Facebook Twitter

ა-451-ა-12-09 27 აპრილი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ თ. მ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹44/1-ში, მოპასუხე მ. ჭ-ძეს დაეკისრა თ. მ-შვილის სასარგებლოდ 444 ლარისა და 10 თეთრის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება (ტომი 3, ს.ფ. 163-170).

ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-ძემ და თ. მ-ძემ (წარმომადგენელი გ. კ-ძე), რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს (ტომი 3, ს.ფ. 181-190).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ძისა და თ. მ-ძის წარმომადგენელ გ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹44/1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 2003 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. მ-შვილის სარჩელი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹44/1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 2003 წლის 10 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა (ტომი 4, ს.ფ. 59-69).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 4, ს.ფ. 82-94).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო (ტომი 4, ს.ფ. 112-114).

2009 წლის მარტში თ. მ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დამთავრებულ საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა.

მოგვიანებით, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში თ. მ-შვილმა მოთხოვნა დააკონკრეტა, კერძოდ, განმარტა, რომ იგი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობას და საქმეზე წარმოების განახლებას.

გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნას განმცხადებელი მთლიანად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მას საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა, პირადად არ ჩაჰბარებია. აქედან გამომდინარე, არასწორია 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებაში იმის მითითება, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე ხელს თავად თ. მ-შვილი აწერს (ტომი 4, ს.ფ. 3, 10).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, თ. მ-შვილის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის აღნიშნული საფუძვლები ამომწურავია და მისი გაფართოება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი თ. მ-შვილი არ მიუთითებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის არც ერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე. განმცხადებელი, ფაქტობრივად, ითხოვს საქმეზე წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძვლით, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და არა გადაწყვეტილების ბათილობის გამო წარმოების განახლების საფუძველია. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია არამარტო ბათილობის, არამედ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის თვალსაზრისითაც.

თ. მ-შვილი თავისი განცხადების დასასაბუთებლად მარტოოდენ იმაზე მითითებით შემოიფარგლება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება პირადად არ ჩაჰბარებია. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მითითებულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება თ. მ-შვილს ჩაჰბარდა 2008 წლის 18 ოქტომბერს, რასაც ადასტურებს შეტყობინებაზე არსებული ხელმოწერა (ტომი 4, ს.ფ. 111). შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მოცემული საკითხის სადავოდ გახდა საფუძველს მოკლებულია. თ. მ-შვილი საქმეში არსებული აღნიშნული მტკიცებულების გასაქარწყლებლად მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობით შემოიფარგლება და მის დასადასტურებლად არა აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს საფუძველი რაიმე ეჭვი შეიტანოს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ზემოაღნიშნული შეტყობინების სისწორეში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება