ა-1687-გან-4-07 8 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუნუ კვანტალიანი, მ. ცისკაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. მ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, საქმეზე _ ს. მ-ს სარჩელის გამო მოპასუხე სს “.. ..” მიმართ სარჩოს გადახდის თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2007 წლის 5 ოქტომბერს ს. მ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებით სს “.. ..” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “ .. ..” დაეკისრა ს. მ-ს სასარგებლოდ 2004 წლის 1 იანვრიდან 53 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე; სს “ .. ..” ს. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 3392 ლარის გადახდა.
განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული ფორმულირება წარმოადგენს დაბრკოლებას სააღსრულებო ბიუროსათვის და ისინი 54 ლარის ყოველთვიურად გადახდაზე უარს ამბობენ იმ საფუძვლით, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული სიტყვა “ყოველთვიურად”, მაშინ, როდესაც, ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია, რომ ს. მ-ს უფლება აქვს მოპასუხისაგან მოითხოვოს ყოველთვიური სარჩოს გადახდა.
საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ დასმული საკითხის განმარტება სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის აღსრულებას ემსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გათვალისწინებულ ფორმულირებაში _ სს “ .. ..” დაეკისროს ს.მ-ს სასარგებლოდ 2004 წლის 1 იანვრიდან 53 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე _ იგულისხმება, რომ აღნიშნული თანხა ს.მ-ს უნდა მიეცეს ყოველთვიურად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. მ-ს განცხადება დაკმაყოფილდეს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: “სს “ .. ..” დაეკისროს ს. მ-ს სასარგებლოდ 2004 წლის 1 იანვრიდან 53 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე” განიმარტოს იმგვარად, რომ სს “ .. ..” ს. მ-ს 2004 წლის პირველი იანვრიდან ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე უნდა გადაუხადოს 53 ლარი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.