საქმე # 020141318700052133
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №12აგ-18 თბილისი
შ. მ, 12აგ-18 20 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მ. შ, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. შ-ს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 18 ივნისიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: მ. მ, რ. ფ. და მ. ლ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი მ. შ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულების: მ. შ-სა და მ. ლ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული მ. შ. გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული ძირითადი სასჯელებისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, მე-7 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით დადგენილი ძირითადი სასჯელი და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მ. შ-ს განესაზღვრა 17 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 18 ივნისიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. შ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 18 ივნისიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. შ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
8. 2017 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და უდანაშაულოდ ცნობა იმ საფუძველით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არის წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი. ამასთან, იგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. შ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ მ. შ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი ამ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობდა, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, რის გამოც მას პალატა ვერ გაიზიარებს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ მ. შ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი