Facebook Twitter

ა-884-გან-2-09 1 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. ქ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ...ის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ...ის საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 დეკემბრის ბრძანება მ.ქ-ძის გათავისუფლების თაობაზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლას დაეკისრა მ.ქ-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლას მ.ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა.

მ. ქ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივების მიზნით მისი განმარტება, ვინაიდან სკოლის დირექციამ აღადგინა რა იგი სამსახურში, სამუშაო საათების ის რაოდენობა არ მისცა, რაც მას სამუშაოდან დათხოვნამდე ჰქონდა, სააღსრულებო ბიურომ კი უარი განუცხადა გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მისი სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვნად მიიჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ზემოხსენებული ნორმა მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად მის იმგვარ განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება ობიექტურად საჭირო და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარე ან აღმასრულებელი დაასაბუთებს, რომ სხვაგვარად მისი შინაარსი შესაძლოა გაგებულ და აღსრულებულ იქნას არასწორად.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად, ამდენად, გადაწყვეტილების შინაარსის ბუნდოვნად მიჩნევისა თუ მისი აღსრულების გართულების კანონიერ საფუძველზე მ.ქ-ძეს თავის განცხადებაში არ მიუთითებია.

რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იგი სამუშაოზე პირვანდელი დატვირთვით არ აღდგენილა, აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების საფუძველს არ წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ქ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.