ას-1486-ა-17-09 21 სექტემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ლ. ს-ძის განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 17 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ც. ც-შვილმა ლ. ს-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2007 წლის 10 მარტს ლ. ს-ძესა და ც. ც-შვილს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აღნიშნული ხელშეკრულებით ლ. ს-ძისათვის გაცემული ა. და ა. ა-ვრებისა და ე. კ-ევას სამემკვიდრეო ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
ლ. ს-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ც-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 1928 წელს გარდაცვლილი ა. ი ა-ვრების და 1931 წელს გარდაცვლილი ე. ი კ-ევას სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა, სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა, 1928 წელს გარდაცვლილი ა. ი ა-ვრისა და 1931 წელს გარდაცვლილი ე. ი კ-ევას სამკვიდრო ქონებაზე და უფლებებზე სადაც უნდა იყოს და რაშიც უნდა გამოიხატებოდეს მესაკუთრედ ცნობა, მათ შორის ც. ც-შვილისაგან 2007 წლის 10 მარტის აქტით გადაცემულ სამკვდიროს მოძრავი ნივთების ნაწილზე, ა. ა-ვრის მე-2 რიგის მემკვიდრედ და მის სამკვიდრო ქონებაზე და უფლებებზე მესაკუთრედ ცნობა, ე. კ-ევას მე-5 რიგის მემკვიდრედ და მის სამკვიდრო ქონებაზე და უფლებებზე სადაც უნდა იყოს და რაშიც უნდა გამოიხატებოდეს მესაკთურედ ცნობა, 1918 წელს გარდაცვლილი ა. ა-ვრის სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და ა. ზაქარიას ასული ა-ვრის პირველი რიგის მემკვიდრედ და მის სამკვიდრო ქონებაზე და უფლებებზე სადაც უნდა იყოს და რაშიც უნდა გამოიხატებოდეს მესაკუთრედ ცნობა, მათ შორის 2007 წლის 10 მარტის აქტით გადაცემულ სამკვიდრო ნივთებზე მესაკუთრედ ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ც. ც-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ც. ც-შვილსა და ლ. ს-ძეს შორის 2007 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულება. ლ. ს-ძეს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე ც. ც-შვილის მიმართ ა. ი და ა. ი ა-ვრებისა და ე. ი კ-ევას სამემკვიდრეო ქონებაზე დ უფლებებზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ძის წარმომადგენელმა მ. პ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ლ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ს-ძემ და ც. ც-შვილმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში წარმოდგენილი პირობებით მასსა და ც. ც-შვილს შორის მორიგების აქტის დამტკიცება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით ც. ც-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინება.
ამრიგად მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მიმდინარე წლის 6 ივლისს ლ. ს-ძემ და ც. ც-შვილმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესს სასამართლოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თავის მოთხოვნას განმცხადებლები აფუძნებენ იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 6 ივნისს ნოტარიუს გ. გ-შვილის მიერ ლ. ს-ძეზე გაიცა წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების სამკვიდრო მოწმობა, რომლის არსებობის და მტკიცებულების სახით გათვალისწინების შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას და დაამტკიცებდა მხარეებს შორის გაფორმებულ მორიგების აქტს.
განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა მიიჩნია, ვინაიდან ლ. ს-ძესა და ც. ც-შვილს შორის მორიგების დამტკიცებაზე უარის თქმის განჩინება გამოიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განცხადების ავტორებმა მოითხოვეს საქმის წარმოების განახლება და საქმეში არსებული მორიგების აქტის დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოდგენილი განცხადების და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ძისა და ც. ც-შვილის განცხადება, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ც. ც-შვილის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ც. ც-შვილსა და მოპასუხე ლ. ს-ძეს შორის 2007 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულება. ლ. ს-ძეს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე ც. ც-შვილის მიმართ ა. და ა. ა-ვრებისა და ე. ი კ-ევას სამემკვიდრეო ქონებაზე დ უფლებებზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული, ზემოხსენებული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრი განჩინებით კი თავის მხრივ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინება. შესაბამისად კანონიერ ძალაში შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოს არსებითად ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია საქმეზე, შესაბამისად საქმის განმხილველ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლო, რომლის 2007 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაც შევიდა კანონიერ ძალაში და სწორედ იგია უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნულ დავაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოდგენილი განცხადება.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ამავე კოდექსის 425ე, 399-ე მუხლების საფუძველზე ასევე გამოიყენება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვისას და განმარტავს, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. კანონის დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს განცხადება განუხილველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ძის და ც. ც-შვილის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე,429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ძის და ც. ც-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.