; წითელი ლაქები; რეზინის ხელთათმანის სათითის ფრაგმენტი, რომლის ზედაპირი და შიგთავსი დასვრილი იყო წითელი ლაქებით; ლურჯი და წითელი თოკის ნაწყვეტები; შავი პლასტმასის დამჭერები, ე.წ. „ჟგუტები“; წებოვანი ლენტების, ე.წ. „სკოჩის“ ნაწყვეტები და რუხი მაისური, რომლის ზედაპირზეც აღინიშნებოდა წითელი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა - ნ. ს-ამ და ო. ს-ემ.

2.11. ავტომანქანისა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 2 სექტემბერს წ-ოს რაიონის სოფელ მ-ში, -ას უბანში, შიდა საავტომობილო ქვაღორღიანი გზის მარჯვენა გვერდულზე, აღმოაჩინეს რუხი ,,VOLKSWAGEN”-ის მოდელის მსუბუქი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით -. ავტომანქანის წინა ბამპერის მარჯვენა ნაწილს აკლდა ოთხკუთხა ფორმის პლასტმასის დეტალი, ასევე წინა მარჯვენა მხარეს იატაკის ქვედა ნაწილზე ავარდნილი იყო პლასტმასის საფარი. ამავე ოქმის თანახმად, დათვალიერებისას ექსპერტებმა ამოიღეს: უკანა კარის „ჩიხოლი“, რომელზეც შეიმჩნეოდა მოწითალო ლაქები; სავარძლებიდან, საჭიდან და სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურიდან _ მიკრონაწილაკები; უკანა სკამიდან და იატაკიდან _ თაბახის ფურცლები; მძღოლის სავარძლის ქვემოთ, იატაკის ზედაპირიდან _ პატარა ზომის ოთხკუთხა ფორმის ფურცელი მოწითალო ლაქებით. მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ავტომანქანიდან 40 მეტრის მოცილებით, გზის სავალ ნაწილზე, იპოვეს ავტომანქანის წინა ბამპერის ოთხკუთხა ფორმის პლასტმასის დეტალი. ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისმა შემდგენმა პირმა _ შსს -ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ. ბ-ემ.

2.12. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილის „WOLKSWAGEN CC SPORT 2009”, სახ. №-, უკანა მარცხენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან, ამოღებულ მოლურჯო, არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ ლ. ა-ის, დ. ა-ის, რ. ჯ-ისა და ა. გ-ის ჯინსის შარვლების ქსოვილების ლურჯი ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ა-მა.

2.13. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ რ. ჯ-ემ მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაადასტურა მის მიერ 2015 წლის 5 სექტემბერს მიცემული აღიარებითი ჩვენება და აღწერა რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დეტალები. მისივე მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ -ოს რაიონის სოფელ მ-ის ტერიტორიაზე და რ. ჯ-ემ მიუთითა ადგილი, სადაც ბეტონს შეეჯახა. მის მიერ მითითებულ ადგილას აღმოჩნდა ბეტონის დიდი ნაჭერი, რომელიც ამოვარდნილი იყო ნიადაგიდან და მასზე აღინიშნებოდა ჩამონატეხები. იქვე აღმოაჩინეს და ამოიღეს სავარაუდოდ, ავტომობილის ”ბამპერისა” და ქვედა საფარის პლასტმასის ნაწილები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერიმენტში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. გ-ამ და ექსპერტმა გ. ტ-ემ.

2.14. ტრასოლოგიურ-სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნით დადგენილია, რომ რ. ჯ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სოფელ მ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ავტომანქანის ოთხი პლასტმასის ნატეხი დაზიანებამდე წარმოადგენდა რ. ხ-ას კუთვნილი ”VOLKSWAGEN PASSAT CC”, სახელმწიფო ნომრით -, ავტომობილის ძრავას დამცავის ქვედა საფარის პლასტმასის შემადგენელ ნაწილებს.

2.15. ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა რ. ხ-ამ ამოიცნო რ. ჯ-ე, ლ. ა-ე, ა. გ-ე, გ. გ-ე, დ. ა-ე და განმარტა, რომ მათ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე პერიოდულად ხედავდა ქ.ქ-ში, თავისი სამუშაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ა. გ-ე და ლ. ა-ე 2015 წლის 31 აგვისტოს ან 1 სექტემბერს ასევე ნანახი ჰყავს თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, „BMW”-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას.

2.16. მოწმე ე. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ოქრომჭედელი და სახელოსნო აქვს ქ-ში, -ოს ქუჩაზე. 2015 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 15 საათზე, დაურეკა მეუღლის ნათესავმა ა. კ-ემ და შეხვედრა სთხოვა. იგი საკუთარი ავტომანქანით მივიდა მის სახელოსნოსთან, თან ახლდა ახალგაზრდა მამაკაცი ,,დაბალი წვერით“. როგორც ა-მ გააცნო, ის იყო მისი ქვისლი, ა. (-) გ-ე, რომელსაც გასაყიდი ჰქონდა იტალიიდან გამოგზავნილი ოქრო. მოგვიანებით ა. კ-ეს და ა. გ-ეს შეხვდა კაზინო „-ში“, სადაც ა. გ-ემ ოქროს ფასების გარკვევისა და მოლაპარაკების შემდეგ გასაყიდად გადასცა ოქროს ნივთები. ამის შემდეგ ეს ნივთები გადასადნობად წაიღო თავისი დისქმართან _ ბ. მ-სთან სოფელ ზ-ში, რომელსაც სახლში აქვს ოქრომჭედლობისათვის აუცილებელი ხელსაწყო და გადაადნო ისინი, ხოლო თვლები შეინახა, რადგან უკან უნდა დაებრუნებინა ა. გ-ისათვის. შემდგომ, იმისათვის, რომ გადამდნარი მასა დაეჭრა ფირფიტებად და დაეწმინდა, წავიდა ქ.ქ-ში, საკუთარ სახელოსნოში. ამის შემდეგ დაუკავშირდა ა. გ-ეს, რომელიც მივიდა მასთან სახელოსნოში და თან მიიყვანა გრძელთმიანი, საშუალო სიმაღლის, შავწვერიანი ბიჭი, რომელიც გააცნო როგორც რ. ჯ-ე და სთხოვა ოქროს თანხა ამ უკანასკნელისთვის მიეცა, რადგან თავად ქალაქგარეთ გასვლას აპირებდა. ცოტა ხანში მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს გაბრტყელებული ოქროს ფირფიტები, ასევე - მისი კუთვნილი სხვა ოქროს ნაკეთობები. გამომძიებელმა წარუდგინა რ. ხ-ას საოჯახო ფოტოები, რომლებზეც ჩანდა ოჯახის წევრების ოქროს სამკაულები. მოწმე ე. კ-ის განმარტებით, მან ნ. ბ-ას ფოტოსურათზე ამოიცნო სამგუმბათიანი ბეჭედი ირგვლივ თვლებით, რომლის იდენტური ბეჭედი გადასცა მას ა. გ-ემ კაზინო „-ის“ ტუალეტში.

2.17. მოწმე ა. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა. გ-ე მისი ქვისლია, ხოლო ე. კ-ე _ მისი სიძე. 2015 წლის 4 სექტემბერს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ა. გ-ემ და სთხოვა, რომ დაეკავშირებინა ვინმე ნაცნობ ოქრომჭედელთან, რადგან მეგობარმა მისცა იტალიიდან გამოგზავნილი ოქრო და უნდოდა ოქრომჭედლისთვის ეჩვენებინა. ამის გამო დაურეკა ე. კ-ეს და შეუთანხმდა შეხვედრაზე. ისინი კ. „-ის“ ტუალეტში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ა. გ-ემ ე. კ-ეს გადასცა ოქროს ნივთები.

2.18. მოწმე ბ. მ-ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის 4 სექტემბერს მასთან სახლში მივიდა მისი ცოლისძმა ე. კ-ე და უთხრა, რომ სჭირდებოდა კომპრესორის აპარატი ოქროს გადასადნობად. ე-მ ისარგებლა აღნიშნული აპარატით, რის შემდეგაც ლამბაქზე დარჩა საიუველირო თვლები, რომლებიც შემდგომ პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს.

2.19. 2015 წლის 5 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე. კ-ის მონაწილეობით დათვალიერდა სლოტკლუბ „-ის“ შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ე. კ-ემ განმარტა, რომ კლუბის ჰოლის ბოლოს არსებულ მოაჯირთან 15:20:40-ზე ჩანს ა. კ-ე, 15:21:30-ზე მოაჯირთან ა. კ-სთან ერთად ჩანს ა. გ-ე. ე. კ-ის განმარტებით, 15:21:53-ზე იგი პირადად შემოდის და პირდაპირ შედის საპირფარეშოში ა. კ-ესა და ა. გ-სთან ერთად. მისივე განმარტებით, სწორედ ამ დროს გადასცა საპირფარეშოში ა. გ-ემ მას ოქროს სამკაულები გადასადნობად.

2.20. 2015 წლის 5 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ -ოს რაიონის სოფელ ზ-ში, ბ. მ-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული დათვალიერებისას ე. კ-ემ წარმოადგინა 16 პატარა ზომის მოთერო მბრწყინავი თვალი და ერთი შედარებით დიდი ზომის, მოთეთრო ბეჭდის თვალი, რომლებზეც განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული ბეჭდის თვლები იყო მოთავსებული ა. გ-ის მიერ მიტანილ ბეჭედში.

2.21. 2015 წლის 24 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმე ე. კ-ის მონაწილეობით დათვალიერდა ე. კ-ის მიერ წარმოდგენილი ბეჭდის თვლები _ 14 მცირე ზომის მოთეთრო თვალი, 2 - საშუალო ზომის თვალი და ერთი - შედარებით დიდი ზომის თვალი, რომლებზეც ე. კ-ემ განმარტა, რომ ისინი იყო სწორედ ის თვლები, რომლებიც მან ამოიღო ა. გ-ის მიერ მისთვის გადაცემული სამგუმბათიანი ოქროს ბეჭდიდან. მისივე განმარტებით, სწორედ ეს ბეჭედი იყო აღბეჭდილი გამოძიების პროცესში მისთვის წარდგენილ ერთ-ერთ ფოტოსურათზე, რომელზეც ახალგაზრდა ქალბატონს აღნიშნული ბეჭედი უკეთია ე.წ. ”კალიცო” ბეჭედთან ერთად და ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი. დათვალიერებისას დაზარალებულებმა - რ. ხ-ამ და ნ. ბ-ამ განმარტეს, რომ აღნიშნული თვლები იყო იმ ბეჭდის თვლების იდენტური, რომლებიც ყაჩაღებმა გაიტაცეს მათი ოჯახიდან 2015 წლის 2 სექტემბერს.

2.22. ა. გ-ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს თეთრ ქაღალდში შეხვეული მოვერცხლისფრო ორნამენტებიანი ძეწკვი ათი თვლით.

2.23. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. ფ-მა დაადასტურა ა. გ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან თეთრ ქაღალდში გახვეული მოვერცხლისფრო ძეწკვის ამოღების ფაქტი, რომელიც ადგილზევე დაილუქა.

2.24. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ. ბ-ამ ამოიცნო ა. გ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ყელსაბამი და განმარტა, რომ ის იყო მისი კუთვნილება, რომელიც თავდამსხმელებმა გაიტაცეს მისი სახლიდან.

2.25. ლ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული ბინის ლოჯიაში არსებული პატარა ზომის მაგიდაზე აღმოაჩინეს და ამოიღეს „NOKIA“-ს ფირმის ტელეფონის მუყაოს ყუთი, იმეიკოდით ---. ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივ-გამომძიებელმა მ. შ-ამ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა _ ს. ქ-ამ და ზ. კ-ემ.

2.26. მოწმე მ. ბ-ამ, რომელიც დაზარალებულ ნ. ბ-ას დაა, აჩვენა, რომ მას თავისმა დამ, ნ. ბ-ამ აჩუქა ნახმარი „NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი ყუთის გარეშე და, როგორც მისთვის არის ცნობილი, ეს ყუთი ნ. ბ-ას საცხოვრებელ სახლში ინახებოდა.

2.27. 2015 წლის 21 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ. ბ-ამ ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი კუთვნილი „NOKIA“-ს ფირმის ორსიმბარათიანი მობილური ტელეფონი, რომელიც, მისი განმარტებით, აჩუქა დამ _ ნ. ბ-ამ. იმეიკოდის დადგენის მიზნით, ტელეფონში აკრეფილ იქნა შესაბამისი კომბინაცია, რის შემდეგაც ტელეფონის ეკრანზე გამოისახა იმეიკოდი _ ---, რაც იდენტურია ლ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის ტელეფონის ყუთის იმეიკოდისა.

2.28. ადგილმდებარეობისა და ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა -ის რაიონის სოფელ მ-ში დაზარალებულ რ. ხ-ას ეზოს დათვალიერება, რა დროსაც დათვალიერებაში მონაწილე პირები, ნ. ბ-ის მითითებით, გავიდნენ რ. ხ-ას საკარმიდამო ეზოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, რომელსაც ესაზღვრება დ. ბ-ის ეზო, სადაც ნ. ბ-ემ მიუთითა ლითონის კონსტრუქციის ღობესთან, მიწაზე დადებულ მოყვითალო-მომწვანო პოლიეთილენის პარკზე და აღნიშნა, რომ ეს პარკი იმ დღეს აღმოაჩინა. პარკის დათვალიერების შემდეგ მასში აღმოჩნდა: დახეულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ორი ჟანგმოკიდებული ლურსმანი, შავი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ლურჯი ფერის ერთი წყვილი კედი, წარწერით ,,ALL STAR”, თითოეულ კედში მოთავსებული თითო ცალი შავი წინდით. იმავე პარკში მოთავსებული იყო შავი ტყავის ფეხსაცმელი შიგნით არსებული წარწერით „GBXR” რომელსაც ძირზე აღენიშნებოდა ცვეთისა და ტალახის კვალი; მოთეთრო ადამიანისგამოსახულებიანი პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოცისფრო ჯინსის შარვალი, ზომით 33/34, შიდა იარლიყზე წარწერით „REALITIST DENIM POWVER 14 SA”, რომელზეც გაკეთებული იყო მოვერცხლისფრო ლითონისბალთიანი შავი ქამარი; იმავე პარკში მოთავსებული იყო მოლურჯო-მოშავო, მუქი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, წარწერით „NEW FOUNDLAND”, ზომით XL, რომელსაც საყელოსთან შიდა მხრიდან ეწერა „ZAAV COLLECTION“. აღმოჩენილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ცვეთის გარდა რაიმე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა, კერძოდ, შარვალზე ორივე ტოტის ქვედა ნაწილში და წინა, მარჯვენა ჯიბესთან აღინიშნებოდა ტალახის ლაქები. ანალოგიური ლაქები აღინიშნებოდა ფეხსაცმელებზე. ასევე, ფეხსაცმელებსა და წინდებზე აღინიშნებოდა დაობების კვალი.

2.29. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპეტიზის N-- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ რ. ხ-ას ეზოში აღმოჩენილ ჯინსის შარვალზე, ქამარსა და მუქ მოკლემკლავიან მაისურზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი და დ. ა-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2.30. 2015 წლის 5 სექტემბრის ნივთების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ. ბ-ამ გამომძიებელს ნებაყოფილობით წარუდგინა ლურჯი თავსაკრავი, ე.წ. „ბენდენა“ თეთრი ორნამენტებით, რომელიც თავდამსხმელთა წასვლის შემდეგ იპოვა სახლის შესასვლელში.

2.31. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ს. ტ-მა დაადასტურა, რომ რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტიდან რამდენიმე დღეში დაზარალებულმა ნ. ბ-ამ მას წარუდგინა ე.წ. „ბენდენა“, რომელიც სახლის დათვალიერების შემდეგ უპოვიათ და ოჯახის არცერთ წევრს არ ეკუთვნოდა.

2.32. მოწმე ფ. გ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს -ის რაიონული სამმართველოს დექტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე _ -ის რაიონის სოფელ -ში, რ. ხ-ას საცხოვრებელ სახლში და ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას თვალში მოხვდა წაქცეულ სკამზე გადაკიდებული ლურჯი თავსაკრავი, ე.წ. „ბენდენა“, რომლის შესახებაც ჰკითხა ო. ხ-ას, თუმცა მან ვერ დაუდასტურა, იყო თუ არა აღნიშნული „ბენდენა“ უცხო პირების და განუმარტა, რომ შეიძლებოდა მისი რძლის ან შვილიშვილის ყოფილიყო.

2.33. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტის, ო. ს-ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას კარგად ახსოვს შემთხვევის დათვალიერებისას წაქცეულ სკამთან დაგდებული ლურჯი „ბენდენა“, რომელიც ასევე მოხვდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოებში და ჩაიწერა დისკზე, რომელიც გადაეცა გამომძიებელს.

2.34. სასამართლოში გამოკვლეულ, 2016 წლის 2 სექტემბერს შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია რ. ხ-ას სახლის შესასვლელ ოთახში, წაქცეულ სკამთან, იატაკზე, დაგდებული ლურჯი ე.წ. „ბენდენა“ თეთრი ორნამენტებით.

2.35. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--- დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ბ-ას მიერ წარმოდგენილ ე.წ. „ბენდენაზე“ არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და რ. ხ-ას გენეტიკური პროფილი იდენტურია. ,,ბენდენაზე“ აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ქ. ვ-ის (გ. გ-ის დედის) ბიოლოგიურ შვილს.

2.36. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--- დასკვნით დადასტურდა, რომ ნ. ბ-ას მიერ წარმოდგენილ „ბენდენაზე“ მოთავსებულ აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი და გ. გ-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2.37. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ქვემოთ იატაკიდან ამოღებულ ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული სისხლი და საძინებელ ოთახში იატაკიდან ამოღებულ რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტზე არსებული სისხლი ეკუთვნის ი. გ-ის (ბ. ა-ის დედის) ბიოლოგიურ შვილს.

2.38. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--- დასკვნით დადასტურდა, რომ ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ქვემოთ იატაკიდან ამოღებულ ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი და ბ. ა-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. საძინებელ ოთახში იატაკიდან ამოღებულ რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტზე არსებული სისხლის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ბ. ა-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2.39. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №-- დასკვნიდან ირკვევა, რომ დაზარალებულ რ. ხ-ას მიერ თავის საძინებელ ოთახში, საწოლის ლეიბის ქვეშ ნაპოვნ და გამოძიებისათვის წარდგენილ თეთრი რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. პროფილის ძირითადი წილი და ბ. ა-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

2.40. ექსპერტებმა - ვ. ო-ამ და ი. მ-ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნების სისწორე.

2.41. მობილური ოპერატორებიდან _ შპს ,,-, შპს ,,- და შპს ,,-” მიღებული დეტალური ინფორმაციის დათვალიერებისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა შემდეგი:

2015 წლის 15 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, რ. ჯ-ის სააბონენტო ნომერზე --- ფიქსირდება ინტენსიური კავშირები ა. გ-ესთან, ლ. ა-სთან, გ. გ-ესა და ბ. ა-ესთან.

რ. ჯ-ის კუთვნილ, ზემოაღნიშნულ სააბონენტო ნომერზე განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზით დასტურდება, რომ 2015 წლის 15 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, სააბონენტო ნომერი -- რ. ჯ-ეს ყოველთვის მოთავსებული აქვს თავის კუთვნილ -- იმეიკოდის მქონე მობილურ ტელეფონში, თუმცა 2015 წლის 1 სექტემბრის 21:31:15 საათიდან აღნიშნული იმეიკოდის მქონე ტელეფონში უკვე მოთავსებულია ა. გ-ის კუთვნილი სიმბარათი ნომრით ---, რაც მითითებული იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში ფიქსირდება 2015 წლის 2 სექტემბრის 22:57:17 საათამდე.

ა. გ-ის კუთვნილ სააბონენტო ნომერზე _ 5 --- 2015 წლის 15 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ფიქსირდება ინტენსიური კავშირები რ. ჯ-ესთან, ლ. ა-სთან, გ. გ-ესთან, დ. ა-ესა და ბ. ა-ესთან.

ა. გ-ის კუთვნილ, ზემოაღნიშნულ სააბონენტო ნომერზე განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზით ასევე დასტურდება, რომ სიმბარათი ნომრით 5 --- ა. გ-ეს ყოველთვის მოთავსებული აქვს ---- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში, თუმცა რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, 2015 წლის 1 სექტემბრის 21:31:15 საათიდან აღნიშნულ სიმბარათი ა. გ-ეს მოთავსებული აქვს - იმეიკოდის მქონე მობილურ ტელეფონში, რომლითაც მანამდე სარგებლობდა რ. ჯ-ე და აღნიშნული იმეიკოდის მქონე ტელეფონში მოთავსებული ჰქონდა მისი კუთვნილი სააბონენტო ნომერი --. სწორედ ამ იმეიკოდის მქონე მობილური ტელეფონია ამოღებული რ. ჯ-ის პირადი ჩხრეკის დროს.

2015 წლის 1 სექტემბრის 23:31:41 საათიდან 2015 წლის 2 სექტემბრის 00:06:40 საათამდე პერიოდში ა. გ-ს სააბონენტო ნომერი -- ფიქსირდება ქ.ქ-ში N- (ე-ი, შ-ოს -) N- (ს-ო, ქ-ი, ტ-ას -) და N- (ქ., ა-ის -) ანძების დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს ავტოქარხნის დასახლებას, რომელზეც გადის ხ-ის რაიონისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა. 2015 წლის 2 სექტემბრის 01:03:00 საათიდან ა. გ-ის სააბონენტო ნომერი - ფიქსირდება N- ანძის (რომელიც მდებარეობს მ-ის რაიონის სოფელ ხ-ი და ემსახურება ასევე ხ-ს რაიონის სოფელ მ-ს, სადაც მდებარეობს დაზარალებულ რ. ხ-ას სახლი) დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რაც ადასტურებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ა. გ-ის ყოფნის ფაქტს. შემთხვევის ადგილის მომსახურე N- ანძის დაფარვის ზონაში ბოლო კონტაქტი ა. გ-ის სააბონენტო ნომერზე განხორციელებულია 2015 წლის 2 სექტემბრის 03:19:15 საათზე, რის შემდეგაც მომდევნო კონტაქტი აღნიშნულ ნომერზე ფიქსირდება 2015 წლის 2 სექტემბრის 04:49:20 საათზე. საგულისხმოა, რომ სწორედ დროის ამ მონაკვეთებში დაიწყო და დასრულდა რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა.

2015 წლის 2 სექტემბრის 04:49:20 საათზე ა. გ-ის სააბონენტო ნომერი - ფიქსირდება N. ანძის (ხ. ტვ, ., თ-ის მოედანი -) დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე. ხ-ის რაიონის სოფელ მ-დან ქ.-ის მიმართულებით მოძრაობისას უნდა გაიარო ქ.ხ.. აღსანიშნავია, რომ ა. გ-ის მითითებული ნომერი ფიქსირდება სწორედ აღნიშნულ ანძაზე და მას კავშირი აქვს გ. გ-სთან. ამით დასტურდება, რომ ა. გ. ხ-ის რაიონის სოფელ მ-დან რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ მიემგზავრება ქ.ქ-საკენ, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამის შემდეგ ა. გ-ის სააბონენტო ნომერი - ფიქსირდება N- და N- ანძის (ხ., სოფელი გ.) დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რაც ასევე მდებარეობს ქ.ქ-საკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, ხოლო შემდეგ ფიქსირდება N- ანძის (წ., ფ-ი, რ. ხ-საგან გატაცებული ავტომანქანის აღმოჩენის ადგილის მომსახურე ანძა) და N- ანძის (ა-ა, ქ-ი, ა-ის -) დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე, რა დროსაც კავშირი აქვს გ. გ-სთან.

შპს ,,-ს“ ქსელში ჩართულ, ა. გ-ის კუთვნილ სააბონენტო ნომერზე - განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზით ირკვევა, რომ რ. ხ-ას ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის საათებში ა. გ-ეს სააბონენტო ნომერი - გამორთული აქვს, ვინაიდან იმ დროს თავისი მეორე სიმბარათი - მოთავსებული აქვს რ. ჯ-ის კუთვნილ ტელეფონში და თანამზრახველებთან საკონტაქტოდ იყენებს სწორედ აღნიშნულ სააბონენტო ნომერს, ხოლო სააბონენტო ნომერს -, ა. გ. რთავს 2015 წლის 2 სექტემბერს, 05:47:41 საათზე. ამ დროს ა. გ. იმყოფება - (ქ-ი, წყ-ო -) ანძის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს წ-ოს რაიონის სოფელ მ-სა და მ-ას დასახლების მახლობლად, სადაც აღმოაჩინეს რ. ხ-საგან გატაცებული ავტომანქანა.

გ. გ-ის კუთვნილ, შპს ,,-ის“ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე - განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზით ირკვევა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით, მას აქვს ინტენსიური კავშირები ა. გ-სთან, რ. ჯ-სთან, ლ. ა-სთან, დ. ა-სა და ბ. ა-სთან.

2015 წლის 2 სექტემბრის 02:42:17 საათიდან 03:19:16 საათის ჩათვლით, გ. გ-ის კუთვნილი სააბონენტო ნომერი - ფიქსირდება რ. ხ-ას საცხოვრებელი სახლის მომსახურე - ანძის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც აქვს შემომავალი და გამავალი კონტაქტები ა. გ-ის კუთვნილ - სააბონენტო ნომერზე, რომელიც ასევე იმყოფება რ. ხ-ას საცხოვრებელი სახლის მომსახურე ანძის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის 03:19:16 საათიდან 04:49:20 საათამდე დროის მონაკვეთში გ. გ-ის კუთვნილ სააბონენტო ნომერზე -, ისევე როგორც ა. გ-ის კუთვნილ - სააბონენტო ნომერზე, რაიმე კონტაქტი არ ფიქსირდება. სწორედ დროის აღნიშნულ მონაკვეთში იწყება და მთავრდება ხ-ის რაიონის სოფელ მ-ი რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. 2015 წლის 2 სექტემბრის 04:49:20 საათზე კი, გ. გ-ის კუთვნილი სააბონენტო ნომერი - უკვე ფიქსირდება N- ანძის (ხ. .) დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც აქვს გამავალი ზარი ა. გ-ის კუთვნილ - სააბონენტო ნომერზე, რომელიც ასევე იმყოფება შპს ,,-ის“ სწორედ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული ანძის დაფარვის ზონაში.

2015 წლის 2 სექტემბრის 05:01:00 საათიდან 05:19:52 საათის ჩათვლით, გ. გ-ის კუთვნილი სააბონენტო ნომერი - უკვე ფიქსირდება რ. ხ-საგან გატაცებული ავტომანქანის აღმოჩენის ადგილის მომსახურე N- (მ.) ანძის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც აქვს შემომავალი და გამავალი კონტაქტები ა. გ-ის კუთვნილ - სააბონენტო ნომერზე.

ლ. ა-ის კუთვნილ, შპს ,,მ-ს“ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე - განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ლ. ა-ეს აქვს ინტენსიური კავშირი ა. გ-სთან, რ. ჯ-სთან, გ. გ-სთან, დ. ა-სა და ბ. ა-სთან.

ლ. ა-ის კუთვნილ, ზემოაღნიშნულ სააბონენტო ნომერზე განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზით ასევე დასტურდება, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს ლ. ა. იმყოფება ქ.ქ-ში და ფიქსირდება სწორედ იმ ანძებზე, რომლებზეც - მისი სხვა თანამზრახველები. 2015 წლის 1 სექტემბერს ბოლო კონტაქტი ლ. ა-ის სააბონენტო ნომერზე - ფიქსირდება 20:55:03 საათზე, როდესაც მისი ტელეფონი არის - (ქ.) ანძის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე. აღნიშნულის შემდეგ ლ. ა-ს კუთვნილი - სააბონენტო ნომერი გამორთულია 2015 წლის 2 სექტემბრის 08:31:14 საათამდე.

დ. ა-ის კუთვნილ, შპს ,,მ-ს“ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე - განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს 13:39:30 საათიდან 2015 წლის 4 სექტემბრის 11:53:01 საათამდე დ. ა-ის კუთვნილ სააბონენტო ნომერზე - კონტაქტები არ ფიქსირდება, ხოლო მანამდე და მას შემდეგ ჰქონდა სატელეფონო კავშირი ძირითადად ჰქონდა ა. გ-სთან, გ. გ-სა და ლ. ა-სთან.

ბ. ა-ის კუთვნილ, შპს ,,-“ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე --, 2015 წლის 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, აქვს კავშირები ა. გ-სთან, ლ. ა-სთან, გ. გ-სა და რ. ჯ-სთან.

ბ. ა-ის კუთვნილ, შპს ,,მ-ის“ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე - განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს მას სატელეფონო კონტაქტი აქვს 22:10:40 საათზე _ გ. გ-ის კუთვნილ - სააბონენტო ნომერზე, ხოლო 2015 წლის 1 სექტემბერს, 15:47:40, 15:54:47, 16:14:43, 16:21:08 და 16:59:30 საათებზე _ ლ. ა-ის კუთვნილ - სააბონენტო ნომერზე.

ბ. ა-ის სააბონენტო ნომრების ანალიზით დასტურდება, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს იგი გამოემგზავრა ქ.თ-დან და საღამოს საათებში იმყოფება ქ.ქ-ის მომსახურე ანძების დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, ქ.ქ-ში ყოფნისას ბ. ა-ის სააბონენტო ნომრები ფიქსირდება მობილური ოპერატორების სწორედ იმ მომსახურე ანძების დაფარვის ზონაში, სადაც იმყოფებიან რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული სხვა პირები. ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის 20:30 და 20:47 საათების შემდეგ რაიმე სახის კონტაქტი ბ. ა-ის სააბონენტო ნომრებზე არ ფიქსირდება და მას, სავარაუდოდ, ტელეფონები აქვს გამორთული.

2.42. ბრალდებულებმა - რ. ჯ-ემ, ა. გ-ემ, ლ. ა-ემ, დ. ა-ემ, გ. გ-ემ და ბ. ა-ემ უარყვეს რ. ხ-ას ოჯახზე თავდასხმის ფაქტი. რ. ჯ-ემ განმარტა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს წავიდნენ ოქრომჭედლის სანახავად, რომელიც იმ დღეს გაიცნო ა-სგან. შემდეგ იყო საუბარი მასა და ოქრომჭედელს შორის თუ როდის მოხდებოდა მისი კუთვნილი ოქროს გაყიდვა და ჩაიწერა ოქრომჭედლის ნომერი. რ-ის ხიდთან გააჩერეს ტაქსი და წავიდნენ ბ-ის ქუჩის მიმართულებით. ბ-ის ქუჩაზე გადავიდა ა. ფულის გადასახურდავებლად. მანქანიდან გადასული იყო ჯ-ეც, მაგრამ ბანკში არ შესულა. ბანკიდან გამოსულებმა შეუხვიეს ჩიხში, რა დროსაც მათი მანქანა გააჩერა რამდენიმე პოლიციის მანქანამ, გადმოყარეს მანქანებიდან, დაყარეს ძირს, ერთი იარაღი ა-ს ჩაუდეს, მეორე კი - მას. ამ მომენტში ბრალდებულები ყვიროდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, რომ გადაეღოთ. პოლიციელები შედიოდნენ ბინებში და მოქალაქეებს აშინებდნენ და ტელეფონებს უმოწმებდნენ. რ. ჯ-ის განმარტებით, მასზე პოლიციის მუშაკები ახორციელებდნენ არაადამიანურ ფიზიკურ ძალადობას, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და ოჯახის წევრების დაჭერით, რის გამოც მან თანხმობა განაცხადა, აღიარებით ჩვენებაზე მოეწერა ხელი. ა. გ-ემ განმარტა, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს, შეხვდა რობოს, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა რაღაც პირადი ოქროს ნივთები და აინეტრესებდა ხომ არ იცნობდა ვინმე ოქრომჭედელს, რომელიც ახლობელი იქნებოდა და არ მოატყუებდა არც ფასში და არც - წონაში. ამის შემდეგ დაუკავშირდა ქვისლს - ა. კ-ეს და ჰკითხა, ხომ არ ჰყავდა ნაცნობი ოქრომჭედელი, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი ოქრომჭედელი და შეეძლო დახმარება. შემდეგ რ-ს გამოართვა ოქროს ნივთები და დაიტოვა. მივიდნენ, მაგრამ ოქრომჭედელი არ დახვდათ, ამიტომ კ-ემ დაურეკა ოქრომჭედელს და უთხრა, რომ სურდათ მისი ნახვა. ოქრომჭედელმა შეხვედრა დაუთქვა სლოტკლუბ „-ი“. მივიდა კ., შევიდნენ ტუალეტში და გადასცა გ-ემ ოქრო და გამოართვა ტელეფონის ნომერი. 5 სექტემბერს ჯ-სთან ერთად წავიდა ოქრომჭედელთან, რომელსაც გააცნო რ.. იქიდან ისევ ტაქსით გაემართნენ ბ-ის ქუჩისკენ, სადაც გააჩერებინეს მანქანა ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან. უნდოდა ფულის გადახურდავება. გადაახურდავა 200-ლარიანი კუპიურა და დაბრუნდა მანქანაში. დაახლოებით 2 წუთში კი დააკავეს და რაღაც ნივთები ჩაუდეს. მიიყვანეს ს-ში. იქ სცემდნენ, აწამებდნენ და ითხოვდნენ მისგან ყაჩაღობის აღიარებას, რაზეც უარს ამბობდა, ვინაიდან არ ჩაუდენია. ბრალდებულმა ლ. ა-ემ განმარტა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს იმყოფებოდა ზ-ში, დილით მისმა ბიძაშვილმა დ. ა-ემ დაურეკა და უთხრა მასთან გასულიყო, რადგან დაახლოებით 2–3 კვირის უნახავი ჰყავდა, ტელეფონზეც ვერ დაეკონტაქტა, გათიშული ჰქონდა და წავიდა მასთან სახლში. რკინიგზაზე როცა გადადიოდა, შეხვდნენ ნაცნობი თ. ბ-ი, ზ-ის პოლიციის უფროსი და კიდევ ორი კაცი, რომლებმაც განუმარტეს, რომ იყო ნარკოლოგიური შემოწმება. ჩაუტარეს ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფოლგაში გახვეული წამალი. ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი, ვინაიდან წამალი მისი არ იყო. დაახლოებით ნახევარი საათის მერე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მასზე ძალადობდნენ პოლიციელები და აიძულებდნენ ყაჩაღობის ფაქტის აღიარებას. ბრალდებულმა დ. ა-ემ განმარტა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში. დაურეკა ლ-ს, რომელიც არ ჰყავდა ნანახი 2–3 დღე, გამოვიდა ეზოში, სახლის უკანა მხარეს ყავას სვამდა და ფიცარზე იყო ჩამომჯდარი, როცა სახლში შევარდა ზ-ის პოლიცია. იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც ზ-ის პოლიციის უფროსმა ჩაარტყა წიხლი გულმკერდის არეში, რის გამოც ამოტრიალდა, გაუკრეს ხელ–ფეხი, დასვეს ეზოში წინ, უფლებები არ გააცნეს. დაკავებისას სახლში იყო მხოლოდ 4 პოლიციელი, ხოლო შემდეგ შევარდა სამმართველოს სპეცრაზმი. განყოფილებაში პოლიციის მუშაკები სცემდნენ, ითხოვდნენ მისგან ყაჩაღობის ფაქტის აღიარებას, მერე მოათავსეს „კპზში“, საიდანაც დილით გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ არაფერ შუაში იყო ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ყაჩაღობის ფაქტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ბრალდებულმა ბ. ა-მ განმარტა, რომ 2015 წლის 9 სექტემბერს მას დაურეკა გ. გ-ემ და სთხოვა შეხვედროდა ქ-ში, ა-ს ქუჩაზე. როცა მივიდა, რამდენიმე წუთში პოლიცია მივიდა და ორივე დააკავეს, გადაიყვანეს სამხარეო მთავარ სამმართველოში, სადაც სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითხოვდნენ მისგან ყაჩაღობის ფაქტის აღიარებას, შემდეგ კი მოსთხოვეს საქართველოს დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰპირდნენ, რომ ახალ წელს ციხეში გაატარებდა. როცა მისგან რაიმე სახის ინფორმაცია ვერ მიიღეს, გაათავისუფლეს. მან გადაწყვიტა თურქეთში წასვლა, რადგან ეშინოდა, მართლა არ ჩაესვათ ციხეში. თ-დან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ბრალდებულმა გ. გ-ემ განმარტა, რომ 2015 წლის 9 სექტემბერს დააკავეს, ყაჩაღობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფს ყაჩაღობაში მონაწილეობას. რაც შეეხება ე.წ. „ბენდენას“, იგი მისი სახლიდან მოიპარეს პოლიციის მუშაკებმა და რ. ხ-ას სახლში მიიტანეს, რათა შემდეგ იქიდან ამოეღოთ.

2.43. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს რ. ჯ-ის, გ. გ-ის, ა. გ-სა და ბ. ა-ის მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

რ. ჯ-ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რ. ჯ-ემ მიუთითა ყაჩაღობის დროს გატაცებული, რ. ხ-ას კუთვნილი ავტომობილით ბეტონის კონსტრუქციაზე შეჯახების ადგილი წ-ოს რაიონის სოფელ მ-ის ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა ავტომანქანის პლასტმასის დეტალები, რომლებიც ტრასოლოგიურ-სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს რ. ხ-ას კუთვნილი ავტომანქანის ძრავას დამცავის ქვედა საფარის პლასტმასის შემადგენელ ნაწილებს.

ოქრომჭედელ ე. კ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 4 სექტემბერს, ანუ ყაჩაღური თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, მას დაუკავშირდა ა. გ., რომელმაც სთხოვა დახმარება ოქროს ნივთების რეალიზაციაში და ამ მიზნით სლოტკლუბ ,,--“ ტუალეტში გადასცა აღნიშნული ოქროს ნივთები. მანვე გააცნო რ. ჯ. და სთხოვა, რომ ამ ოქროს ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა რ. ჯ-სთვის მიეცა. ე. კ-ემ დაადასტურა, რომ მის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მოთეთრო ფერის თვლები ა. გ-ის მიერ გადაცემული, სწორედ იმ სამგუმბათიანი ოქროს ბეჭდიდან ამოიღო, რომელიც გამოძიების პროცესში მისთვის წარდგენილ ერთ-ერთ ფოტოსურათზე ხელზე უკეთია დაზარალებულ ნ. ბ-ს. სწორედ აღნიშნული თვლები ამოიცნეს დაზარალებულებმა - რ. ხ-ამ და ნ. ბ-ამ და განმარტეს, რომ ისინი მათი ოჯახიდან ყაჩაღების მიერ გატაცებული ბეჭდის თვლების იდენტური იყო.

2016 წლის 4 სექტემბერს ე. კ-ის, ა. კ-სა და ა. გ-ის სლოტკლუბ ,,--“ ტუალეტში შეხვედრისა და ა. გ-ის მიერ ე. კ-სათვის ოქროს ნივთების გადაცემის ფაქტი დასტურდება ასევე მოწმე ა. კ-ს ჩვენებით, სლოტკლუბ ,,--“ ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და მისი დათვალიერების ოქმებით.

ა. გ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული ვერცხლის ყელსაბამი, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა ნ. ბ-მ.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №- და №-- დასკვნების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ და დაზარალებულ ნ. ბ-ას მიერ გამომძიებლისათვის წარდგენილ ე.წ. „ბენდენაზე“ აღმოჩნდა დაზარალებულ რ. ხ-ს სისხლი და გ. გ-ის ბიოლოგიური მასალა.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №-, №-, №- დასკვნების მიხედვით, რ. ხ-ას საძინებელ ოთახში აღმოჩენილი რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა ბ. ა-სა და დაზარალებულ რ. ხ-ს სისხლი, ასევე ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული, დაზარალებულ რ. ხ-ას კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებულ ქაღალდის ფრაგმენტზე აღმოჩნდა ბ. ა-ს სისხლი, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №- დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულ რ. ხ-ას მიერ თავის საძინებელ ოთახში, საწოლის ლეიბის ქვეშ ნაპოვნ და გამოძიებისათვის წარდგენილ თეთრ რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტზე აღმოჩნდა ბ. ა-სა და დაზარალებულ რ. ხ-ას ბიოლოგიური მასალა.

მობილური ოპერატორებისგან მიღებული დეტალური ინფორმაციების გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის პერიოდში რ. ჯ-ის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო ა. გ-ის სიმბარათი და გ. გ-ს მობილური ტელეფონი, დაფიქსირებულია რ. ხ-ას საცხოვრებელი სახლისა და ყაჩაღობის დროს გატაცებული, მისი კუთვნილი ავტომანქანის აღმოჩენის ადგილის მომსახურე ანძების დაფარვის ზონებში, რაც უტყუარად ადასტურებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მათი ყოფნის ფაქტს.

2.44. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რ. ჯ-ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარეობდა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია როგორც თავად ბრალდებულ რ. ჯ-ის, ასევე ადვოკატ ს. ბ-ის მიერ, რა დროსაც მათ რაიმე განცხადება ან შენიშვნა არ გამოუთქვამთ. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ესქპერიმენტის ოქმს არ აფასებს როგორც რ. ჯ-ის აღიარებით ჩვენებას, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, უარყოს გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, არამედ იზიარებს მას რ. ჯ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იმ ნაწილში, რომ მის მიერ მითითებულ ადგილას აღმოჩნდა გატაცებული ავტომანქანის დეტალები, რაც მოწმობს მისი იმ ადგილას ყოფნის ფაქტს.

2.45. პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველების მითითებას, რომ საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ცეცხლსასროლ იარაღებსა და ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, ა. გ-სგან ამოღებული ძეწკვიც გახსნილი და დაულუქავია, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ, შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოჩანაწერში, კადრში დაულუქავი და გახსნილი ჩანს მხოლოდ ა. გ-სა და რ. ჯ-სგან ამოღებული იარაღები და ვაზნები, ასევე -ლ. ა-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (რაშიც სამივე მათგანი გამართლდა), ხოლო ძვირფასი ნივთები და სხვა ნივთმტკიცებები დალუქულია პაკეტებში.

2.46. უსაფუძვლოა ასევე ა. გ-ის განმარტება, რომ 2015 წლის 1 სექტემბერს ის სტუმრად იმყოფებოდა რ. ჯ-სთან და მობილური ტელეფონი მასთან დარჩა, ვინაიდან მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვნილი ინფორმაციით დასტურდება, რომ 2015 წლის 1 სექტემბრის 21:31:15 საათიდან 2015 წლის 2 სექტემბრის 22:57:17 საათამდე დროის მონაკვეთში ა. გ-ეს აქვს სატელეფონო კონტაქტი თავის მშობლებსა და ქვისლთან. გარდა ამისა, დროის მითითებულ მონაკვეთში ა. გ-ეს სატელეფონო კონტაქტები აქვს საზღვარგარეთის სააბონენტო ნომერთან - -, რომელიც ეკუთვნის მის მეუღლეს. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ დროის ამ პერიოდში ა. გ. თვითონ სარგებლობდა მობილური ტელეფონით.

2.47. დაუსაბუთებელია რ. ჯ-სა და ა. გ-ის დამცველების პოზიცია იმ ნაწილშიც, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ა. გ-ის პირადი ჩხრეკა, ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, ვინაიდან ასეთი არ იკვეთება არც საქმის მასალებით და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

2.48. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ გ. გ-ის განმარტება, რომ თითქოს, პოლიციის თანამშრომლებმა გ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მოიპოვეს მისი კუთვნილი „ბენდენა“, რომელიც მიიტანეს და დადეს შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან აღნიშნული ,,ბენდენა” აღბეჭდილია 2015 წლის 2 სექტემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ ფოტოებზე, რასაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებიც ადასტურებენ.

2.49. პალატა არ იზიარებს ასევე ბ. ა-ის პოზიციას, რომ მისი ბრალდება ეფუძნება ერთადერთ მტკიცებულებას და მას ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან ბ. ა-ის ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: რ. ხ-ას სახლიდან ამოღებულ ხელთათმანის ფრაგმენტზე აღმოჩენილი სისხლისა და ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ბ. ა-ის გენეტიკური პროფილისა; რ. ხ-საგნ გატაცებული ავტომანქანიდან ამოღებულ ქაღალდის ფრაგმენტზე აღმოჩენილი სისხლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ბ. ა-ის გენეტიკური პროფილისა; ა-ის კავშირს ჩადენილ ყაჩაღობაში ამყარებს ასევე მობილური ოპერატორებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, 2015 წლის 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მისი კავშირები ყაჩაღობაში ბრალდებულ სხვა პირებთან. პალატა მიუთითებს, რომ ისეთი წონადი მტკიცებულებები, როგორიცაა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც უტყუარდაა დადასტურებული ა-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი კვალის სხვა ვითარებაში დარჩენისა მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია, საკმარისია ბრალის გონივრულ ეჭვს მიღმა სამტკიცებლად.

2.50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში რ. ჯ-ის, გ. გ-ის, ა. გ-სა და ბ. ა-ის უდანაშაულობის შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეულ ურთიერთშეჯერებულ და უტყუარ მტკიცებულებებს.

2.51. რაც შეეხება დ. ა-სა და ლ. ა-ეს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მათი მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2.52. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

2.53. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[2]

2.54. გასაჩივრებული განაჩენით ლ. ა-ის მსჯავრდება უმეტესად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, რომელზეც დატანილი იმეიკოდი დაემთხვა დაზარალებულ ნანული ბართიას მიერ თავისი დისთვის _ მ. ბ-სთვის ნაჩუქარ „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონის იმეიკოდს.

2.55. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტიურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საკასაციო პალატისთვის, როგორც ობიექტური დამკვირვებლისთვის, არ არის სარწმუნო ყაჩაღობისას მობილური ტელეფონის ცარიელი ყუთის გატაცება და შემდგომ მისი სამი დღის განმავლობაში საცხოვრებელ სახლში შენახვა, რის გამოც მიაჩნია, რომ ასეთი მტკიცებულების საფუძველზე პირის მსჯავრდება არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

2.56. ლ. ა-ის ბრალეულობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №- დასკვნა (რომლითაც დადგენილია, რომ ავტომობილის „WOLKSWAGEN CC SPORT 2009”, სახ. №-, უკანა მარცხენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან ამოღებულ მოლურჯო, არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ ლ. ა-ის, დ. ა-ის, რ. ჯ-სა და ა. გ-ის ჯინსის შარვლების ქსოვილების ლურჯი ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან), ვინაიდან მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ა-მა განმარტა, რომ ლ. ა-ის, დ. ა-ის, რ. ჯ-სა და ა. გ-ის ჯინსის შარვლების ქსოვილების შემადგენელი მოლურჯო ფერის, არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებიც შეღებილია ინდიგოიდური საღებავებით, არის ფართოდ გავრცელებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.

2.57. რაც შეეხება მობილური ოპერატორებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 15 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ლ. ა-ეს აქვს ინტენსიური კავშირი ა. გ-სთან, რ. ჯ-სთან, გ. გ-სთან, დ. ა-სა და ბ. ა-სთან, პალატა მიუთითებს, რომ მისი კავშირები შესაძლოა, გამხდარიყო მისი ბრალის გამამყარებელი მტკიცებულება სხვა, მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ცალკე აღებული პირის კავშირი სხვა ბრალდებულებთან კი ვერ გახდება მისი კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელი გარემოება.

2.58. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ა-ს, მისი მსჯავრდება ძირითადად ეფუძნება ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპეტიზის №- დასკვნას, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ რ. ხ-ას დედის, ნ. ბ-ის მიერ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაპოვნ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტანსაცმლიდან ჯინსის შარვალზე, ქამარსა და მაისურზე აღმოჩნდა დ. ა-ს ბიოლოგიური მასალა.

2.59. საკასაციო პალატა დაეთანხმებოდა გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას (მიიჩევდა მას დ. ა-ის ბრალეულობის უტყუარ მტკიცებულებად), რომ არა თავად იმ მტკიცებულების (რომლის საფუძველზეც ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა) მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ:

ადგილმდებარეობისა და ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა ხ-ს რაიონის სოფელ მ-ში დაზარალებულ რ. ხ-ას ეზოს დათვალიერება, რა დროსაც დათვალიერებაში მონაწილე პირები, ნ. ბ-ის მითითებით, გავიდნენ რ. ხ-ას საკარმიდამო ეზოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, რომელსაც ესაზღვრება დ. ბ-ის ეზო, სადაც ნ. ბ-ემ მიუთითა ლითონის კონსტრუქციის ღობესთან, მიწაზე დადებულ მოყვითალო-მომწვანო პოლიეთილენის პარკზე და აღნიშნა, რომ ეს პარკი იმ დღეს აღმოაჩინა (სხვა ნივთებთან ერთად პარკში აღმოჩნდა მაისური და ჯინსის შარვალი, რომელზეც დ–ი ა–ის გენეტიკური მასალა ამოვიდა).

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ იმ ვითარებაში, როდესაც შემთხვევიდან გასულია დაახლოებით 52 დღე და ამ დროის განმავლობაში შემთხვევის ადგილი ფაქტობრივად ორჯერ დათვალიერდა, ერთხელ, შემთხვევის დღეს - საპოლიციო ძაღლის მონაწილეობით, მეორედ კი -რ. ჯ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი მოპვებული მტკიცებულების უტყუარობის შესახებ. ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვექტორის” მიერ გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის №- დასკვნა, რომლის შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ 2015 წლის 6 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ №10 და №11 ფოტოსურათებზე რ. ჯ. აღბეჭდილია სწორედ იმ ადგილზე, სადაც 2015 წლის 24 ოქტომბერს მოწმე ნ. ბ-ემ აღმოაჩინა ცელოფნის პარკი (ფოტოსურათები №7 და №8), რომელიც, ბუნებრივია მაშინ (საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს) შემჩნეული უნდა ყოფილიყო.

ამდენად, წარმოშობილი ეჭვი არის გონივრული და პალატა სავალდებულოდ წყვეტს მას ბრალდებულის სასარგებლოდ.

2.60. რაც შეეხება მობილური ოპერატორებიდან მიღებულ ინფორმაციას, დ. ა-ის კუთვნილ, შპს ,,--“ ქსელში ჩართულ სააბონენტო ნომერზე -- განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს 13:39:30 საათიდან 2015 წლის 4 სექტემბრის 11:53:01 საათამდე დ. ა-ის კუთვნილ სააბონენტო ნომერზე - კონტაქტები არ ფიქსირდება. ამდენად, რაიმეს მტკიცება აღნიშნული ინფორმაციით შეუძლებელია. რაც შეხება იმ ფაქტს, რომ მითითებულ პერიოდამდე და მას შემდეგ დ. ა-ეს ჰქონია სატელეფონო კავშირი ა. გ-სთან, გ. გ-სა და ლ. ა-სთან, პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია დამოუკიდებლად ვერ იძლევა რაიმეს მტკიცების საფუძველს.

2.61. მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №- დასკვნა (რომლითაც დადგენილია, რომ ავტომობილის „WOLKSWAGEN CC SPORT 2009”, სახ. №-, უკანა მარცხენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან და დასაჯდომიდან, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან ამოღებულ მოლურჯო, არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ ლ. ა-ის, დ. ა-ის, რ. ჯ-სა და ა. გ-ის ჯინსის შარვლების ქსოვილების ლურჯი ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან) ექსპერტ ნ. ა-ის განმარტების გათვალისწინებით, რომ ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელი მოლურჯო ფერის, არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებიც შეღებილია ინდიგოიდური საღებავებით, არის ფართოდ გავრცელებული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა, ასევე არ არის საკმარისი საფუძველი დ. ა-ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

2.62. რაც შეეხება ამოცნობის ოქმებს, რომელთა თანახმადაც, რ. ხ-ამ ამოიცნო ლ. ა. და დ. ა. და განმარტა, რომ მათ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე პერიოდულად ხედავდა ქ.ქ-ში, თავისი სამუშაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ა. ასევე ნანახი ჰყავს თავისი საცხოვრებელი სახლის წინ „BMW”-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არის არაპირდაპირი მტკიცებულება, რაც შეიძლება ამყარებდეს ბრალდებას, მაგრამ მისი იურიდიული ძალის გათვალისწინებით, იგი დამოუკიდებლად ვერ დაადასტურებს პირის ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტს.

2.63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ა-სა და ლ. ა-ის მჯავრდება არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რის გამოც ისინი უნდა გამართლდნენ რ. ხ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისათვის წარდგენილ ბრალდებაში.

3. და ბოლოს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულთა განცხადებებზე, რომ ისინი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან გახდნენ არაადამინაური მოპყრობის მსხვერპლნი და მიუთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, სათანადო გამოძიებისა და მტკიცებულებების გარეშე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად შეაფასოს აღნიშნული საკითხი, თუმცა, იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდება საკითხის სათანადოდ შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - ბ. ა-სა და გ. გ-ის, მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ადვოკატის - ს. ბ-ის, მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატების - ო. გ-სა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატების - ა. ა-სა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული ლ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,, ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (რ. ხ-ას ეპიზოდი).

მსჯავრდებულ ლ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,, ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (კ. ფ-ის ეპიზოდი) განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. ა-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2015 წლის 5 სექტემბრიდან.

მსჯავრდებული დ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში

დ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ დ. ა-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

[2] იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.