¹ა-1265-ა-21-08 10 სექტემბერი, 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – სს „ბ-უ“
წარმომადგენელი – დ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ვ-აძე
დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით კ. ვ-აძისა და სს „ბ-უს“ სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ. ვ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა 399 775 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სს „ბ-უს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 133 190 აშშ დოლარის ნაწილში; ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით სს „ბ-უს“ კ. ვ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 266 585 აშშ დოლარის გადახდა.
2008 წლის 30 ივნისს სს „ბ-უმ“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა მოსარჩელე კ. ვ-აძის დანაშაულებრივ ქმედებაზე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს გამომძიებლის 2008 წლის 16 ივნისის დადგენილება კ. ვ-ძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მოსამართლის ბრძანება კ. ვ-ძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. 2008 წლის 30 ივლისს განმცხადებელმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ სს „ბ-უს“ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი განაჩენით განსასჯელი კ. ვ-აძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), რაც გამოიხატა იმაში, რომ კ. ვ-ძემ ჯგუფთან ერთად მიითვისა ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძვირფასეულობის ნაწილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოცემულ საქმეზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება, ვინაიდან წარმოდგენილი განაჩენით ამ საქმეზე დადგენილია მოსარჩელე მხარის – კ. ვ-ძის დანაშაულებრივი ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს `ბ-უს“ განცხადება დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და ამ საქმეზე განახლდეს საკასაციო წარმოება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.