Facebook Twitter

საქმე # 020141318700052971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №29აგ-18 თბილისი

შ. რ. 29აგ-18 20 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. შ-ს ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით რ. შ-ს, - დაბადებულის 19--- წელს, - მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19, 177-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 120-ე მუხლით ბრალდების ნაწილში. რ. შ-ს, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, განესაზღვრა შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსება 3 წლით, რომლის ათვლა დაეწყო სტაციონარში მოთავსების მომენტიდან.

2. 2018 წლის 7 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა რ. შ-ს ადვოკატმა ნ. კ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მოითხოვა საქმის არსებითად განხილვა, იმ საფუძვლით, რომ რ. შ. სათანადოდ არ ფლობს ქართულ ენას და სასამართლო სხდომაზე მას თარჯიმანი არ ჰყავდა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით რ. შ-ს ადვოკატ ნ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ს ადვოკატმა ნ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო რ. შ-ს ადვოკატ ნ. კ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. შ-ს ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. შ-ს ადვოკატ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება რ. შ-ს ადვოკატ ნ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი