Facebook Twitter

ა-1730-ა-25-09 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – გ. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – “ბ-ის კომპანია” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილისა და 11 ივნისის განჩინებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილისა და 11 ივნისის განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ა-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე „ ბ-ის კომპანიის“ მიმართ სამოსახლო მიწის ნაკვეთის, მასში არსებული ქონების საკომპენსაციო თანხისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რუსთავსა და თბილისს შორის (ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში) მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით აღრიცხულია მის სახელზე, მან მიწის ნაკვეთზე ჩაატარა სხვადასხვა სახის სამუშაოები, რისთვისაც გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი, კერძოდ, შეიყვანა ნაკვეთამდე მისასვლელი სამანქანო გზა, დარგო მრავალწლიანი ნარგავები (კაკალი, ვაშლი, მსხალი და სხვა); ყოველწლიურად ამუშავებდა ნაკვეთს და მოჰყავდა მოსავალი, ამის გარდა, დაამზადებინა ორსართულიანი სახლის პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით. მოსარჩელის განცხადებით, იგი აპირებდა სახლის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, მაგრამ ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთს კვეთდა მილსადენი, რის შესახებაც შეტყობინება „ ბ-ის კომპანიამ“ გაუგზავნა, ასევე კომპანიის მიერ გაეგზავნა შეთავაზება ქონებრივი დანაკარგის საკომპენსაციო თანხის თაობაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა იმ მოსაზრებით, რომ მიწის ნაკვეთისა და მასში არსებული ქონების შეფასება არარეალური იყო. მოსარჩელემ ასევე, განმარტა, რომ უშედეგო აღმოჩნდა მას და კომპანიას შორის მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპები. მოსარჩელე მხარე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 მარტის ადგილობრივი დათვალიერების ოქმზე, სოფლის მეურნეობის აკადემიის სპეციალისტ-ექსპერტთა 2004 წლის 31 მარტისა და კომპანიის სპეციალური კომისიის 2004 წლის 23 აპრილის დასკვნებზე მითითებით, აღნიშნავდა, რომ ნაკვეთში 27 ძირი (ექვსი, რვა და ათწლიანი) კაკლის ხის არსებობა დადასტურებული იყო. მხარის განცხადებით, მან მრავალჯერ მისწერა კომპანიას და აცნობა პირობების მიუღებლობის შემთხვევაში ნაკვეთის დათმობაზე უარის თქმის შესახებ. 2004 წლის 14 მაისს, ოფიციალურად მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა – 5.378.21 ლარის, მოსავლის, სხვა ქონების ზარალის ანაზღაურება 9.642.71 ლარის, სულ 15.021 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ „ ბ-ის კომპანიამ“ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადასტურების თაობაზე, სარჩელით მიმართა სასამართლოს და სხვა პირებთან ერთად მოპასუხედ დაასახელა გ. ა-ეც. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2004 წლის 21 აპრილის განჩინებით „ბ-ის კომპანიის“ განცხადება აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, დაკმაყოფილდა. გ. ა-ის განმარტებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, კომპანიამ მის ნაკვეთში შეიყვანა ტრაქტორები და ბულდოზერები, გადათხარა და გაანადგურა ნაკვეთი, რის შედეგად მიაყენა მატერიალური და მორალური ზიანი.

მოსარჩელემ შემდგომში დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა, 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობის გამო, ზიანის - 7.560 ლარის, 27 ძირი ექვსი, რვა და ათწლიანი მსხმოიარე კაკლის ნარგავების განადგურებით მიყენებული ზიანის - 55.200 ლარის, ორსართულიანი სახლის პროექტის ღირებულების - 3.054 ლარის, მიწის ნაკვეთში სამანქანო გზის მოწყობის ხარჯის - 2.000 ლარის, მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე გაწეული ხარჯის - 500 ლარის, ექსპერტთა მომსახურების ხარჯის - 186 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის - 100 ლარის, ასევე მორალური ზიანის - 50 000 ლარის, სულ 118.600 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი სამოსახლო მიწის ნაკვეთის, მასში არსებული ქონების საკომპენსაციო თანხისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე „ ბ-ის კომპანიას“ გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიწის ნაკვეთის დაკარგვით მიყენებული ზიანის - 5.378,21 ლარის ანაზღაურება, ასევე კაკლის ნერგების განადგურებით მიყენებული ზიანის სახით 40.800 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნები სახლის საპროექტო ხარჯის, მისასვლელი გზის მოხრეშვაზე გაწეული ხარჯის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ხარჯის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით „ ბ-ის კომპანიას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის ანაზღაურება 85 ლარის ოდენობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით „ ბ-ის კომპანიას“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1154 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „ ბ-ის კომპანიის“ წარმომადგენლებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით „ ბ-ის კომპანიის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა „ბ-ის კომპანიაზე“ სახელმწიფო ბაჟის - 1154 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა „ ბ-ის კომპანიამ“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში; აუცილებელი გზის კომპენსაციის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ა-ის სარჩელი აუცილებელი გზის კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და „ბ-ის კომპანიას“ გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5.378 ლარისა და 21 თეთრის გადახდა; კაკლის ნერგების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა “ ბ-ის კომპანიის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება გ. ა-ის სასარგებლოდ კაკლის ნერგების განადგურებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად “ ბ-ის კომპანიისთვის” 40.800 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი გ. ა-ის სასარგებლოდ “ ბ-ის კომპანიის” სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის – 85 ლარის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

გ. ა-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 და 426-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ა-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილისა და 11 ივნისის განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

გ. ა-ის განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილისა და 11 ივნისის განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი სამოსახლო მიწის ნაკვეთის, მასში არსებული ქონების საკომპენსაციო თანხისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე „ ბ-ის კომპანიას“ გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიწის ნაკვეთის დაკარგვით მიყენებული ზიანის - 5.378,21 ლარის ანაზღაურება, ასევე კაკლის ნერგების განადგურებით მიყენებული ზიანის სახით 40.800 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნები სახლის საპროექტო ხარჯის, მისასვლელი გზის მოხრეშვაზე გაწეული ხარჯის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ხარჯის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით „ ბ-ის კომპანიას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის ანაზღაურება 85 ლარის ოდენობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით „ ბ-ის კომპანიას“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1154 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით “ ბ-ის კომპანიის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა “ ბ-ის კომპანიაზე” სახელმწიფო ბაჟის – 1154 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით “ ბ-ის კომპანიის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილა; გაუქმდა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში; აუცილებელი გზის კომპენსაციის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ა-ის სარჩელი აუცილებელი გზის კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და “ ბ-ის კომპანიას” გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 378 ლარისა და 21 თეთრის გადახდა, კაკლის ნერგების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა “ ბ-ის კომპანიის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება გ. ა-ის სასარგებლოდ კაკლის ნერგების განადგურებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად “ ბ-ის კომპანიისთვის” 40.800 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი გ. ა-ის სასარგებლოდ “ ბ-ის კომპანიის” სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის – 85 ლარის დაკისრების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გ. ა-ის სარჩელის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებების გაუქმებას, ეს არ ცვლის განსჯადობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება არ არის საკასაციო სასამართლოს განსჯადი და შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან - თბილისის სააპელაციო სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებულ განსჯადობის წესების დაცვით განცხადების შეტანის მოთხოვნებს, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე, 429-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

განუხილველად იქნეს დატოვებული გ. ა-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილისა და 11 ივნისის განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.