Facebook Twitter

ა-1786-ა-21-09 6 აგვისტო, 2009წ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ლ. ს-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით ლ. ს-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2009 წლის 4 აგვისტოს ლ. ს-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით დამთავრებულ საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა.

თავის მოთხოვნას განმცხადებელი აფუძნებს იმ გარემოებას, რომ ნოტარიუს გ. გ-შვილის მიერ 2009 წლის 21 ივლისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან, როგორც ა. ს-ძის (ქორწინებამდე უ-ძის) პირველი რიგის მემკვიდრემ, მემკვიდრეობით მიიღო, ა. ს-ძის (ქორწინებამდე უ-ძის) დეიდის _ ა. ა-არის აქტივებისა და პასივების წარმომადგენლობითი მეორე რიგის მემკვიდრეობითი უფლებით სამკვიდროს მიღების უფლება. განმცხადებლის აზრით, დასახელებული მტკიცებულების გათვალისწინების შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობდა მის საკასაციო საჩივარს და დააკმაყოფილებდა მას.

განცხადების შეტანის ვადასთან მიმართებით განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც იგი საქმეზე წარმოების განახლებას უკავშირებდა (სამკვიდრო მოწმობა) მისთვის ცნობილი გახდა 2009 წლის 21 ივლისს, რასაც ცხადყოფდა თავად სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღი. შესაბამისად, საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა მის მიერ დაცული იყო.

განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა მიიჩნია. აღნიშნული მსჯელობა ლ. ს-ძემ იმით დაასაბუთა, რომ საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ კანონის ნორმები მართებულად განმარტა, ხოლო ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა. ამასთან, განცხადებაზე თანდართული სამკვიდრო მოწმობის გათვალისწინების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობდა ლ. ს-ძის საკასაციო საჩივარს, გააუქმებდა გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს დააბრუნებდა ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ლ. ს-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად დატოვებას ექვემდებარება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადება არ ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით საქმე არსებითად არ განუხილავს და ვერც ახალ ფაქტებს მიიღებდა მხედველობაში, რისი კომპეტენცია საპროცესო კანონმდებლობით არ გააჩნია. აღნიშნული განჩინებით საქმე განსახილველად არ იქნა დაშვებული, რის შედეგადაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს _ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე. რამდენადაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით შეიძლება სწორედ ის იყოს გასაჩივრებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ს-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.