¹ა-1341-ა-16-09 8 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ. დ-იას და მისი წარმომადგენლის ნ. შ-იას განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ხ. კ-იას, ლ. კ-იას, ნ. კ-იასა და ი. კ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ხ. კ-იას, ლ. კ-იას, ნ. კ-იასა და ი. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნ. კ-იას 2007 წლის 16 მარტის ანდერძი.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ტ. დ-იას წარმომადგენელს ჩაბარდა 2009 წლის 2 აპრილს (ს.ფ.52), ხოლო მის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილი იქნა ამავე წლის 5 მაისს (ს.ფ.72), ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი (ს.ფ.74-75).
2009 წლის 22 ივნისს ტ. დ-იას წარმომადგენელმა ნ. შ-იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა ამავე წლის 2 აპრილს, ხოლო საკასაციო საჩივარი მის მიერ შეტანილი იქნა 2009 წლის 4 მაისს. განმცხადებელმა წარმოადგინა შპს “საქართველოს ფოსტის” ქვითარი ¹000015 და ¹000003, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 4 მაისს.
საკასაციო პალატა გაეცნო ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არ ყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას მიერ წარმოდგენილი შპს “საქართველოს ფოსტის” ქვითარი არ აბათილებს საქმეში არსებულ საფოსტო კონვერტს (ს.ფ.72) იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი ტ. დ-ის წარმომადგენლის ნ. შ-იას მიერ გაგზავნილ იქნა 5 მაისს. თუ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნულ საფოსტო კონვერტს (ს.ფ. 72), ამის თაობაზე შეუძლია მიმართოს კანონით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებს, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. დ-იას წარმომადგენლის ნ. შ-იას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.