ვ-743-ა-22-09 9 ნოემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ გ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ან საჩხერის რაიონული სასამართლოსათვის მისი გაცემის დავალდებულება საქმეზე, რომლითაც სს ,,ჭ-ს” ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 34117 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს განსახილველად.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებით გ. ბ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 6 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად ამავე სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით გამოუსწორებლობის გამო.
გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით არასწორად დარჩა გ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად, რადგან მას სასამართლოსათვის წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე გენერალური ინსპექციის მიერ გაცემული ცნობები, ამასთან მხარეს არ გადასცემია აღნიშნული უწყებებიდან საქმის გადაწყვეტის თაობაზე ახალი წერილებოთი მტკიცებულებები რომლებიც უნდა წარედგინა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებასთან დაკავშირებით, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა განმცხადებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მხარის განცხადების კანონის იმპერატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელს დაუდგენს ხარვეზს და კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებების თაობაზე რომელთა შესრულება მხარის განცხადების განსახილველად მიღებისათვის სავალდებულოა. სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის საფუძველზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა ამ განცხადების დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, გ. ბ-ის განცხადებას, რომლითაც იგი მოითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა და ჩაბარდა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე 2009 წლის 12 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ. 26).
სასამართლოს მიერ მხარისათვის განსაზღვრული ხუთდღიანი საპროცესო ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მეორე ნაწილის თანახმად, დაიწყო 2009 წლის 13 ოქტომბერს და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა ამავე წლის 19 ოქტომბერს. ამ ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 427-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.