¹ა-885-ა-13-09 1 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
განიხილა პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და სამკვიდრო ქონების გაყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხე პ. თ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა წარმომადგენლის მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე (ს.ფ. 66-69).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. თ-ძემ და ნ. ძ-ურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად) დაკმაყოფილება, კერძოდ, სამკვიდრო ქონების _ წყნეთის სააგარაკე სახლის სამ თანაბარ წილად გაყოფა (ს.ფ. 78-80; 105-106).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონების გაყოფისა და მემკვიდრეთათვის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება: მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ისინი ცნობილ იქნენ წყნეთში, ... ქ. ¹36-ში მდებარე (დ. თ-ძის სამკვიდრო ქონებიდან) უძრავი ქონებიდან თითოეული 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ (ს.ფ. 135-140).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა პ. თ-ძემ (წარმომადგენელი ლ. მ-ანი), რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებზე დაყრდნობით მისი გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 156-157).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა მოცემული საქმის წარმოება (ს.ფ. 187-189).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 6 აგვისტოს მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონების გაყოფისა და მემკვიდრეთათვის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. თ-ძე და ნ. ძ-ური ცნობილ იქნენ წყნეთში, ... ქ. ¹36-ში მდებარე (დ. თ-ძის სამკვიდრო ქონებიდან) უძრავი ქონებიდან თითოეული 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ (ს.ფ. 218-223).
სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. თ-ძემ (წარმომადგენელი ლ. მ-ანი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 227-234).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ 267-275).
2009 წლის 29 აპრილს პ. თ-ძემ (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილი გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სამედიცინო ცნობაში შეცდომით მითითებული ლ. მ-ანის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის თარიღი (6 აგვისტოს ნაცვლად 6 ივლისი) მისთვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს 9 მარტის განჩინებით, რომელიც 2009 წლის 1 აპრილს ჩაბარდა მას. განმცხადებელი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა აღნიშნული გარემოების შესახებ, იგი წარადგენდა შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას უზრუნველყოფდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, პ. თ-ძის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; დადგენილია მოწმის ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მოცემულ საქმეზე განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქმის მასალებში 2008 წლის 6 აგვისტოს გაცემული ცნობის ტექსტში ლ. მ-ანის სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის თარიღი – 2008 წლის 6 ივლისი – არის მექანიკური შეცდომა და ამის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა IV-100/ა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველს. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინების ერთ-ერთ და არა ერთადერთ საფუძველს, რის გამოც არ დაკმაყოფილდა პ. თ-ძის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ავადმყოფობის ცნობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების პირობას, კერძოდ, იგი არ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი ახლად აღმოჩენილად განიხილავს მხოლოდ ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რაც მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გახდა ცნობილი. ზემომითითებული ავადმყოფობის ცნობის თარიღის უსწორობის შესახებ კი განმცხადებლის მიერ იმთავითვე იყო ცნობილი, რამდენადაც აღნიშნული ცნობა საქმეზე სწორედ მის მიერ იქნა წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოში და იცნობდა მის შინაარსს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რის გამოც პ. თ-ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.