Facebook Twitter

საქმე # 010100218700053049

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №63აპ-18 ქ. თბილისი

დ. დ, 63აპ-18 29 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დ. დ. - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

დ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 5 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენით დ. დ-ს მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ა. მ. 2011 წლის პერიოდში მუშაობდა საქართველოს სად №8 დაწესებულების დირექტორად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

დ. დ. 2010-2012 წლებში დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

2011 წლის 7 ივლისს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ე-ს” ფოტორეპორტიორი ზ. ქ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გ. ა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ი. გ. და მისი მეუღლე რედაქცია ,,პ. თ-ს” ფოტორეპორტიორი ნ. გ., რომლებიც მოათავსეს შსს თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დ. დ-მ გადაწყვიტა, დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.

დ. დ. 2011 წლის 7-8 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულველყოფით, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირდა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენიმეჯერ, ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს - ი. და ნ. გ-ებს, რომლებსაც აშანტაჟებდა შვილების მომავლით, ნ. გ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელებით და აიძულებდა წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენების მიცემას.

დ. დ-ს მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ი. და ნ. გ-ები იძულებულნი გახდნენ, ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გამოძიებისათვის მიეცათ ცრუ აღიარებითი ჩვენებები, რითაც შეილახა მათი პირადი ღირსება.

2011 წლის 9 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ზ. ქ-ს, გ. ა-სა და ი. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და ისინი მოთავსდნენ სასჯელაღსრულების №- დაწესებულებაში, ხოლო ნ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო.

ა. მ.მ მის მოადგილეს, ა. ჯ-ს და ციხის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ვ. ყ-ს დაავალა სამართალდამცავებისა და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზება, რის შედეგადაც დ. დ., სხვა სამართალდამცავებთან ერთად, პატიმართან შეხვედრის წესების უგულველყოფით, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ ფიქსირდებოდა რეგისტრაციის ჟურნალში, სასჯელაღსრულების №- დაწესებულებაში რამდენჯერმე შეხვდა ზ. ქ-ს, რომელსაც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულებდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემას.

ღამის საათებში, დ. დ-სა და სხვა სამართალდამცავების მხრიდან ციხეში განხორციელებული ვიზიტებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ზ. ქ-მ 2011 წლის 14 ივლისს გამოძიებას მისცა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მისი პირადი ღირსების შემლახავი წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება.

მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დ. დ-მ აღიარებით ჩვენებაზე დაიყოლია ი. გ., ნ. გ. და ზ. ქ., იგი 2011 წლის 15 ივლისს სად-ის №8 დაწესებულებაში, ღამის საათებში, ა. მ-ს მეშვეობით პატიმართან შეხვედრის წესების უგულველყოფით, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, შეხვდა გ. ა-ს. ბრალდებულთან შეხვედრისას ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში იყო”, ,,რაც უნდა იმას უზამდნენ”, საუბარში უხსენებდა შვილს.

დ. დ-ს მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გ. ა-მ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, რომლის შინაარსიც უნდა განესაზღვრა დ. დ-ს, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით აღიარებდა დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში. ამ მიზნით, დ. დ. თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გ. ა-ს შეთხზულ ჩვენებას, რაც მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა ამ უკანასკნელს.

2011 წლის 16 ივლისს დ. დ-ს მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გ. ა- მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეოგადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ხოლო თავის მხრივ, შეილახა გ. ა-ს პირადი ღირსება, როდესაც მან ჩვენებაში თავი, გამოაცხადა ჯაშუშური ქსელის მონაწილედ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. დ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ-მ. აპელანტებმა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში დაკავებულ ფოტორეპორტიორებს არაოფიციალურად ხვდებოდნენ კონტრადზვერვის თანამშრომლები, მათ შორის დ. დ., რომლებიც მათზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის შედეგადაც მათგან მოიპოვეს აღიარებითი ჩვენებები, რაც საფუძვლად დაედო ფოტოგრაფების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანას. მოწმეთა ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია ასევე შპს ,,მ-დან” მიღებული ინფორმაცია, რაც გამორიცხავს დ. დ-ს ჩვენებას, რომ სად-ის №- დაწესებულებაში ის არ ყოფილა და მხოლოდ და მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობასა და დაწესებულების წინ მიმდინარე აქციების ვიზუალურ მეთვალყურეობას. ის ფაქტი, რომ ა. მ. საშვის გარეშე და შესაბამის ჟურნალში რეგისტრაციის გარეშე ახვედრებდა დ. დ-სა და კონტრდაზვერვის სხვა თანამშრომლებს ფოტოგრაფებს, ასევე დადასტურებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციითაც, რომლის თანახმად, 2011 წლის 9-23 ივლისს გ. ა-სთან, ი. გ-სა და ზ. ქ-სთან ოფიციალურ შეხვედრებზე დასახელებულ პირებში დ. დ. არ ფიქსირდება.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის N97 ბრძანების თანახმად, დაწესებულების დირექტორი აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას მოსამსახურეთა დისციპლინური დასჯისა და წახალისების შესახებ, ანიჭებს დაწესებულების მოსამსახურეებს პირველად და მორიგ უმცროს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, წარმოადგენს დაწესებულებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. იმავე ბრძანების 50-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორის მოადგილე, დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, კი შესაძლებელია, კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი. 51-ე მუხლის თანახმად, კი დადგენილია დაწესებულებაში შესვლის წესი, რომლის მიხედვით, გუშაგი გამშვებ პუნქტზე გაატარებს: გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით; სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. ბრძანების 52-ე მუხლი ადგენს დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესს. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი, პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები, საქართველოს სახალხო დამცველი, მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ დ. დ-ს თანამდებობა 2011 წლის ივლისის მდგომარეობით არ წარმოადგენდა არცერთ ჩამოთვლილ პოზიციას, შესაბამისად, ერთი მხრივ მისი დაშვება, ხოლო მეორე მხრივ - მისი ვიზიტები, წარმოადგენდა კანონის უხეშ დარღვევას და დადგენილი წესის უგულებელყოფას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. დ-მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებით. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ძალადობაში იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური იძულება. დ. დ–მ სხვა პირებთან ერთად, სწორედ ფსიქიკური იძულებით მიაცემინა ზ. ქ.ს, გ. ა-ს, ი. და ნ. გ-ებს ჩვენებები. თითოეულმა დაზარალებულმა განმარტა, რომ მას კავშირი არ ჰქონდა არანაირ ჯაშუშურ სქემასთან, არ ჩაუდენია დანაშაული და მისი აღიარება იყო მასზე ფსიქიკური იძულების შედეგი.

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, იგულისხმება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ისეთი მოქმედება, რომელიც ამცირებს პირის ღირსებას, ისეთი ფორმით, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დადგენილ თანაცხოვრების წესს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ფოტოგრაფებს იძულებით აღიარებინეს საკუთრი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჯაშუშობის ჩადენა, რაც ცალსახად წარმოადგენს ღირსების შემლახავ მოქმედებას. პირადი ღირსების შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ასევე, დ. დ-ს მიერ ი. გ.-სათვის და ნ. გ-სათვის, ამ უკანასკნელის პიკანტური ფოტოს გასაჯაროების მუქარის დროსაც, ასევე, მაშინ როცა დ. დ-მა დროებითი მოთავსების იზოლატორისკენ წასვლისას ი. გ-ს აიძულა, კეფაზე დაეწყო ხელები და დაეჩოქა, დაცინვის შემდეგ კი გააგრძელებინეს გზა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, მსჯავრდებულის უდანაშაულობისა და დაზარალებულთა ჩვენებების არათანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მცირედი ცდომილება ჩვენებებში შესაძლოა გამოწვეული იყოს დროის ფაქტორით, ან/და თავისუფლებაშეზღუდული პირების ფსიქიკის ზოგადი აღქმით. თითოეული დაზარალებული ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს და პირდაპირ მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დანაშაული მოხდა ჩაკეტილ, მცირე წრისათვის თვალსაჩინო ადგილებში და ლოგიკურია, რომ მის შესახებ საზოგადოების მცირე ნაწილი ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას და ძირითად შემთხვევაში ინფორმაცია სწორედ დაზარალებულის მხრიდან ხდება ცნობილი.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა დ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა დ. დ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა, ვინაიდან მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს, სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, კერძოდ ის, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულს სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც დაეთანხმა და მიიჩნია, რომ დ. დ-სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე № 141აპ-16). გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული და მითითებული ყველა იმ მტკიცებულებასა და ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი