Facebook Twitter

საქმე №ა-2232-ა-28-09 30 ნოემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ ხ. დ-შვილის წარმომადგენელი მ. დ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ც-ური

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. დ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს გ. ც-ურის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.

გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ხ. დ-შვილსა და გ. ც-ურს შორის, 2006 წლის 30 ნოემბრიდან განმცხადებლის სადაზღვევო ანგარიშიდან _ №18 180675D 507 (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ობერფრანკენისა და მიტელფრანკენის საპენსიო დაზღვევა) მოპასუხე მხარეს ყოველთვიურად გადაერიცხა საპენსიო თანხა 63,02 ევროს ოდენობით ანგარიშზე №18 170276 თ029 (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის საპენსიო დაზღვევა).

გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ქორწინების ბათილად ცნობისა და საპენსიო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 13 აგვისტოდან.

ხ. დ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ხ. დ-შვილსა და გ. ც-ურს შორის.

2009 წლის 19 ოქტომბერს მ. დ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით და მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნო და აღსასრულებლად მიაქცია გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება. შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიეწოდა გერმანულენოვანი ორიგინალისა და ნოტარიუს მ.გ-ის მიერ დამოწმებული ქართული თარგმანის სახით. აღნიშნული თარგმანი შეასრულა თარჯიმანმა ი.მ-ძემ, თუმცა მხარისათვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილების თარგმანში დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, მხარეთა განქორწინების ნაცვლად მიეთითა, რომ ხ.დ-შვილისა და გ.ც-ურს შორის არსებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მ.დ-შვილმა წარმოადგინა გერმანული ენის თარჯიმან ირმა მ-ძის წერილობითი განმარტება 2009 წლის 4 აგვისტოს მის მიერ თარგმნილ გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებაში დაშვებული უზუსტობის თაობაზე, ასევე ამ გადაწყვეტილების ხელახალი თარგმანი ქართულ ენაზე სადაც ქორწინების ბათილად ცნობის ნაცვლად მითითებულია მხარეთა შორის განქორწინება, მხარემ დამატებით ასევე წარმოადგინა გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი შესრულებული თარჯიმან ნ.ჯ-ძის მიერ, სადაც ასევე მითითებულია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინების მხარეები ჩაითვალენ განქორწინებულად და იშუამდგომლა საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ო ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება მხარეთა შორის 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის ნაწილში და საქმის წარმოება განახლდეს. მოცემული განჩინებით ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ხ. დ-შვილისა და გ. ც-ურის განქორწინების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლი ადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მხარის განცხადების განხილვის წესს. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. ამავე კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნას განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, „კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ხ. დ-შვილსა და გ. ც-ურს შორის (ს.ფ.23-25), აღნიშნული განჩინების მიღების საფუძველი გახდა შუამდგომლობის ავტორის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გერმანულენოვანი ორიგინალი და ნოტარიუს მ.გ-ის მიერ დამოწმებული ამ გადაწყვეტილების ქართული თარგმანი შესრულებული თარჯიმან ი.მ-ძის მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილების (ქართული თარგმანის) სარეზოლუციო ნაწიში მითითებულია არა განქორწინება, არამედ ქორწინების ბათილად ცნობა (ს.ფ. 13) და საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

ხ.დ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლო 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განცხადების დასაბუთების მიზნით მ.დ-შვილმა წარმოადგინა გერმანული ენის თარჯიმან ი.მ-ძის ახსნა განმარტება, რომლის თანახმადაც 2009 წლის 4 აგვისტოს თარგმნილ და ნოტარიუს მ.გ-ის მიერ დამოწმებულ ხ.დ-შვილისა და გ.ც-ურის განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების თარგმანში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ არასწორად მიეთითა „1994 წლის 03 დეკემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №1678/1994) მხარეთა შორის ჩაითვალოს ბათილად”, რის ნაცვლადაც უნდა მითითებულიყო „1994 წლის 03 დეკემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა №1678/1994) მხარეები ჩაითვალონ განქორწინებულად” (ს.ფ.32).

ხ.დ-შვილმა ასევე წარმოადგინა თარჯიმან ი.მ-ძის მიერ შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ქართული თარგმანი, სადაც სარეზოლუციო ნაწილში ქორწინების ბათილად ცნობის ნაცვლად მითითებულია განქორწინების თაობაზე (ს.ფ.41). ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე დართულია, თარჯიმან ნ.ჯ-ძის მიერ შესრულებული, გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ქართული თარგმანი საიდანაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინების მხარეები _ ხ.დ-შვილი და გ.ც-ური განქორწინდნენ (ს.ფ.63).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შესახებაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების წესს, რომლის თანახმადაც საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის სასამართლო უნდა დაეყრდნოს მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს რომელთა ანალიზი უნდა მოხდეს ერთობლივი, სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლის საფუძველზე.

განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ.ც-ურსა და ხ.დ-შვილს შორის ქორწინების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში რომლითაც ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ხ.დ-შვილსა და გ.ც-ურს შორის ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე და უნდა განახლდეს საქმის წარმოება. ამავე განჩინებით ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 1994 წლის 3 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების მხარეების _ ხ.დ-შვილისა და გ.ც-ურის განქორწინების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილით, 431-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. დ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება, ხ. დ-შვილსა და გ. ც-ურს შორის 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ და განახლდეს საქმის წარმოება.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის, ქ.კობურგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ 1994 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1678/1994 ნომრით რეგისტრირებული მხარეები _ ხ. დ-შვილი და გ. ც-ური.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გოგიშვილი

მოსამართლეები: ნ. კვანტალიანი

ლ. ლაზარაშვილი