Facebook Twitter

ა-2160-ა-28-08 23 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ დ.მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ “ზ.-ი”, “კ.-ა”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ დარღვეული საავტორო უფლების აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით “ზ.-ისა” და “კ.-ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება, დ.მ-ძის სარჩელი შპს “კ.-სა” და “ზ.-ის” მიმართ დარღვეული საავტორო უფლებების აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ასევე “ზ.-ის” შეგებებული სარჩელი დ.მ-ძის მიმართ ლოგოტიპის ქართული ვერსიის ერთადერთ ავტორად და მესაკუთრედ ცნობისა და მოპასუხისათვის ლოგოტიპის გამოყენების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ამერიკული კომპანია “ზ.-ი” დაარსდა 1892 წელს ჯორჯიის შტატში. 1893 წლის 31 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო ოფისში პირველად დარეგისტრირდა კომპანიის სასაქონლო ნიშანი “...”, რომლის ორიგინალური მონახაზი და ხელწერა ეკუთვნის ამ პროდუქტის სასმელის შემქმნელის, დოქტორ ჰემბერტონის პარტნიორ ფრანკ მ.რობინსონს. აღნიშნულიდან გამომდინარე, “ზ.-ის” როგორც ლოგოზე, ისე სასაქონლო ნიშანზე _ “...” _ 1892-93 წლებიდან გააჩნია განსაკუთრებული ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები. ,,ზ.-მ” სასაქონლო ნიშან ,,...-ზე” სარეგისტრაციო განაცხადი საქართველოში შეიტანა 1992 წელს, ხოლო ქართულ ვარიანტზე _ 1993 წელს. ორივე ნიშანი წარმოადგენს კანონმდებლობით დაცვად ნაწარმოებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ლოგოტიპი მიეკუთვნება რა სახვითი ხელოვნების სფეროს, არ შეიძლება ჩაითვალოს საავტორო უფლების მატარებელ ნაწარმოებად, ვინაიდან, ნაწარმოების ინტელექტუალური ხასიათი ვლინდება მის ინდივიდუალობაში, ორიგინალურობაში, იგი არ უნდა იმეორებდეს სხვა ნაწარმოებს, უნდა გააჩნდეს გარკვეული შემოქმედებითი დონე. ლათინური ლოგო ,,...” შესრულებულია წითელ ფონზე თეთრი წარწერით, ქართული ლოგოც იმავე სახითაა შესრულებული, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ნათლად იკვეთება ქართული ლოგოტიპის იდენტურობა ლათინურ ლოგოტიპთან მიმართებაში. მათი ურთიერთშედარებისას საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქართულ ვარიანტს ახასიათებს იმავე სახის ასოების ორნამენტები და ქართული ვარიანტით შენარჩუნებულია ლათინური ლოგოსათვის დამახასიათებელი ასოთა განლაგების სტილი, რაც ადასტურებს, რომ ვიზუალური ეფექტი უცვლელია და ფაქტობრივად ერთი დამწერლობის ასოები შეცვლილია სხვა დამწერლობის ასოებით, რაც ტრანსლიტერაციას წარმოადგენს და იგი საავტორო უფლებით დაცვადი არ არის. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ გ. წ-ძისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ე. მ-იანის დასკვნებზე, სადაც დადასტურებულია დ.მ-ძის მიერ შექმნილი ქართული ლოგოტიპის მსგავსება ლათინურ ლოგოტიპთან. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ექსპერტის მსჯელობას, ვინაიდან მიიჩნია, რომ მისი დასკვნა ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორებს მოიცავს, შეუძლებელია ნახატი ვიზუალურად და შინაარსობრივად სხვა ნახატის იდენტური იყოს და თან ინარჩუნებდეს ორიგინალობას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ-ძემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა, თუ რატომ ითხოვდა ,,...-ს” პროდუქციის სარეალიზაციო ფასის არანაკლებ 1%-ის მიღებას ჰონორარის სახით. საკასაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად ჩათვალა დ.მ-ძის სარჩელი შპს ,,კ.-ს” წარმომადგენელთან მისი შეთანხმების შესახებ საავტორო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. საკასაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ,,ზ.-ის” შეგებებული სარჩელის.

დ.მ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 2008 წლის 5 ნოემბერს საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ აცნობა დ.მ-ძეს, რომ ამავე დღეს მხატვართა კავშირის სამდივნომ მიიღო დადგენილება დ.მ-ძის მიერ შექმნილი ,,კ.-ს” ქართული ლოგოტიპის მხატვრული ღირებულების შესახებ, რომლის თანახმადაც იგი მიჩნეულ იქნა ორიგინალურ, ინტელექტუალურ, მაღალი დონის ნაწარმოებად, ამასთან, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მის მიერ შექმნილი ლოგოტიპის ტრანსლიტერაციად აღიარების თაობაზე. ამდენად, ზემოხსენებული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. დ.მ-ძემ განცხადებას მტკიცებულებად დაურთო საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნოს 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დ.მ-ძის განცხადების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი მტკიცებულების მოპოვება და გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლოთ არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე.

ამდენად, საქმის წარმოება უნდა განახლდეს მხარის მიერ არა ნებისმიერი შინაარსის ახალი მტკიცებულების მოპოვებისას, არამედ მხოლოდ ისეთი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის შედეგად, რომლის შეფასებით სასამართლო მიიღებდა განმცხადებელი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილი ფაქტი უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მის შემდეგ წარმოშობილ გარემოებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ იურიდიული შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს.

მოცემულ შემთხვევაში დ.მ-ძე ასეთ მტკიცებულებად თვლის საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნოს 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილებას დ.მ-ძის მიერ შექმნილი ,,...-ს” ქართული ლოგოტიპის მხატვრული ღირებულების შესახებ, რომლის თანახმადაც იგი მიჩნეულ იქნა ორიგინალურ, ინტელექტუალურ, მაღალი დონის ნაწარმოებად, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს მიერ ლოგოტიპის სადავო ქართული ვარიანტის ტრანსლიტერაციად აღიარებას.

განმცხადებელი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტზე და თვლის, რომ საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნოს 2008 წლის 5 ნოემბრის დადგენილება არის ისეთი მტკიცებულება, რომლის სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მიიღებდა განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილებას. სასამართლო არ იზიარებს დ.მ-ძის მოსაზრებას, ვინაიდან მხატვართა კავშირის მიერ ნაწარმოების აღიარება ორიგინალურად და ინტელექტუალურად მაღალი დონის მხატვრულ ნაწარმოებად ვერ წარმოშობს დ.მ-ძის საავტორო უფლებას სადავო ნაწარმოებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.მ-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს იმ გარემოებას, რომელიც გავლენას მოახდენდა სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რაც გამორიცხავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მოერე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.