ა-1380-გან-3-09 2 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ბიურო, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ვ. გ-შვილი
განსამარტი გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი _ უცხო ქვეყნის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა აღსრულება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ს-ოვა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. შ-შვილთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი დ. დაბადებული 1987 წლის 7 ოქტომბერს. ო.ს-ოვა და ა.შ-შვილი განქორწინდნენ 1995 წელს.
ო. ს-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. შ-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი თავს არიდებდა მშობლის მოვალეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენაზე.
სტავროპოლის მხარის კიროვის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ა. შ-შვილს დაეკისრა ალიმენტის გადახდა მისი ყოველთვიური შემოსავლიდან 1\4 ნაწილის ოდენობით შვილის – 1987 წ. 7 ოქტომბერს დაბადებული დ-ს სასარგებლოდ მისი სრულწლოვანების მიღწევამდე.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ო. ს-ოვამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ო. ს-ოვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
სტავროპოლის მხარის კიროვის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ა. შ-შვილისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ, მისი ყოველთვიური შემოსავლიდან 1\4 ნაწილის ოდენობით შვილის – 1987 წლის 7 ოქტომბერს დაბადებული დ-ს სასარგებლოდ მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებარა აღსრულებას.
უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ასლი, უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
2009 წლის 2 ივნისს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს მითითებულ განჩინებაზე მოთხოვნისამებრ გაეგზავნა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რაზედაც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ. გ-შვილმა უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის განჩინების განმარტების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ა. შ-შვილის შვილი დ. დაბადებული 1987 წლის 7 ოქტომბერს, დღეის მდგომარეობით არის 21 წლის (სრულწლოვანი) და ალიმენტის მოთხოვნის ვადა ხანდაზმულია თუ არა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ. გ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება უნდა მოხდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად, იგი მაქსიმალურად გასაგები და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება ობიექტურად საჭირო და დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარე ან აღმასრულებელი დაასაბუთებს, რომ სხვაგვარად მისი შინაარსი შესაძლოა გაგებულ და შესაბამისად აღსრულებულ იქნას არასწორად.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით. ამასთან, გადაწყვეტილების შინაარსის ბუნდოვნად მიჩნევისა და აქედან გამომდინარე მისი აღსრულების გართულების საფუძვლებზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ. გ-შვილს წარმოდგენილ განცხადებაში არ მიუთითებია. რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს, რომ ა. შ-შვილის შვილი დ. დღეის მდგომარეობით არის 21 წლის (სრულწლოვანი) და ხანდაზმულია თუ არა ალიმენტის მოთხოვნის ვადა, ეს საკითხი საკასაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად გადაწყვეტილების განმარტების საფუძველს არ წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ვ. გ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.