საქმე # 010141318700054823
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№111აპ-18 თბილისი
ქ-ი ნ 111აპ-18 12 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ნ. ქ-ი, – დაბადებული 1----, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ი, გ-ი, კ-ს ქ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. და ტ. პ-ნ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ მ. ა-ა და გ. კ-ს. მათ შორის ინციდენტი ამოიწურა, თუმცა, მალევე აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ დ. ძ-ნ, თ. ზ-ნ, ნ. ქ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად და მისვლისთანავე ხელკეტებითა და ჯოხებით ცემა დაუწყეს ბ. პ-ა და მის თანმხლებ პირებს. ჩხუბის დროს ნ. ქ-მა, ანგარიშსწორების მიზნით, დანის გამოყენებით ლ. ყ-ა და ბ. პ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მიაყენა შემავალი ჭრილობები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ამასთან, ნ. ქ-მა ამავე ინციდენტში მონაწილე გ. ნ-ს დანის გამოყენებით მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა ორი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ ნ. ქ–მა თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.
· 2016 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ-ი, კ-ს ქ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. და ტ. პ-ნ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ მ. ა-ა და გ. კ-ს. მათ შორის ინციდენტი ამოიწურა, თუმცა მალევე აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ დ. ძ-ნ, თ. ზ-ნ, ნ. ქ-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად და მისვლისთანავე ხელკეტებითა და ჯოხებით ცემა დაუწყეს ბ. პ-ა და მის თანმხლებ პირებს. ჩხუბის დროს ნ. ქ-მა, ანგარიშსწორების მიზნით, დანის გამოყენებით ჯ. ქ-ს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ ნ. ქ-მა თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ნ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 10 წლით, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 17 დეკემბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-მ და ითხოვა ნ. ქ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ, გარდა მ. ა-ს, მ. ა-ა და მ. პ-ს ჩვენებებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება ნ. ქ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად საქმეში არ მოიპოვება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ნ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, კერძოდ:
7.1. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 21 იანვრის №----დასკვნით, ლ. ყ. აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ, მე-3-მე-4 ნეკნთაშუა სივრცეში ბეჭის ხაზზე, შემავალი გულმკერდის ღრუში გარედან შიგნით, რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
7.2. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 21 იანვრის №-----დასკვნის თანახმად, ჯ. ქ-ს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბეჭის ძვლის ზედა დონეზე სკაპულარულ ხაზზე, რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
7.3. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 21 იანვრის №------ დასკვნით, ბ. პ. აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, მე-7 ნეკნთაშუა სივრცეში, ბეჭის ხაზზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის დაზიანებით, მარჯვნიდან მარცხნივ, გარედან შიგნით, რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; ასევე – ექსკორიაციები მარჯვენა მტევნის ხელისგულზე და დორზალურ მიდამოში, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ასევე – ნაჭდევი მარცხენა თხემის მიდამოში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
7.4. ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 12 მაისის №--------- დასკვნის თანახმად, გ. ნ-ს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა წარბის მიდამოში, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, მე-6-მე-7 ნეკნთაშუა სივრცეში, იღლიის წინა ხაზსა და ლავიწშუა ხაზზე, ასევე – ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, ზედა მესამედში, არაშემავალი მუცლის ღრუში. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მარცხენა წარბის მიდამოში და მუცლის წინა ზედაპირზე, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; დაზიანებები გულმკერდის მიდამოში, მარცხნივ, გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. გ. ნ-ს ასევე აღენიშნებოდა დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, რომელიც, ამავე დასკვნის თანახმად, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
7.5. მითითებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს. ბ-მ.
8. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნ. ქ–ის ბრალეულობას ადასტურებს ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 13 ივნისის №--------- და 2017 წლის 19 ივნისის №--------- დასკვნები, რომელთა სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ო-მ, ასევე – ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეების: მ. –-ს, მ. პ-სა და მ. ა. ჩვენებები, რომლებიც თანმიმდევრულია და შინაარსობრივად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს და მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
10. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი