Facebook Twitter

¹ა-1537-ა-26-08 16 იანვარი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები – ბ. და ბ. ტ-ძეები, ნ. ფ-ძე (მოპასუხეები ძირითად სარჩელში მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ია (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი სარჩელში – ბინიდან გამოსახლება

შეგებებულ სარჩელში – თანხის დაბრუნება

განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. თ-იამ 1998 წლის აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ფ. ბ. ტ-ძეების, ნ. ფ-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხეებს ამ ბინის ორი ოთახი წლების განმავლობაში უკავიათ დამქირავებლის სტატუსით, თუმცა არ იხდიან ქირას და, მოსარჩელის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებენ ბინის დაცლაზე. მოსარჩელის განმარტებით, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იგი იძულებულია, ცხოვრობდეს მხოლოდ ერთ ოთახში, რითაც ირღვევა მისი უფლებები. მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება.

მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და 1999 წლის ივლისში შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს სადავო ბინის ორი ოთახის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოპასუხეთა განმარტებით, ბ. ტ-ძე ქ.თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე სახლში ცხოვრობდა 1959 წლიდან, იგი ჩაეწერა ამავე ბინაში. 1969 წლის ივნისში სადავო სახლის ორი ოთახი იყიდა მოსარჩელის დედის - თ. გ-ავასაგან 7000 მანეთად. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შეუძლებლობის გამო აღნიშნული გარიგება გაფორმდა თ. გ-ავას 1979 წლის ანდერძით, რომლის თანახმად სადავო ფართი უნდა გადასცემოდა ბ. ტ-ძეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. თ-იას სასარჩელო მოთხოვნა მის სახელზე რიცხული ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბ. ტ-ძის მოთხოვნა სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ბ. ტ-ძეებმა და ნ. ფ-ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი სარჩელისათვის უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. თ-იას სარჩელი ბ. ბ. ტ-ძეებისა და ნ. ფ-ძის ბინიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-იამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი. ამრიგად, გაუქმდა სპეციალური კანონის ის ნორმები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ ლ. თ-იას ბინის დამქირავებლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას არ მისცა შესაბამისი კვალიფიკაცია, არ იმსჯელა სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე შეუძლია თუ არა ლ. თ-იას, როგორც სადავო ფართის მესაკუთრეს, მოითხოვოს მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება.

სააპელაციო პალატის მოსამზადებელ სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორმა შეცვალა დავის საგანი და ლ. თ-იასაგან მოითხოვა მის მიერ თ. გ-ავასათვის სადავო ფართის გამოსყიდვის მიზნით გადახდილი 7 000 მანეთის შესაბამისი თანხის - 7 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. თ-იას სარჩელი ბ. ფ. ზ. და ბ. ტ-ძეების, ნ. ფ-ძისა და მათთან მყოფი პირების სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ, ხოლო ბ. ტ-ძის შეგებებულ სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და ბ. ტ-ძეებმა, ნ. ფ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ბ. და ბ. ტ-ძეებისა და ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. და ბ. ტ-ძეების, ნ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. თ-იას სარჩელი ბ. ბ. ტ-ძეების, ნ. ფ-ძის მიმართ ქ. თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე ბინის ორი ოთახის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ამ ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და ბ. ბ. ტ-ძეები, ნ. ფ-ძე ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე ლ. თ-იას სახელზე რიცხული საცხოვრებელი ოთახის მესკუთრედ, ლ. თ-იასთვის მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 28 000 ლარის 25%ის – 7 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ ქ.თბილისში, . . . ქ.¹17-ში მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ლ. თ-ია; მოპასუხეები 1959 წლიდან ცხოვრობენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ორ ¹1 და ¹2 საცხოვრებელ ოთახებში და რეგისტრირებული არიან ამავე მისამართზე, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წლების მანძილზე იხდიდდნენ კომუნალურ გადასახადებს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1.1 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეები წარმოადგენენ მოსარგებლეებს და მათ ქ. თბილისში, . . . ქ.¹17-ში მდებარე მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგებით.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ დავაში საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ლ. თ-იას მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოითხოვოს მოსარგებლეების, ბ. და ბ. ტ-ძეების, ნ. ფ-ძის მხრიდან მის კუთვნილ ბინაზე მფლობელობის შეწყვეტა, თუ იგი სანაცვლოდ გადაუხდის მათ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებული საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ მოსარგებლეებს და აღძრული აქვთ შეგებებული სარჩელი, დააზუსტეს და, რაკი მესაკუთრე უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მოითხოვეს ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. თ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. თ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. თ-იას დაეკისრა ბ. ტ-ძის, ბ. ტ-ძისა და ნ. ფ-ძის სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომლის სანაცვლოდ მოპასუხეები ბ. ტ-ძე, ბ. ტ-ძე, ნ. ფ-ძე გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის გამოყენების პროცესუალური შესაძლებლობა მხარეებს ეძლევათ სასამართლოს ნებისმიერ ინსტანციაში, კერძოდ, განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მოსარგებლეს უფლება აქვს, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს განაცხადებს მოსარგებლისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდაზე (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი).

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2005 წლის 20 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 28 000 ლარს, ხოლო ამ თანხის 25% შეადგენს 7.000 ლარს, რომლის გადახდის შემთხვევაში ფართის ფაქტობრივი მფლობელი გახდება მისი მესაკუთრე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომლის სანაცვლოდაც მოპასუხეები უნდა გამოსახლდნენ სადავო სახლიდან.

ბ. და ბ. ტ-ძეებმა, ნ. ფ-ძემ განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო პალატამ ისე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ არ დაადგინა მოსარგებლეების მიერ დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულება. საკასაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მესაკუთრეს დაეკისრა მოსარგებლეებისათვის იმაზე ნაკლები თანხის გადახდა, რაც უნდა დაკისრებოდა სადავო ფართის საბაზრო ღირებულების შეფასების შემთხვევაში, რითაც დაარღვია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. თ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. თ-იას დაეკისრა ბ. ტ-ძის, ბ. ტ-ძისა და ნ. ფ-ძის სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რომლის სანაცვლოდ მოპასუხეები ბ. ტ-ძე, ბ. ტ-ძე, ნ. ფ-ძე გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, . . . ქ. ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.

ბ. ტ-ძემ და ბ. ტ-ძემ და ნ. ფ-ძემ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმცხადებლების განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უნდა დაედგინა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს განსახილველ საქმეზე მოსარგებლეების მიერ დაკავებული სადავო ფართისა და მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აღნიშნული ნორმის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი ძირითადი პირობის არსებობისას, კერძოდ, ახლად აღმოჩენილი გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ იყო და მეორე, განმცხადებლისათვის ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გახდა ცნობილი და მას, ბრალის გარეშე, საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ შეეძლო, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საკასაციო პალატაში საქმის განხილვის დროს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს რომ დაედგინა მოცემულ საქმეზე მოსარგებლეების მიერ დაკავებული სადავო ფართისა და მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოების არსებობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, საკასაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე. მხარეებს არაერთხელ მიეცათ შესაძლებლობა კვლავ განესაზღვრათ სადავო ფართის საბაზრო ღირებულება, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მაგრამ აღნიშნული შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული საქმის მირიგებით დამთავრების მიზნით. ამრიგად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ საფუძველს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. და ბ. ტ-ძეების, ნ. ფ-ძის განცხადება უსაფუძვლოა და მათ მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რის გამოც განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ტ-ძის, ბ. ტ-ძისა და ნ. ფ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.