Facebook Twitter

საქმე # 080100117002029638

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №34აპ-18 ქ. თბილისი

კ. ჯ, 34აპ-18 1 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ჯ. კ, - დაბადებული --- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2017 წლის 14 სექტემბრიდან.

ჯ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

განაჩენით ჯ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ---- წლის -- ნოემბერს, დაახლოებით ---- საათზე, ხ-ს რაიონის სოფელ უ-ში, ჯ. კ. ,,---’’ მოდელის, სანომრე ნიშნით ---, ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33.1. (,,მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’) მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,----“ მოდელის, სანომრე ნიშნით ----, ავტომობილს, რომელსაც ზ. ნ. მართავდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ,,----’’ ავტომობილის მგზავრმა ჰ. ა. კ.-მ და ,,---’’ ავტომობილის მძღოლმა ზ. ნ-მ, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ,,---’’ მარკის ავტომობილის მგზავრმა ვ. ხ-მ.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ჯ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას - სასჯელის ძირითად სახედ ჯარიმის დანიშვნით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს ჯ. კ-ათვის შეფარდებული სასჯელის ზომას.

7. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. კ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

8. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ჯ. კ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი