ას-2488-ა-10-09 27 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ.სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ა-იანის წარმომადგენლის ჯ. ქ-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ. ა-იანს და მის წარმომადგენელს ჯ. ქ-შვილს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 1000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ვ. ა-იანის წარმომადგენელს ჯ. ქ-შვილს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში და ჩაბარდა 2008 წლის 20 ნოემბერს (ს.ფ.189). ამდენად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა ამოიწურა ამავე წლის 27 ნოემბერს. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლის მიუხედავად, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ვ. ა-იანის წარმომადგენლის ჯ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი (192-193).
2008 წლის 30 დეკემბერს ვ. ა-იანის წარმომადგენელმა ჯ. ქ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინების ასლი მას ჩაბარდა 2008 წლის 22 ნოემბერს, მოითხოვა ამ განჩინებით მიცემული საპროცესო ვადის აღდგენა. განმცხადებელმა წარმოადგინა შპს “საქართველოს ფოსტის” აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ შეკვეთილი წერილი ¹579 მისამართზე ფარნავაზ მეფის ქ. ¹ 59, ჩაბარდა 22.11.2008 წელს ქ-შვილს.
საკასაციო პალატა გაეცნო ვ. ა-იანის წარმომადგენლის ჯ. ქ-შვილის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში ვ. ა-იანის წარმომადგენლის ჯ. ქ-შვილის მიერ წარმოდგენილი შპს “საქართველოს ფოსტის” აჭარის ფილიალის ცნობა არ აბათილებს საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის დასტურს (ს.ფ.189) იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინება ვ. ა-იანის წარმომადგენელს ჯ. ქ-შვილს ჩაბარდა 2008 წლის 20 ნოემბერს. თუ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილის დასტურს (ს.ფ. 189), ამის თაობაზე შეუძლია მიმართოს კანონით დადაგენილ წესით შესაბამის ორგანოებს, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აქედან გამომდინარე, ვ. ა-იანის წარმომადგენლის ჯ. ქ-შვილის მიერ შემოტანილი განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ა-იანის წარმომადგენლის ჯ. ქ-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.