ა-1337-ბ-15-09 24 სექტემბერი, 2009წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – რ. ს-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ “ახალციხის ინსტიტუტი”
დავის საგანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი სსიპ “ახალციხის ინსტიტუტის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად.
2009 წლის 22 ივნისს რ. ს-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ისე ცნო დაუშვებლად მისი საჩივარი, რომ საქმის განხილვაზე მოწვეული არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, როდესაც მხარე საქმის განხილვაზე არ იყო მოწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მითითებული მუხლის თანახმად, განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე არსებითად არ განხილულა, არამედ შემოწმდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, რაც ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო კოლეგიას შეუძლია გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე, მხარეთა მოუწვევლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ამასთან, 2009 წლის 28 მაისს რ. ს-შვილმა დაზუსტებული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განჩინებასთან დაკავშირებით არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელთა წარდგენის შესაძლებლობა უფრო ადრე რომ ჰქონოდა, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განცხადება თავისი ხასიათით წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დავა არსებითად არ გადაწყვეტილა და იგი არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, შესაბამისად, საკასაციო პალატა განცხადების ავტორს განუმარტავს, რომ მას აღნიშნული მოთხოვნით შეუძლია მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ს-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.