Facebook Twitter

საქმე # 010140018700051677

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №32აპ-18 ქ. თბილისი

მ. ვ., 32აპ-18 15 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნიკოლოზ ნინიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ. მ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

1994 წლის 24 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, ნასვამი ვ. მ. სტუმრად იმყოფებოდა მეზობელთან, ქ. თ-ში, ვ-ს მე-- მ/რ-ის, 1-ლი კვარტლის, 1-ლი კორპუსის, ბინა N-შიმცხოვრებ ვ. მ-სთან. დაახლოებით 17:00 საათზე, ვ. მ-სთან სტუმრად მივიდა ასევე ნასვამი ნაცნობი მამაკაცი - ო., რომელსაც ვ. მ. „ო-ს“ სახელით იცნობდა. ო.და ვ. მ. შეკამათდნენ, რა დროსაც ო-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ-ს. შეკამათების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ვ. მ-მ განიზრახა ო-ს მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ. მ-მ აიღო რკინის ნაჭერი და ვ. მ-ს თანდასწრებით მრავალჯერ დაარტყა ოთარს თავში, რის შედეგადაც ო. ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვ. მ-მ და ვ. მ-მ, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო, ვ. მ-ს მიერ მოტანილი მავთულით ჯერ ხელები და ფეხები გაუკრეს გვამს, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ო-ს გვამი მესამე სადარბაზოს საერთო სარდაფში ჩაათრიეს და იქ გადამალეს, რის შემდეგაც ვ. მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ვ. მ-მ დანაშაულის კვალის დასაფარად, სამზარეულოში მოწმინდა სისხლის კვალი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით ვ. მ., - დაბადებული 19-- წელს, - საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

გამართლებულ ვ. მ-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განმარტა: იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობად, აუცილებელია, დადგინდეს პირის განზრახვა, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის მოსპობისკენ; დანაშაულის ჩადენის მოტივი, რომლითაც ხელმძღვანელობდა დამნაშავე დანაშაულის ჩადენისას და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ვ. მ-ს ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები. კონფლიქტის დროს ბინიდან ისმოდა კამათის ხმა, მათ შორის „სავარაუდოდ“ - ო-ს ხმა, ასევე დასტურდება, რომ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩნდა ვინმე ო-ს გვამი, რომლის სიკვდილის მიზეზია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები. თუმცა საქმეში არ მოიპოვება არათუ პირდაპირი (გარდა ვ მ-ს ჩვენებისა), არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი, რომ ვ. მ-მ მოკლა ო. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ვ მ-ს ჩვენება - ადასტურებს ფაქტს რომ ვ. მ-მ მოკლა ვინმე ო. ეს ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმის გარდაცვალების გამო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის თანახმად, გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც ასევე უტყუარად ადასტურებენ პირის ბრალეულობას, ხოლო ერთადერთი გამოქვეყნებული ჩვენებით, რომლის უტყუარობის გადამოწმება შეუძლებელია სხვა მტკიცებულებების არარსებობის გამო, დაუშვებელია პირის დამნაშავედ ცნობა.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 23 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი (ვ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 205-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) (დანაშაულის დაფარვა)) არ მიიჩნია ვ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად, ვინაიდან თბილისის ისნის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 23 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება ვ.მ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.

ამდენად სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ვ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი დატოვა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ. კასატორი ითხოვს ვ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და მისთვის სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ვ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვ. მ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნიკოლოზ ნინიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი