Facebook Twitter

¹ბს-1091-670(კ-05) 28 მარტი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. კ-ი, წარმომადგენელი თ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. ქ. ქუთაისის მერია, წარმომადგენელი ხ. ჯ-ი; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური (არ გამოცხადდა)

მესამე პირი _ თ. კ-ი, წარმომადგენლები: გ. კ-ე, რ. ჭ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მაისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. კ-მა მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹440 განკარგულების მისი თანმხლები აქტებით ბათილად ცნობა;

ბ. ქ. ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროსისათვის მის მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმების დავალება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹440 განკარგულებით დამტკიცდა სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს ¹125 აქტი თ. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის, ეზოში მდგომი სათავსისა და ავტოფარეხის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. აღნიშნული აქტით დასტურდებოდა, რომ მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოები აწარმოვა თ. კ-მა, მაშინ, როდესაც აღნიშნული სამუშაოები სინამდვილეში შესრულებული ჰქონდა მოსარჩელეს. ამ საკითხზე დავა მიმდინარეობდა 1993 წლიდან. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით თ. კ-ს უარი ეთქვა იმ სათავსის მიკუთვნებაზე, რომელიც ქ. ქუთაისის მერიამ სადავო განკარგულებით მიაკუთვნა. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-5, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლების საფუძველზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. კ-ი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

2005 წლის 28 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. კ-მა მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ თ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹440 განკარგულების ბათილად ცნობა;

ბ. ქ. ქუთაისის სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს ¹125 აქტის ბათილად ცნობა;

ბ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის უფროს გ. კ-ის მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმების დავალება.

მოსარჩელის დამატებითი სასარჩელო განცხადების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ის აღიარებითი სარჩელი და იგი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილ ვ. კ-თან ერთად ქ. ქუთაისში, ......... ქ. ¹12-ში მდებარე 19,14კვ.მ, 12,25კვ.მ, 1,35კვ.მ, 2,43კვ.მ სათავსების, მათ წინ მდებარე გასასვლელის, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსლისა და ორკარიანი ავტოფარეხის ნახევრის ამშენებლად. ამავე გადაწყვეტილებით თ. კ-ს უარი ეთქვა სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად ცნობასა და საჯარო რეესტრში დამხმარე სათავსების მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე.

ქ. ქუთაისის სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს ¹125 აქტით ზემოაღნიშნული დამხმარე ფართები უკანონოდ ჩაითვალა ........ ქ. ¹12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ნაწარმოებ მიშენება-რეკონსტრუქციად და უკანონოდ იქნა ექსპლუატაციაში მიღებული. ამავე აქტით, ექსპლუატაციაში იქნა გაშვებული დამხმარე სათავსები, სარდაფის სათავსი, ბაქნები, შესასვლელი კიბეები, ეზოში მდგომი სათავსი და ავტოფარეხის ნახევარი.

ქ. ქუთაისის სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს ¹125 აქტი კანონიერი საფუძვლის გარეშე დამტკიცებულ იქნა ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹440 განკარგულებით.

ექსპლუატაციაში მიღების დროს სახელმწიფო კომისია დაეყრდნო მხოლოდ ერთ დოკუმენტს _ ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2004 წლის 28 ივნისს გაცემულ გეგმა-ანაზომს, რომელშიც მთელი დამხმარე ფართი უკანონოდ იყო აღრიცხული მისი ძმის _ თ. კ-ის სახელზე, მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით იგი ითვლებოდა არა მფლობელად ან მესაკუთრედ, არამედ _ ამშენებლად აწ გარდაცვლილ მამასთან ერთად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 25 ნოემბრის ¹59 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ქ. ქუთაისის სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს ¹125 აქტით და ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹440 განკარგულებით ექსპლუატაციაში მიღებული იყო ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹12-ში თ. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე ნაწარმოები მიშენება-რეკონსტრუქცია _ სარდაფის სათავსი, დამხმარე ოთახები, გასასვლელი კიბეები, ეზოში მდგომი სათავსი. ავტოფარეხი თანაბარ უფლებებში იყო თ. და ნ. კ-ებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ჩანაწერიც უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო.

მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. სინამდვილეს არ შეესაბამებოდა მოსარჩელის მსჯელობა, თითქოსდა უკანონო ნაგებებების ექსპლუატაციაში მიღებისას კომისია დაეყრდნო მხოლოდ გეგმა-ანაზომს. კომისიას ხელთ ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ფართების ამშენებლად თ. კ-ი იქნა აღიარებული და სწორედ თ. კ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც “საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ¹806 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით დასრულდა დავის საგნად ქცეული ადმინისტრაციული აქტების მიღებით.

სარჩელი ასევე არ ცნო მესამე პირმა თ. კ-მა და განმარტა, რომ ნ. კ-ის მიერ წარდგენილ ტექბიუროს ცნობაში აღნიშნული იყო, რომ სადავო ფართები ნ. კ-ის სახელზე აღრიცხული იყო როგორც დაუკანონებელი, ე.ი. როგორც უკანონო, მაგრამ არა როგორც მისი აშენებული. არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის იურიდიული საფუძველი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ იგი განეკუთვნებოდა სადავო ფართების ამშენებელს. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული იყო, რომ ნ. კ-მა აწარმოვა უნებართვო მშენებლობა და ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, ნაცვლად ერთი ოთახისა, მიაშენა ექვსი საცხოვრებელი ოთახი დამხმარე სათავსებით, მაგრამ გადაწყვეტილების აღნიშნული მითითებით ნ. კ-ი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სადავო დამხმარე სათავსოების მესაკუთრედ. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელსაც პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა განსახილველ საქმეზე, ერთმნიშვნელოვნად დადგინდა სადავო სათავსოების ამშენებლად თ. კ-ი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებისა და მასში 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოების აღმასკომებს უფლება მიეცათ, როგორც გამონაკლისი, მოეხდინათ თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაცია თვითნებური ამშენებლებისათვის. აღნიშნულის საფუძველზე, ნ. კ-ს, როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილ სადავო სათავსების ამშენებელს, სრული უფლება ჰქონდა, მიემართა სათანადო ორგანოსათვის აშენებული სათავსების ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:

საქალაქო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა, მაშინ, როდესაც ამავე გადაწყვეტილებით თ. კ-ს უარი ეთქვა საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული დამხმარე სათავსების მის საკუთრებად აღიარებაზე უსაფუძვლობის გამო, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის სარჩელი მფლობელად ცნობის შესახებ. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო კანონდარღვევით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას. საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები სადავო ¹125 აქტის შემდგენი კომისიის თავმჯდომარის მოწმედ დაკითხვის თაობაზე, უსაფუძვლოდ არ ჩათვალა საჭიროდ, სხდომაზე მოსულიყო საჯარო რეესტრის სამსახურიდან სპეციალისტი, იგნორირება გაუკეთა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ პროექტი, რომლის საფუძველზეც მოხდა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, გაცემული იყო მის სახელზე, სასამართლომ მტკიცებულებები არ შეაფასა შინაგანი რწმენით და მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მაისის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ქუთაისში, ....... ქ. ¹12-ში მდებარე სადავო დამხმარე ნაგებობები აშენებული იყო 1962 წელს, რასაც არ უარყოფდა თავად ნ. კ-იც; აღნიშნული სათავსები, გარდა ავტოფარეხის ნაწილისა, ფაქტობრივად, დაკავებული ჰქონდა თ. კ-ს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი სადავო დამხმარე სათავსებიდან თ. კ-ის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; სადავო სათავსოები, გარდა ავტოფარეხისა, იზოლირებული იყო ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილისაგან და წარმოადგენდა დამხმარე სათავსებს: საკუჭნაოს, სააბაზანოს, ტუალეტსა და სარდაფს. აღნიშნული სათავსებით სარგებლობდა თ. კ-ი და ასეთი დანიშნულების სხვა ფართი მის საცხოვრებელ სახლს არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით იგი ცნობილი იქნა სადავო ობიექტების ამშენებლად და მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ ყოფილა სადავო სათავსების კუთვნილებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილებიდან სარჩელში მოყვანილი ციტატით, რომ ნ. კ-მა მამის სიცოცხლეში მისივე დახმარებით სახლს მიაშენა ახალი სახლი, არ დასტურდებოდა, რომ საუბარი იყო სადავო ანუ პირველ სართულში განთავსებულ სათავსებზე. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საუბარიც რომ ყოფილიყო სადავო ობიექტებზე, მოცემული ციტატით მაინც არ დასტურდებოდა, რომ ნ. კ-ი იყო მათი მესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ........... ქ. ¹12-ში მდებარე 19,14კვ.მ, 12,25კვ.მ, 1,35კვ.მ, 2,42კვ.მ სათავსების, მათ წინ მდებარე გასასვლელის, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსელისა და ორკარიანი ავტოფარეხის ნახევრის ამშენებლად ცნობილ იქნა თ. კ-ი ვ. კ-თან ერთად. მაშასადამე, სადავო აქტების მიღებამდე დადგინდა, რომ სადავო ნაგებობების ამშენებელი ვ. კ-თან ერთად იყო თ. კ-იც, ვისაც, ფაქტრობრივად, დაკავებული ჰქონდა სათავსები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლომ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებისა და მასში 1994 წლის 16 მარტის ¹156 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოების აღმასკომებს უფლება მიეცათ, როგორც გამონაკლისი, მოეხდინათ თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია თვითნებურ ამშენებელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო სათავსები წარმოადგენდა 1962 წელს თვითნებურად აშენებულ ნაგებებებს, დასაშვები იყო მათი დაკანონება ამშენებლის სახელზე. ამშენებლად კი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილი იყო თ. კ-ი ვ. კ-თან ერთად.

სადავო არ იყო, რომ ვ. კ-ის სახელზე რიცხული სახლი მთლიანად საკუთრებაში გადავიდა თ. კ-ზე, ამდენად, ქ. ქუთაისის მერიას სრული უფლება ჰქონდა, ამ უკანასკნელის სახელზე დაეკანონებინა სადავო დამხმარე სათავსები, ხოლო ავტოფარეხის ნახევარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად დაუკანონდა ნ. კ-ს, როგორც ამშენებელსა და ფაქტობრივ მფლობელს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სადავო აქტები კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცემულად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წელის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ის აღიარებითი სარჩელი და იგი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილ ვ. კ-თან ერთად ქ. ქუთაისში, ......... ქ. ¹12-ში მდებარე 19,14კვ.მ, 12,25კვ.მ, 1,35კვ.მ, 2,43კვ.მ სათავსების, მათ წინ მდებარე გასასვლელის, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსლისა და ორკარიანი ავტოფარეხის ნახევრის მშენებლად. ამავე გადაწყვეტილებით თ. კ-ს უარი ეთქვა სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად ცნობისა და საჯარო რეესტრში დამხმარე სათავსების მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე უსაფუძვლობის გამო. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოახდინა აღნიშნული გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია, რომლის ძალითაც თ. კ-ი ცნობილ იქნა ამშენებლად არა მთლიან ფართზე, არამედ _ მხოლოდ მის ნახევარზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი, რომ ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, როგორც სახელმწიფო მიმღებმა კომისიამ, ისე ქუთაისის მერიამ სადავო აქტების გამოტანისას დაარღვიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცედურა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმების მოთხოვნები მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო, ვინაიდან იგი არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში და არ მიეცა შესაძლებლობა, ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარედგინა მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გამოკვლევის მოთხოვნით, გასცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება, გამოეცა ადმინისტრაციული აქტი ან უარი ეთქვა მის გამოცემაზე.

ექსპლუატაციაში მიღების დროს მიმღები სახელმწიფო კომისია დაეყრდნო მხოლოდ ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2004 წლის 28 ივნისს გაცემულ გეგმა-ანაზომს, რომელშიც დამხმარე სათავსები უკანონოდ აღირიცხა თ. კ-ის სახელზე, მაშინ, როდესაც იგი არც მფლობელად და არც მესაკუთრედ, არამედ მხოლოდ ამშენებლად იქნა ცნობილი აწ გარდაცვლილ ვასილ კ-თან ერთად სადავო ფართების ნახევარზე, ხოლო მეორე ნახევარს 2003 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ასახვა არ უპოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქუთაისში, ...... ქ. ¹12-ში მდებარე სადავო დამხმარე ნაგებობები აშენებულია 1962 წელს; აღნიშნული სათავსები, გარდა ავტოფარეხის ნაწილისა, ფაქტობრივად, დაკავებული აქვს თ. კ-ს; სადავო სათავსები, გარდა ავტოფარეხისა, იზოლირებულია ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილისაგან და წარმოადგენს დამხმარე ფართს: საკუჭნაოს, სააბაზანოს, ტუალეტსა და სარდაფს. აღნიშნული სათავსებით სარგებლობს თ. კ-ი და ასეთი დანიშნულების სხვა ფართი მის საცხოვრებელ სახლს არ გააჩნია.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი სადავო დამხმარე სათავსოებიდან თ. კ-ის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის შეგებებული სარჩელი ქ. ქუთაისში, .......... ქ. ¹12-ში მდებარე 19,14კვ.მ, 12,2კვ.მ, 1,25კვ.მ, 2,43კვ.მ სათავსების, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსლისა და ავტოფარეხის ნახევრის მფლობელად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მფლობელობის მართლზომიერად აღიარებისათვის საჭირო იყო სამართლებრივი საფუძველი, რაც თ. კ-ს ამჟამად არ გააჩნდა, ვინაიდან ეს სათავსები ვ. კ-ის საკუთრებად აღრიცხული არ ყოფილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წელის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. კ-ის აღიარებითი სარჩელი და იგი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილ ვ. კ-თან ერთად ქ. ქუთაისში, .......... ქ. ¹12-ში მდებარე 19,14კვ.მ, 12,25კვ.მ, 1,35კვ.მ, 2,43კვ.მ სათავსების, მათ წინ მდებარე გასასვლელის, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსლისა და ორკარიანი ავტოფარეხის ნახევრის მშენებლად; უარი ეთქვა თ. კ-ს ტექაღრიცხვის ბიუროსა და საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული დამხმარე სათავსების მესაკუთრედ დაფიქსირებაზე; ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹12-ში მდებარე 19,14კვ.მ, 12,25კვ.მ, 1,35კვ.მ, 2,43კვ.მ სათავსების, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსლისა და ავტოფარეხის მის საკუთრებად ცნობის, თ. კ-ისათვის ამ სათავსების სარგებლობის უფლებით დატოვებაზე უარის თქმის და მისი ამ სათავსებიდან გამოსახლების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები _ ქ. ქუთაისის სახელმწიფო მიმღები კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს ¹125 აქტი და ქ. ქუთაისის მერიის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹440 განკარგულება გამოცემულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე და მის აღსასრულებლად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოახდინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წელის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია, რომლის ძალითაც თ. კ-ი ცნობილ იქნა ამშენებლად არა მთლიან ფართზე, არამედ მხოლოდ მის ნახევარზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წელის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გარკვევით არის მითითებული, რომ თ. კ-ი ცნობილია ნახევარ ფართზე ამშენებლად მხოლოდ ავტოფარეხთან მიმართებაში, ხოლო დანარჩენ სათავსებზე _ მთლიან ფართზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და ორაზროვანი და არ იძლევა სხვაგვარი დასკვნის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, ანუ პირს, რომელსაც შეიძლებოდა იურიდიული ინტერესი ჰქონოდა ადმინისტრაციული წარმოების მიმართ, ვინაიდან აღნიშნული წარმოების მიზანი იყო მასთან თანაბარ უფლებებში არსებული ავტოფარეხის ექსპლუატაციაში მიღების საკითხის გადაწყვეტა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რამდენად აუცილებელი იყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომ ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავო სათავსებთან დაკავშირებით მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას და აღარ მოხდებოდა სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ასევე ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა აღნიშნული სათავსების ექსპლუატაციაში მიღებით მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულო მონაწილეობის წინაპირობას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა თუნდაც პროცედურული დარღვევით ყოველთვის არ იწვევს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადებას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მტკიცებით, მისი, როგორც დაინტერესებული მხარის უფლების დარღვევა, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო, მდგომარეობდა იმაში, რომ მას მოესპო გარკვეული მტკიცებულებების წარდგენის, საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება, არ მიეცა შესაძლებლობა, ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარედგინა მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გამოკვლევის მოთხოვნით, გასცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რამდენად განაპირობებდა მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვაგვარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, ვერ მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და შუამდგომლობებზე, რომლებიც გამოიწვევდა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, კასატორი მონაწილეობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წელის 2 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ. კ-ის აღიარებითი სარჩელისა და ნ. კ-ის სარჩელის განხილვაში, სადაც მოახდინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის უფლების რეალიზება, ხოლო სადავო ადმინისტრაციული წარმოება ემყარებოდა სწორედ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ისეთ დარღვევას, რაც საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლები).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მაისის განჩინება;

3. ნ. კ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.