ა-ვ-708-ა-19-09 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ძ-ურის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2007 წლის 28 ნოემბერს ნ. ძ-ურმა სარჩელით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. გ-შვილის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა აბაშის რაიონის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლად 18 საათობრივი დატვირთვით, მოპასუხეს ნ. ძ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ოთხი თვის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღნიშნული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. ძ-ურის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ძ-ურმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით ნ. ძ-ურს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ.73-74). აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ნ. ძ-ურს ჩაბარდა 2009 წლის 13 მაისს (ს.ფ.75-76). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 18 მაისს. აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2009 წლის 22 მაისს ნ. ძ-ურმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2009 წლის 18 მაისს, ხოლო მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 22 მაისს, ანუ საპროცესო ვადის 4 დღის გასვლის შემდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით ნ. ძ-ურის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
2009 წლის 25 სექტემბერს ნ. ძ-ურმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განჩინება ჩაბარდა ამავე წლის 19 მაისს, ხოლო ხარვეზი მის მიერ ვადაში იქნა შევსებული. განმცხადებელმა წარმოადგინა შპს “საქართველოს ფოსტის” წერილი საიდანაც ირკვევა, რომ შეკვეთილი წერილი ნ. ძ-ურის სახელზე მიღებულია აბაშის ფოსტაში 11.05.09წ. აღნიშნული წერილი ჩაბარდა მის ახლობელს ნესტორ ძ-ურს (სოფ. რწმუნებული) 13.05.09წ, ხოლო ნ. ძ-ურს ჩაბარდა 19.05.09წ.
საკასაციო პალატა გაეცნო ნ. ძ-ურის მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არ ყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში ნ. ძ-ურის მიერ წარმოდგენილი შპს “საქართველოს ფოსტის” წერილი არ აბათილებს საქმეში არსებულ საფოსტო შეტყობინებას (ს.ფ.76) იმის თაობაზე, რომ ნ. ძ-ურს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლი ჩაბარდა 13 მაისს. თუ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებს ზემოაღნიშნულ საფოსტო შეტყობინებას (ს.ფ. 76), ამის თაობაზე შეუძლია მიმართოს კანონით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებს, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ძ-ურის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.