Facebook Twitter

ა-693-ა-14-08 24 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს “ე-ოს” დამფუძნებელი და წარმომადგენელი რ. ს-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც-ი”, სს “ე-ოს” გენერალური დირექტორი ა. გ-შვილი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნულ ალიანს “ც-ის” სს “ე-ოს” გენერალურ დირექტორ ა. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ე-ოს” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენისა და საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე შპს “ე-ოს” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის _ რ. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2008 წლის 31 მარტს შპს “ე-ოს” დამფუძნებელმა და წარმომადგენელმა რ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში რ. ს-შვილი გაეცნო სამოქალაქო საქმის მასალებს შპს “ე-ოს” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის _ რ. ს-შვილის სარჩელის გამო შპს “ე-ოს” კუთვნილ ქონებაზე სს “ე-ოსა” და ს. ა-იანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის შესახებ, რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული საქმის მასალების გაცნობის შედეგად განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოცემულ საქმეს არასწორად დაერთო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც განმცხადებელმა დაურთო სამოქალაქო საქმეს სარჩელზე შპს “ე-ოს” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანასა და საზოგადოების 1998 წელს რეგისტრირებულად აღიარების თაობაზე. ზემოხსენებული მტკიცებულებების (შპს “ე-ოს” პარტნიორთა 1998 წლის 28 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში რეგისტრირებული განცხადება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ შევსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათის ასლი, ამავე სასამართლოს მოსამართლე ა.თელიაშვილის 2005 წლის 20 იანვრის ¹63/63-01 მიმართვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 1998-1999 წლების რეგისტრაციის ჟურნალისა და 2000-2002 წლების ჟურნალის ასლები, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის 1997 წლის 4 თებერვლის დადგენილების ასლი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 1998 წლის გასული კორესპოდენციების აღრიცხვის ოქტომბრის ჟურნალის ასლი) მოცემული საქმის განხილვის დროულად წარდგენის შემთხვევაში გამოიწვევდა განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მითითებული მტკიცებულებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის დარღვევით, წარმოდგენილ საქმეს არ დაერთო. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”, “ვ” ქვეპუნქტებისა და მესამე ნაწილის საფუძველზე, საქმის წარმოება უნდა განახლდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტების, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება, ასევე, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მიერ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც დადგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ასევე მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარემოების შეტყობა, რომლებსაც მისი საქმის განხილვის პერიოდში სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლოთ არსებითად ზეგავლენა მოეხდინათ საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ასეთი გარემოების არსებობა მხარისათვის საქმის წარმოებისას ობიექტური მიზეზით არ უნდა ყოფილიყო ცნობილი, ხოლო სასამართლოს განაჩენის წარდგენა დავის გადაწყვეტის პროცესში მხარის ბრალის გარეშე უნდა ყოფილიყო შეუძლებელი.

მოცემულ შემთხვევაში შპს “ე-ოს” წარმომადგენელი რ. ს-შვილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მან ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე შპს “ე-ოს” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის რ. ს-შვილის სარჩელი გამო საქართველოს ....... კოოპერატივის ეროვნულ ალიანს “ც-ის” სს “ე-ოს” მიმართ შპს “ე-ოს” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენისა და საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე წარადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც არასწორად დაერთო სხვა, შპს “ე-ოს” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის რ. ს-შვილის სარჩელის გამო შპს “ე-ოს” კუთვნილ ქონებაზე სს “ე-ოსა” და ს. ა-იანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის შესახებ სამოქალაქო საქმეს, რაც განმცხადებლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2008 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მასალების გაცნობისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, .... წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. ამავე კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, მხარეები ვალდებული არიან, საქმის მომზადების მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. დასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაეცნოს სამოქალაქო საქმის მასალებს, მოითხოვოს და მიიღოს საქმის მასალების ასლები, კანონით დადგენილი წესით წარადგინოს მტკიცებულებანი, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები და დოკუმენტები სხვა საქმეებიდან, ამასთან, თუ მხარე სასამართლოს მტკიცებულებებს დროულად არ წარუდგენს, იგი კარგავს უფლებას მომავალში შეასრულოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება.

ამდენად, რ. ს-შვილს ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას შეეძლო დაუბრკოლებლად გაცნობოდა ზემოხსენებული სამოქალაქო საქმეების მასალებს და გამოერკვია, დაერთო თუ არა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმ საქმეს, რომელზე დასართავადაც იქნა აღნიშნული მასალები გამიზნული, უარყოფით შემთხვევაში კი, ხელახლა წარედგინა ისინი სასამართლოსათვის.

განმცხადებელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მხრიდან, ასევე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში, ვინაიდან რ.ს-შვილის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტი ბრალეული ქმედების შედეგად მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა არასწორად დართვის შესახებ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადგენილა და, შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ ჩაითვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ე-ოს” დამფუძნებლისა და წარმომადგენლის _ რ. ს-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.