ა-2-ა-7-09 4 მარტი 2009წ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი
განიხილა მ. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით მ. გ-ს დაევალა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით (იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას ბათილად ცნობის საფუძვლით) ან 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა (იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, ასევე გასაჩივრების კონკრეტული საფუძვლების მითითება.
დადგენილ საპროცესო ვადაში მ. გ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. გ-ის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დანიშნული ხარვეზის სრულად შევსება და განცხადება განუხილველად დატოვებას ექვემდებარება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით მ. გ-ის განცხადების ხარვეზად განისაზღვრა: განცხადების მოთხოვნის გაურკვევლობა, რამდენადაც გაურკვეველი იყო, თუ კონკრეტულად რას ითხოვდა განმცხადებელი _ საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ ბათილად ცნობის საფუძვლით; განცხადების დაუსაბუთებულობა, რამდენადაც განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ კონკრეტულ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო საქმეზე წარმოების განახლება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიუთითებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში მ. გ-მა სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი გამოასწორა მხოლოდ ნაწილობრივ: აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საქართველოს .... სააგენტოს ჭიათურის განყოფილების ცნობით ირკვევა, რომ მ. გ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია; დაზუსტებულია განმცხადებლის მოთხოვნა, რომ იგი ითხოვს საქმეზე წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო; საქმეზე წარმოების განახლების კონკრეტულ საფუძვლად მითითებულია მ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში გადაღებული ფოტოსურათები, რაც განმცხადებლის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დროულად წარდგენის შესაძლებლობის პირობებში, მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებულ ზიანს დაადასტურებდა. რაც შეეხება ხარვეზს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელების შესახებ, განცხადება კვლავ არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, იგი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას ამჯერადაც არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად, რომელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რის გამოც არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებობის პირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა მ. გ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ უზრუნველყო აღნიშნულ განჩინებაში მითითებული ხარვეზის სრულად გამოსწორება, რის გამოც მ. გ-ის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.