Facebook Twitter

საქმე # 010141318700051148

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №13აგ-18 თბილისი

მ. ა, 13აგ-18 20 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა. მ, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) და მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ა. მ-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 19 სექტემბრიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

2. 2018 წლის 17 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. მ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის იმის მითითება, რომ დაუშვას მისივე შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ, ვინაიდან იგი ეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენების დაუშვებლობას მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისათვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა. მ. სჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების გამო. ამდენად, არ არსებობს მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ა. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი