¹ა-1995-ა-24-09 30 ნოემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ სს ,,პ-ი” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. თ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,პ-ის” მიმართ სს ,,პ-ის” გენერალური დირექტორის ¹ა78-07/07 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურის _ 7497 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის _ 787 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ.თ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.თ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ზ.თ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2007 წლის 25 ივლისის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდა და ზ.თ-შვილი აღდგენილ იქნა სს ,,პ-ის” ქუთაისის ფილიალის ინკასატორის თანამდებობაზე, ასევე სს ,,პ-ს” დაეკისრა ზ.თ-შვილის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 7497 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,პ-მა”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით სს ,,პ-ის” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 177,51 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი სს ,,პ-ს” ჩაბარდა 2009 წლის 3 აგვისტოს. 2009 წლის 8 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 177,51 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლა დარღვეული საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სს ,,პ-ის” მიერ განჩინების ჩაბარების დროისათვის კასატორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შვებულებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სს “პ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სს “პ-ის” წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არც ბანკს და არც მის წარმომადგენელ გ.ყ-შვილს კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, რის შესახებ განმცხადებელმა 2009 წლის 24 სექტემბერს ბანკის თანამშრომელ დ. ბ-შვილის ახსნა-განმარტებიდან შეიტყო. ფაქტობრივად, სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა სს “პ-ის” კანცელარიას, გადაეწერა ამავე ბანკის თანამშრომელ დ.ბ-შვილს, რომელიც იმჟამად მივლინებაში, შემდგომ კი შვებულებაში იმყოფებოდა და სასამართლო გზავნილის შესახებ 2009 წლის 7 სექტემბერს შეიტყო. მან დაუყოვნებლივ გადასცა განჩინების ასლი უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული გარემოება დასტურდება 2009 წლის 24 სექტემბრის დათარიღებული დ.ბ-შვილის წერილობითი ახსნა-განმარტებით. საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების მომენტში ბანკის დირექტორები საქართველოში არ იმყოფებოდნენ, ხოლო მათი წარმომადგენელი გ.ყ-შვილი სარგებლობდა შვებულებით. სადავო პერიოდში საზოგადოების დირექტორთა _ ს.ტერნესისა და ფ.პოტის საქართველოში არყოფნის ფაქტს ადასტურებს განცხადებაზე დართული ავიაბილეთები. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სს “პ-მა” საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადაიხადა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟი 397,34 ლარის ოდენობით, ვინაიდან საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 7497 ლარს. ამდენად, საკასაციო საჩივარი ამ უკითხით ხარვეზს არ შეიცავდა და საკასაციო სასამართლომ სადავო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით არასწორად დააკისრა კასატორს დამატებით 177,51 ლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “პ-ის” წარმომადგენელ გ.ყ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების მოთხოვნისას მხარემ სათანადოდ უნდა დაადასტუროს, რომ გარემოება, რომელსაც იგი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს, არ იყო და ვერც იქნებოდა ცნობილი მისთვის საქმის განხილვისას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინება სს “პ-ის” საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ საზოგადოების კანცელარიის მუშაკს ჩაბარდა 2009 წლის 3 აგვისტოს, მაგრამ უფლებამოსილი პირების მოვლინებაში ყოფნის გამო აღნიშნული განჩინების შესახებ ბანკისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ამავე წლის 7 სექტემბერს. მხარის ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყება, რომელიც ცალსახად ადასტურებს სადავო სასამართლო გზავნილის სს ,,პ-ისათვის” 2009 წლის 3 აგვისტოს ჩაბარების ფაქტს, რა დროსაც კასატორისათვის ცნობილი გახდა ხარვეზის დადგენისა და მისი განსაზღვრულ ვადაში გამოსწორების მოვალეობის შესახებ. აგრეთვე იმის თაობაზე, რომ ხარვეზის ვადის ათვლა დაიწყებოდა სწორედ 2009 წლის 3 აგვისტოდან. ამდენად, მითითებული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილად ვერ ჩაითვლება.
რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს, რომ ზემოხსენებული სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა უფლებამოსილ პირს _ საზოგადოების დირექტორს ან მის წარმომადგენელს, არამედ კანცელარიის მუშაკს, რომელმაც იგი ხელმძღვანელობას დროულად არ გადასცა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სს “პ-ში” კორესპოდენციების განაწილების თავისებურებები და ამ დროს წარმოშობილი ხარვეზები მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევაზე ვერ იმოქმედებს და საზოგადოების შიდა სტრუქტურული საკითხების მოუწესრიგებლობა სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება.
ასევე დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად ვერ ჩაითვლება განმცხადებლის მითითება, რომ სს “პ-ის” საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი _ 397,34 ლარი და საკასაციო სასამართლომ დამატებით ხარვეზი არასწორად განუსაზღვრა. საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს პრეროგატივაა და მის მიერ ხარვეზის დადგენის კრიტერიუმების თუნდაც არასწორად განსაზღვრის ფაქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის წინაპირობა ვერ გახდება, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილ პრინციპებს. ასეც რომ არ იყოს მხარის ზემოთ მოყვანილი არგუმენტი სამართლებრივად უსაფუძვლოა, კერძოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.თ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2007 წლის 25 ივლისის ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ზ.თ-შვილი აღდგენილ იქნა სს ,,პ-ის” ქუთაისის ფილიალის ინკასატორის თანამდებობაზე, სს ,,პ-ს” ზ.თ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის _ 7497 ლარის ანაზღაურება.
სს “პ-მა” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად გაასაჩივრა საკასაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის _ 7497 ლარის ანაზღაურების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი, რაც იძულებითი განაცდურის თანხასთან ერთად წარმოადგენს 11497 ლარს (4000+7497). საკასაციო სასამართლომ 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით მიიჩნია რა, რომ საკასაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 11497 ლარს, კასატორს გადახდილად ჩაუთვალა მის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟი 397,34 ლარის ოდენობით და ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სავსებით სწორად განუსაზღვრა დამატებით დარჩენილი 177,51 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “პ-ის” წარმომადგენელ გ.ყ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.