Facebook Twitter

¹ა-2136-ა-26-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ,

მოსამართლე: რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ჩ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის სარჩელი მ. გ-ძის მიმართ მისთვის 30000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი თ. ჩ-ძე და მისი მეუღლე შოთა ქობულაძე; მ. გ-ძის წარმომადგენელ რ. ხ-აშის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა მითითებული გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. თ. ჩ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ჩ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება.

საქრთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ საქმეზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჩ-ძე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

2009 წლის 8 ოქტომბერს თ. ჩ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-427-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და ამ ნაწილში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს საკასაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება არ არის საკასაციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან იგი არ ეხება უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჩ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განსჯადობის წესების დაცვით განცხადების შეტანის მოთხოვნებს, რაც აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.