საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ა-1430-ა-24-08 1 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი – სს “ბ-ი”
წარმომადგენელი _ დ. ბ-ნძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს-ა”
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით სს “ბ-ის” წარმომადგენელ დ. ბ-ნძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2008 წლის 23 ივლისს სს “ბ-ის” წარმომადგენელმა დ. ბ-ნძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებლის განმარტებით, 2008 წლის 25 აპრილს (უქმე დღეს _ წითელი პარასკევი), საერთაშორისო ექსპრეს ფოსტის “ტ.ნ.ტ.”-ს კურიერმა სს “ბ-ის” თანამშრომელ _ კონსულტანტ რეზო ურუშაძეს, ოზურგეთში, გმირთა მოედანზე გააჩერებინა ავტომანქანა და ჩააბარა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი, რაც რ. ურუშაძემ დაადასტურა პირადი ხელმოწერით.
ვინაიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაკეტილი იყო სს “ბ-ის” ოფისი, შესაბამისად, რეზო ურუშაძემ კანცელარიას აღნიშნული გზავნილი ჩააბარა 2008 წლის 29 აპრილს, რაც იმავე დღეს გაატარა საწარმოს კანცელარიამ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ექსპრეს ფოსტის “ტ.ნ.ტ.”-ს კურიერის მიერ სს “ბ-ისათვის” გადაცემული გზავნილი ჩაბარებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ 2008 წლის 29 აპრილს, როცა გზავნილი წარდგენილ იქნა ორგანიზაციის კანცელარიაში.
ვინაიდან აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის წარდგენის დროს უცნობი იყო როგორც კასატორისათვის (აღნიშნულის თაობაზე მან შეიტყო 2008 წლის 26 ივნისს) ასევე სასამართლოსათვის და, შესაბამისად, ეს გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ წარედგინათ საკასაციო სასამართლოში საქმის დასაშვებობის განხილვის დროს, გამოიწვევდა კასატორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტიელბის გამოტანას, განმცხადებელმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უწყება ეგზავნება ორგანიზაციას მითითებული მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) მიხედვით და იგი უნდა ჩაჰბარდეს ამ ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან კიდევ შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა კურიერს სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მხარის მიერ მითითებულ მისამართზე არ მიუტანია. კურიერმა 2008 წლის 25 აპრილს, უქმე დღეს (წითელი პარასკევი) რეზო ურუშაძეს განჩინების ასლი გადასცა ქუჩაში. უწყების მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით არ ირკვევა რეზო ურუშაძის თანამდებობა და მისი უფლებამოსილება უწყების ჩაბარებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა რეზო ურუშაძე იყო თუ არა აღჭურვილი უფლებამოსილებით მიეღო კორესპონდენციები, შესაბამისად, სასამართლო უწყება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2008 წლის 29 აპრილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ბ-ის” წარმომადგენელ დ. ბ-ნძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ბ-ის” წარმომადგენელ დ. ბ-ნძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოსაქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება და საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი;
4. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხი;
5. საკასაციო საჩივრის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.