Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №676აპ-17 ქ. თბილისი

ზ-ი ზ., 676აპ-17 1 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის განაჩენით ზ. ზ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ზ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა და იგი დააპატიმრეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

2. აღნიშნული განაჩენით ზ. ზ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ზ. ზ-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 29 მარტს, დაახლოებით 07:25 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის …..სანაპიროზე, ზ. ზ-ი მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის სწორი სვლა, გადავიდა გზიდან და შეეჯახა ბორდიურს, შემდეგ კი - ტროტუარზე მდგარ ხეს. შეჯახების შედეგად ზ. ზ-ს მგზავრმა თ. კ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-მ. აპელანტმა ითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების გამოყენებით პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ. ზ-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზ. ზ-ს დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ზ. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 30 მარტიდან.

პირობითი მსჯავრდების პერიოდში მსჯავრდებულ ზ. ზ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 1 (ერთი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

ზ. ზ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი თავისუფლების აღკვეთის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და არა - ამავე მუხლის მე-5 ნაწილით; აღნიშნული მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ზ. ზ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა საჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ზ-მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელი გაენახევრებინა.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ, საბოლოო სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: ზ. ზ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა და გულწრფელად მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატას მისთვის შეფარდებული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

10. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი