საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ა-305-ა-12-08 4 აპრილი, 2008
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ მ.ხ.
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა-ძე
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გადაწვეტილების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ.ა-მ სარჩელით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მ.ხ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ქ.თბილისში, ზ-ის ქ. ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან იმ საფუძვლით, რომ იგი (მოსარჩელე) არის აღნიშნული ბინის მესაკუთრე, ხოლო მ. ხ. ცხოვრობს ბინაში ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე. ამასთან, ფართი სჭირდება სამხატვრო სახელოსნოს მოსაწყობად. მ.ხ-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა, რომ შესწორდეს თ.ა-ის სახელზე 1980 წელს გაცემული მემკვიდრეობის მოწმობა და ნაჩუქრობის ხელშეკრულება დადებული 1992 წელს თ.ა-სა და თ.ა-ეს შორის და თ.ა-ის სახელზე 2/3-ის ნაცვლად აღირიცხოს 1/12 ნაწილი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.ხ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება თ.ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა თ.ა-ის სარჩელი და მ. ხ. გამოსახლდა თბილისში, ..... მდებარე თ.ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, ¹10, ¹11, ¹9, ¹9-1 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გადაეცა თ.ა-ს. თ.ა-ს დაეკისრა მ. ხ-ს სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19035 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მ. ხ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი,M რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მის მიერ გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით. 2007 წლის 15 იანვრის, 5 თებერვლის, 5 მარტისა და 28 მარტის განჩინებებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ.ა-ის წარმომადგენელმა ლ.ჭ-მ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 21 იანვარს გასცა სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ.ხ-ამ და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
2008 წლის 6 მარტს მ.ხ-მ კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს „სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ“. საკასაციო საჩივარი, რომლის განხილვაც მან მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით აღძრულია სწორედ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე. ამდენად, განმცხადებლის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ორმაგ საფუძველს იძლევა სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო მ.ხ-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს „სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ“. განმცხადებლის განმარტებით, მისი საკასაციო საჩივარი, რომლის განხილვასაც ის მოითხოვს განცხადებით - „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ“ აღძრულია სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზე. ამდენად სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი მას ორმაგ საფუძველს აძლევს, მოითხოვოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებელი თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტს, რომელიც თავისი შინაარსით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ეხება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საქმის წარმოება საქმეზე, თ.ა-ის სარჩელისა გამო მოპასუხე მ.ხ-ს მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ დამთავრებულია და ძალაშია შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალტა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება სარჩელის წარდგენამდე ან მისი წარდგენის შემდეგ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც განიხილავს ამ სარჩელს. ამასთან, საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას განსახილველი ნორმის იმ დანაწესზე, რომლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით სააღსრულებო საბუთის შეჩერებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოყნებულ იქნეს სპეციალური ნორმა, რომელიც განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სამართლებრივ მექანიზმს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, მ.ხ-ას შეტანილი აქვს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მაგრამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის საფუძვლის არსებობის გამო შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან განმცხადებელი არ უთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლებიც მიუთითებენ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების აუცილებლობაზე და რაც უკავშირდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. ასევე გასათვალისწინებელია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლო აღსრულებას აჩერებს: ა) მოვალის გარდაცვალებისას ან მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას - მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნისას; გ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას - მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე; დ) (ამოღებულია) ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას - გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; 8) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააღსრულებო წარმოების შეჩერების არც ერთი ზემოთ აღნიშნული საფუძველი, რის გამოც სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებათა გამო სააღსრულებო საბუთის მოქმედების შეჩერებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.ხ-ს განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.