Facebook Twitter

¹ა-2062-გან-4-09 15 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ო. კ-იკოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. კ-იკოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. კ-იკოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ჯ-ავას და გ. ც-იას _ მცხოვრები ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში, ჩამოერთვათ ბავშვი _ მ. ც-ია, დაბადებული 1997 წლის 15 იანვარს, ხობის რაიონში, სარეგისტრაციო ადგილი ხობის რაიონის სოფელი პატარა ფოთი და გადაეცა ბიოლოგიურ დედას _ ა. კ-იკოს, დაბადებულს 1974 წლის 8 იანვარს, უკრაინის მოქალაქე, რეგისტრირებულს შემდეგ მისამართზე: უკრაინა, დონეცკის ოლქი, სოფელი ლუკოვო, შესაბამისი ცვლილებები შევიდა მ. ც-იას დაბადების სააქტო ჩანაწერში.

2009 წლის 2 ოქტომბერს ო. კ-იკომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტება.

განმცხადებელის განმარტებით, ბუნდოვანია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ბავშვის მოვალეებზე ჩამორთმევის საკითხი. კერძოდ, სასამართლოს განმარტებას საჭიროებს თუ რა იგულისხმებოდა გადაწყვეტილებაში: ის, რომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოქცევის დროს ბავშვი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოვალეებს და დედაზე _ ო. კ-იკოზე გადმოცემამდე უნდა მოთავსდეს ბავშვთა სახლში, თუ ის, რომ მანამ, სანამ ბავშვი არ იქნება მომზადებული შესაბამისი სპეციალისტების მიერ, უნდა იმყოფებოდეს მოვალეებთან.

განმცხადებილის მოსაზრებით გადაწყვეტილების განმარტება ხელს შეუწყობს და შესაძლებელს გახდის მის აღსრულებას.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი ვერ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზულიციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი ნათლად და გარკვევით არ არის ჩამოყალიბებული ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მისი განმარტება იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ განმარტების სახით არ მოხდეს გადაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლა, ამასთან, დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტებით ახალი გადაწყვეტილების მიღება ან ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება ნათლად და გარკვევით არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს და იგი არ საჭიროებს განმარტებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. კ-იკოს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება სააბოლოოა და არ გასაჩივრდება.