¹ა-633-07 13 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე, საქმეზე _ ნ. მ-ის სარჩელის გამო მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... სამინისტროს წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. მ-მEგანცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ. მითითებული განჩინებით ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განჩინება. განმცხადებელი ითხოვს აღნიშნულ განჩინებაში მითითებული შემდეგი საკითხების განმარტებას, კერძოდ, 1. როგორ მიიჩნია პალატამ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის ¹34 უსაფუძვლო ბრძანებით ე. კ-ი სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის შემადგენლობიდან სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში გადაყვანილად, როცა იგი სისხლის სამართლის სააპელაციო პალატაში ბრძანებით არ ყოფილა დანიშნული; 2. რამდენად საფუძვლიანია უკანონო ბრძანების კანონიერად მიჩნევის ფაქტი; 3. როგორ უნდა იქნეს გაგებული საკასაციო პალატის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა მოკლებულია აღნიშნული საკითხის განხილვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტების საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა დასწრების გარეშე.
მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ სახეზე იყოს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დასმული საკითხების განმარტება სცილდება გადაწყვეტილების სასამართლო წესით განმარტების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას არ უკავშირდება და არც მოცემული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება. განმცხადებელი ითხოვს განჩინების სამოტივაციო ნაწილში საკასაციო პალატის მიერ მითითებული მსჯელობის განმარტებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინების განმარტების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.