¹ა-172-ა-8-09 6 ნოემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. თ-ავა
კასატორის წარმომადგენელი _ ე. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ავა
წარმომადგენელი ---ვ. ხ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანამესაკუთრედ და მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. კ-ავამ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ ე. თ-ავა დაასახელა და სამკვიდრო ქონებიდან ¾წილის გამოყოფა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 1984 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწგარდაცვლილ რ. თ-ავასთან. რ. თ-ავა გარდაიცვალა 1994 წელს. პირველი მეუღლიდან რ. თ-ავას დარჩა შვილები აწ გარდაცვლილი თ. თ-ავა (1991 წ. გარდაცვლილი), ე. თ-ავა და ქალიშვილი მ. თ-ავა. გარდაცვლილ თ. თ-ავას დარჩა შვილი ნ. თ-ავა. ოჯახში მისულ მოსარჩელეს მ. თ-ავა დაოჯახებული დახვდა, იგი თბილისში ცხოვრობდა, რაც შეეხება თ. თ-ავას შვილს, მ. თ-ავას, 1991 წელს მხარეთა შორის მიმდინარე დავა, სადაც მხარეს მ. თ-ავას დედაც წარმოადგენდა, მორიგებით დამთავრდა და მაშინდელი მოსარჩელე მხარე ანუ მ. თ-ავა და დედამისი ოჯახმა თანხით გაისტუმრა.
მოსარჩელის განმარტებით, ოჯახში ცხოვრობდნენ ის, თავისი აწგარდაცვლილი მეუღლე და მოპასუხე ე. თ-ავა. 1984 წელს, როცა მოსარჩელე საცხოვრებლად სადავო სახლში გადავიდა, სახლი მთლიანად შეკეთებას საჭიროებდა. სწორედ ამის გამო შეიცვალა სახურავი – დაიხურა სახლი. სახლს ორი მხრიდან შემოაკრეს ალუმინის ღარიანი თუნუქი, ხოლო ორი მხრიდან ფერადი ქვიშით შელესეს, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ააშენეს სამზარეულო და აბაზანა, ასევე გაკეთდა კაპიტალური რემონტი სახლის შიგა მხარეს, შეცვალეს სახლის კარ-ფანჯრები, სახლის პირველ სართულზე გააკეთეს მანქანის კაპიტალური ავტოსადგომი, რომელშიც შემდგომ სასადილო მოაწყვეს, რაც შეიძლებოდა შეარემონტეს სახლის პირველი სართული, გაიყვანეს კანალიზაცია, კეთილმოაწყვეს სახლის წინა ეზო; გარდა ამისა, მოსარჩელეს ოჯახიდან სამი მიცვალუბულის გასვენება მოუხდა, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული; ასევე უვლიდა და მკურნალობდა ქმრის აწ გარდაცვლილ მამიდას, რაშიც ეხმარებოდნენ თავისი დისშვილები.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი თანამესაკუთრეა ამჟამად ე. თ-ავას სახელზე რიცხული ქონებისა, რადგან ქონება, რომელიც ე. თ-ავამ შემდგომ მემკვდრეობით მიიღო მამისაგან, არ წარმოადგენდა მხოლოდ გარდაცვლილი რ. თ-ავას საკუთრებას, არამედ იგი იყო მეუღლეთა თანასაკუთრება, შესაბამისად დარჩენილი 1/2½-დან ქონებისა, მას როგორც რ. თ-ავას პირველი რიგის თანმყოფ კანონისმიერ მემკვიდრეს 1/2-დი ეკუთვნის. გამომდინარე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლებით სამკვიდრო ქონებიდან ¾- 3/4-დის გამოყოფა.
მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა სადაო ქონებაზე, ქ.ქობულეთში ... ქუჩის ¹139-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე თანამესაკუთრედ ცნობა; დარჩენილი 1/2½-დან½ როგორც პირველი რიგის თანმყოფი მემკვიდრისათვის 1/2-ის გამოყოფა ანუ სულ მთლიანი სახლის 3/4-დზე მესაკუთრედ აღიარება; შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 01 სექტემბრის ჩანაწერებში.
მოპასუხე ე. თ-ავამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თ.კ-ავას მოთხოვნა იყო ხანდაზმული. მისი განმარტებით რადგან თ. კ-ავასთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა ე. თ-ავას სახელზე იყო გაცემული. ამის დამადასტურებელია თ.კ-ავავს მიერ 2005 წლის 29 აგვისტოს აღძრული სარჩელი, როდესაც იგი სამკვიდრო მოწმობის ბათილობას ითხოვდა, თუმცა ამ საქმეზე წარმოება შეწყდა თ.კ-ავას განცხადების საფუძველზე და ეს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თ. კ-ავა ცნობილი იქნა ქობულეთის რაიონის ... ¹ ¹ 139-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 3.4-ის მესაკუთრედ.
პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ავა და რ. თ-ავა რეგისტრირებულ ქორწინაბაში იმყოფებოდნენ.
ასევე მოწმეთა ჩვენებზე დაყრდნობით, პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენდა ოჯახში თ. კ-ავას მისთვლის შემდგომ, მანამდე იგი ნახევრად აშენებული იყო, თ.კ-ავას მისვლის შემდეგ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი (იხ.ს.ფ. 68, 69, 70) მოწმეთა ჩვენებები.
პალატამ მიიჩნია, რომ თ.კ-ავა მიჩნეული უნდა ყოფილიყო სადაო საცხოვრებელი სახლის ნახევრის მესაკუთრედ. რაც შეეხება დარჩენილ 1/2½-ს, სადაო არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. კ-ავა ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა რ. თ-ავას სამკვიდრო ქონებას, რის გამოც იგი დარჩენილ 1/2½-ზე ანუ ნახევარზე კანონისმიერ მემკვიდრედ იქნა მიჩნეული ე. თ-ავასთან ერთად. თ. კ-ავას ამ უკანასკნელის მიერ მამის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და სამართლებრივი უფლებები სადაოდ არ გაუხდია.
რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება და განმარტა, რომ მესაკუთრის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, პალატამ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრის უფლება განიცდის კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, უფლების დაცვის თვალსაზრისით კანონმდებელი არ ზღუდავს მესაკუთრეს თავისი უფლების დასაცავად და ნებას რთავს, შეუზღუდავად იდაოს მაშინ, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად მიიჩნევს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. თ-ავას წარმომადგენელმა ე. ბ-ძემ.
კასატორის წარმომადგენლის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, სახლის გადაკეთებასთან დაკავშირებით, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა იმ მოწმის ჩვენებებს, რომლებიც ე. თ-ავასთან კონფლიქტურ სიტუაციაში არიან, არაზუსტად ასახავენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ამახინჯებენ ფაქტებს და დაზუსტებით ვერ საუბრობენ ამა თუ იმ გარემოებაზე.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ცნობილ იქნეს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად, თუ დადგენილი იქნება, რომ ქორწინების განმავლობაში დახარჯული თანხების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (კაპიტალური რემონტი, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). კასატორის წარმონადგენელი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს - ქორწინების განმავლობაში დახარჯული თანხების და აღნიშნულის შედეგად სადაო ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდების ფაქტს.
ამასთან კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს გაშვებული აქვს სამკვიდროზე შედავების და სამკვიდრო მოწმობის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა. სადაო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ე. თ-ავას საკუთრებად აღირიცხა 1994 წლის 29 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით. ამ პერიოდიდან დაკარგა თ. კ-ავამ უფლება სადაო ქონებაზე და შესაბამუსად სწორედ ამ პერიოდიდან წარმოეშვა მას უფლება, ედავა თავისი დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.
კასატორის წარმომადგენლის აზრით, ის რომ მოწინააღმდეგე მხარე ფლობდა ინფორმაციას კანონისმიერი მემკივდრეობის უფლების მოწმობის შესახებ, რომლითაც მთლიანი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ რ. თ-ავას დანაშთ ქონებაზე ე. თ-ავა აღირიცხა, ადასტურებს თ. კ-ავას მიერ წარმოებული სამოქალაქო საქმე – ე. თ-ავაზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შესახებ, სადაც იგი მიუთითებს, რომ – ქალაქ ქობულეთში, ... ქუჩა ¹193-ში მდებარე ქონებაზე გაცემული სამკვიდროდ მოწმობა უკანონოა რადგან მას ე. თ-ავასთვის არ მიუცია თახმობა ქონების გაფორმებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებით დაადგინა, რომ რ. თ-ავას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ღირებულება თ.კ-ავასთან ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც თ.კ-ავა მიჩნეულ იქნა რ. თ-ავას თანამესაკუთრედ და მას გადაეცა თანასაკუთრებიდან 1\2 წილი, ხოლო როგორც მემკვიდრეს 1\4. სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. კ-ავა ცნობილი იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის 3\4-ის მესაკუთრედ. იმავდროულად დადგინდა სამკვიდრო მოწმობაში და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა.
სასამართლოს მიერ მიღებული ასეთი სახის გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი თ. კ-ავას მიერ 2005 წლის 23 აგვისტოს სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ირკვევა, რომ თ. კ-ავა აღნიშნული სარჩელით ითხოვდა ე. თ-ავას სახელზე სახლის, როგორც სამკვიდრო ქონების გადაფორმების თაობაზე სანორტარო მოქმედების გაუქმებას. აღნიშნულის თაობაზე დავა შეწყვეტილია სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით. დღეისათვის თ. კ-ავას სანოტარო მოქმედების გაუქმება არ მოუთხოვია, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეისათვის არ არსებობს რ. თ-ავას სამკვიდრო ქონება, რის გამო შეუძლებელია მოსარჩელე მის ქონებაზე ცნობილი იქნეს მემკვიდრედ ან მესაკუთრედ. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. უფრო მეტიც, სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება სამკვიდრო ქონების დღეისათვის არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია იმსჯელო სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებულობასა თუ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობა-არარსებობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. პალატა თვლის, რომ საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული იმავე სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლომ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა რ. თ-ავას სამკვიდრო ქონება და შესაძლებელია თუ არა მისი საკუთრების სახით ან მემკვიდრეობით სხვა პირისთვის გადაცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. თ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.