Facebook Twitter

¹ა-2441-ა-30-08 9 ოქტომბერი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი – ვ. ბოკუჩავა

განმცხადებელი – ი. ა-ელი

წარმომადგენელი _ ა. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჭ-ძე, ე. ს-ული

წარმომადგენლები _ მ. პ-შვილი, მ. ქ-ძე

დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ძისა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ს-ულის, ა. ჭ-ძისა და დ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა ერთის მხრივ, ა. ჭ-ძის, ე. ს-ულის, დ. ჭ-ძისა და მეორე მხრივ, ამხანაგობა “ჭავჭავაძე-37-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნარდობის) არსებობა. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა უფლება ამხანაგობა “ჭავჭავაძე-37-ს სახელზე რიცხული ქ.თბილისის, ... გამზირი 37-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის დამთავრებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საკუთრებაში მიიღონ მხარეთა შორის დადებული 2000 წლის 10 ოქტომბრის, 2001 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით განსაზღვრული შემდეგი ფართი:

1. ა. ჭ-ძემ _ ... გამზ. 37-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 110კვ.მ, მე-6 სართულზე _ 380კვ.მ, მე-7 სართულზე _ 190კვ.მ, მე-10 სართულზე _ 440კვ.მ და 12 ავტოსადგომი.

2. ე. ს-ულმა _ იგივე მისამართზე ამავე სახლში მე-8 სართულზე 390კვ.მ და 4 ავტოსადგომი. მე-6 სართულზე _ 300კვ.მ 3 ავტოსადგომი.

3. დ. ჭ-ძემ _ იმავე სახლში მე-7 სართულზე 480კვ.მ და 5 ავტოსადგომი.

2008 წლის 24 დეკემბერს ი. ა-ელმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება დაემყარა იმ გარემოებას, რომ ე. ს-ულმა, ა. ჭ-ძემ და დ. ჭ-ძემ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადეს შეთანხმებული თანხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამუშაო შესრულდა შემკვეთის საშუალებით. განმცხადებლის მითითებით, გადაწყვეტილების გამოტანისას არ ყოფილა ცნობილი, რომ ა. ჭ-ძეს, დ. ჭ-ძესა და ე. ს-ულს ხელშეკრულებებში განსაზღვრული ფართის სანაცვლოდ თანხა არ გადაუხდიათ (თანხა გადაიხადა სხვა პირმა აწ გარდაცვლილმა ზ. ჭ-ძემ _ ა. და Dდ. ჭ-ძეების მამამ) და გარდა ამისა, თანხა გადაცემულ იქნა არა ამხანაგობისათვის, არამედ სხვა პირისათვის _ გ. ს-ძისათვის, რომელსაც ამხანაგობისათვის თანხა არ გადაუცია. აღნიშნული დასტურდება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 2005 წლის 21 აპრილს გამოტანილი დადგენილებით. განმცხადებლის მოსაზრებით, თუკი სასამართლოსათვის ცნობილი იქნებოდა ის გარემოება, რომ ამხანაგობასთან ე. ს-ულის, ა. ჭ-ძისა და დ. ჭ-ძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები ფიქტიური იყო, ვინაიდან მათ თანხა არ გადაუხდიათ, მაშინ საქმეზე არ გამოიტანდა ამგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ი. ა-ელმა, როგორც საქმის განხილვაში მონაწილე მესამე პირმა, რომელიც წარმოადგნს ამხანაგობა “ჭავჭვაძე -37ბ”-ს წევრს და რომლის განმარტებითაც, აღნიშნული გადაწყვეტილებით მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისა საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმების თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასათან, თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში თვლის, რომ ი. ა-ელის მიერ წარმოდგენილი ნ. ო-ძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის მიერ 2005 წლის 21 აპრილს გამოტანილი დადგენილებით დადგენილი გარემოებები ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვაინაიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს ი. ა-ელი მონაწილეობას ღებულობდა როგორც მესამე პირი, ამასთან, იყო ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ჭავჭავაძე 37ბ”- ერთ-ერთი დამფუძნებელი და სასამართლოს წინაშე არც მას და არც ამხანაგობის თავმჯდომარეს, თანხის გადახდის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ. განმცხადებელმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ თავისი ბრალის გარეშეE არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომ ამხანაგობისათვის თანხა გადახდილი არ ყოფილა და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ახალდ აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ა-ელის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.