¹ა-603-ა-13-08 14 მაისი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ.ქ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ . მარტის განჩინების გაუმებისა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ . მარტის განჩინებით რ.ქ-ძის საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
20.. წ. .მარტს რ.ქ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლო განჩინებაში მითითებული ბაჟი დროულად გადაიხადა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დადგენილ ვადაში გამოგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებანი და თვლის, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში რ.ქ-ძე საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” -”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, რ.ქ-ძეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი იმის შესახებ, რომ თავისი ბრალის გარეშე მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დადგენილ ვადაში ან წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი სასამართლოში ან მოეთხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ.ქ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.