Facebook Twitter

ა-902-გან-2-07 4 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ .. ..” დირექტორის- გ. ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 4 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ, საქმეზე _ მ. დ-ის, ი. ქ-ის, გ. რ-ის, დ. ს-ის, ა. დ-ისა და გ. ს-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “ .. ..” წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს “.. ..” დირექტორმა გ. ფ-მEგანცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2003 წლის 4 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ. მითითებული განჩინებით შპს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინება. განმცხადებლის მითითებით, უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 4 აპრილის განჩინების (საქმე ¹3კ-1450-02) სამოტივაციო ნაწილის მე-4 აბზაცში აღნიშნულია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორების მიერ ჩატარებული სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მოძრავი ნივთი შეერწყა მოპასუხის უძრავ ქონებას. განმცხადებელმა გ. ფ-მ მოითხოვა იმის განმარტება, რომ მოძრავ ნივთში იგულისხმება კრედიტორების მიერ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დახარჯული ფული.

საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დასმული საკითხის განმარტება საკასაციო პალატის მიერ განჩინების განმარტების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცილდება, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას არ უკავშირდება და არც მოცემული განჩინების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება. განმცხადებელი ითხოვს განჩინების სამოტივაციო ნაწილში საკასაციო პალატის მიერ მითითებული მსჯელობის განმარტებას. აღნიშნული არ ემსახურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 4 აპრილის განჩინებით დამდგარი შედეგის აღსრულებას.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღსრულებას ექვემდებარება არა ის განჩინება, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, არამედ უშუალოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ დატოვა უცვლელად. ამიტომ გადაწყვეტილების განმარტებაზეც ის ორგანოა უფლებამოსილი, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 4 აპრილის განჩინების აღწერილობითი ნაწილიდან ირკვევა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, რომელმაც 2002 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 6516 ლარი დააკისრა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში კი სარჩელი არ დააკმაყოფილა; ნაწილობრივ დააკმაყოფილა ასევე შეგებებული სარჩელი, ბათილად ცნო 1999 წლის 12, 14 თებერვლისა და 12 ივლისის ხელშეკრულებები, ხოლო შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ჯერ თბილისის საოლქო სასამართლომ 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო შემდეგ - უზენაესმა სასამართლომ 2003 წლის 4 აპრილის განჩინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განმარტების საკითხზე მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება და თუ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილება განმატებას საჭიროებს, ეს საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. ..” დირექტორის – გ. ფ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 4 აპრილის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.