ა-2308-ა-27-09 1 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. რ.-ს (წარმომადგენელი უ. დ.-ი) განცხადების დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ე. რ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად. ე. რ.-მ (წარმომადგენელი უ. დ.-ი) განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ე. რ.-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა; განცხადების ავტორს ასევე დაევალა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და იმ გარემობებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
2009 წლის 30 ოქტომბერს ე. რ.-მ და მისმა წარმომადგენელმა უ. დ.-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ე. რ.-სა და მისი წარმომადგენლის უ. დ.-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ე. რ.-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ზემოთმითითებული ხარვეზების შევსება.
2009 წლის 16 ნოემბერს ე. რ.-ს წარმომადგენელმა უ. დ.-მა წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ საკასაციო პალატამ ე. რ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს არ გაითვალისწინა მისი (ე. რ.-ს) მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ გაანთავისუფლა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინარსსა და წინამძღვრებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალდებულებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში ე. რ.-მ და მისმა წარმომადგენელმა უ. დ.-მა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 429-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. რ.-ს განცხადება დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.